სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიმართლე "სიკვდილის მატჩის" შესახებ

ასე მონათლეს საფეხბურთო მატჩი, რომელიც გერმანელების მიერ ოკუპირებულ კიევში გაიმართა 1942 წლის ზაფხულში. ლეგენდის თანახმად ერთმანეთს შეხვდნენ კიევის „დინამოსა და გერმანიის ბუნდესვერის „ლიუფტვაფე“-ს გუნდები, რომელსაც თვით გერინგი მფარველობდა. იმის გამო, რომ საბჭოთა ფეხბურთელები მატჩის წაგებას არ დათანხმდნენ და გაიმარჯვეს ანგარიშით 5:3, საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს და დახვრიტეს. საბჭოთა პრესის მტკიცებით, ისინი სიკვდილს ისე შეხვდნენ, როგორც ყველა გმირი: „ზა როდინუ, ზა სტალინუ“-თი.

თვითონ მატჩი ენით აუწერელ პირობებში ჩატარდა, გესტაპოელები მინდორს გარს შემოერტყნენ ძაღლებით, მიდიოდა საბჭოთა ფეხბურთელების ჩეხვა,გერმანელი მსაჯი მხოლოდ გერმანელების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა, მინდვრის ახლოს განმარტოებულ საბჭოთა ფეხბურთელს კონდახს ურტყამდნენ და ათასი სხვა უბედურება, რომელმაც, როგორც წერდნენ, „საბჭოთა სული“ ვერ გატეხა და მატჩი გამარჯვებით დააგვირგვინა.

ამ თემაზე საბჭოთა პერიოდიკაში ბევრი დაიწერა, განოვიდა სევერინისა და სალემსკის წიგნი „უკანასკნელი ბრძოლა“, ალექსანდრე ბორსაგოვსკიმ გამოაქვეყნა კინომოთხრობა „სიკვდილის მატჩი“ და შემდეგ წიგნი „საგანგაშო ღრუბლები“, გადაღებული იქნა მხატვრული ფილმი „მესამე ტაიმი“

1964 წელს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მედლით „ზა ოტვაგუ“სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდნენ მატჩის მონაწილე ნიკოლოზ ტრუსევიჩი, ალექსანდრე კლიმენკო, ივან კუზმენკო და ნიკოლაი კოროტკიხი. 6 მონაწილეს გადაეცა მედლები „საბრძოლო დამსახურებისათვის“, აქედან ერთერთმა დაჯილდოებულმა მიხეილ პუტისტინმა უარი თქვა ჯილდოს მიღებაზე. დაჯილდოებულთა შორის არ იყვნენ მატჩის დანარჩენი მონაწილეები.

ეს ნაწარმოები ძალიან ახალგაზრდამ წავიკითხე, მერე ვნახე ფილმიც. წაკითხულმა და ნანახმა შემძრა.როდესაც ღირებულების გადაფასებები დაიწყო, გადავწყვიტე მომეძია მასალები ამ თემასთან დაკავშირებით. ჩნდებოდა კითხვები: რატომ დახვრიტეს 4 ფეხბურთელი, მაშინ როდესაც ფეხბურთი გუნდური თამაშია და ყველა მონაწილე თანაბრად იღებს შედეგზე პასუხისმგებლობას. თუ რომელიმე ფეხბურთელი კომპრომისზე წავიდა, შეეძლო ავტოგოლიც გაეტანა.

საეჭვო ხდებოდა ერთი ფაქტიც, 1966 წელს „იუნოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთმანეთს „სიკვდილის მატჩში შეხვდნენ კიევის „სტარტი“ და გერმანიის „ლიუფტვაფე“.აქ „დინამოს“ ხსენება არ იყო. ამ თემამ უკრაინაშიც დაბნეულობა გამოიწვია და ბევრი უკვე ამრეზით უყურებს მონუმენტს, რომელიც ამ ფაქტის აღსანიშნავად იქნა აღმართული „სტარტის“ სტადიონზე. არსებობს ამ მატჩის მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრებისა და მატჩის თვითმხილველთა მოგონებები.

გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ კიეველი ფეხბურთელები კლიმენკო, ტრუსევიჩი, კუზმენკო, კომაროვი და პუტისტინი ჩარიცხულნი იქნენ კიევის დაცვის საავიაციო ბატალიონში, ზოგი დინამოელი ევაკუირებული იქნა, ზოგიც კიევის დაკავების შემდეგ გაიქცა. ქალაქში რჩებოდნენ დინამოელთა ახალწვეულები კარპატებიდან, რომლებსაც საბჭოთა წყობა არ ენდობოდა(დასავლეთ უკრაინა ახალი შემოერთებული იყო). მათ არ იცოდნენ სად წასულიყვნენ და სტადიონის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. როცა მტერი კიევს მიუახლოვდა, დასხეს ბარჟაზე და დნეპროპეტროვსკში გადაიყვანეს. იქიდან მათ დასავლეთში წასვლა მოახერხეს.

კიევის აღების შემდეგ სამხედროში გაწვეული ფეხბურთელები ტყვედ ჩავარდნენ. გერმანელებმა ისინი შეიწყალეს და დართეს ქალაქში ცხოვრების უფლება. კიევში ცხოვრება თანდათან კლაპოტში დგებოდა, გაიხსნა ოპერა, კინოთეატრები, ეწყობოდა კონცერტები.თანდათან ჩნდებოდა მოთხოვნა სპორტულ შეჯიბრებებზე. ასე გაჩნდნენ სტიქიურად შექმნილი საფეხბურთო გუნდები. პურის ქარხნის დირექტორი გახლდათ მორავიელი ჩეხი იოსიფ კორდიკი, რომელსაც გერმანელები ენდობოდნენ.

ერთხელ მან ბაზრობაზე ნახა ტრუსევიჩი, რომელიც თვითნაკეთ სანთებელებს ყიდდა და შესთავაზა პურის ქარხანაში გადასვლა. ტრუსევიჩი დასთანხმდა და მალე მისი დახმარებით კიდევ რვა ფეხბურთელმა დაიწყო ქარხანაში მუშაობა. კორდიკმა გადაწყვიტა საფეხბურთო გუნდის გაკეთება და ქალაქის სპორტის სამმართველოს მიაკითხა. ასე გაჩნდა გუნდი „სტარტი“ გუნდში კიევის „დინამოდან“ სამი ფეხბურთელი ირიცხებოდა, ტრუსევიჩი, კლიმენკო და კომაროვი, ორი დუბლებიდან იყო თამაშობდნენ აგრეთვე ფეხბურთიდან წასული ფეხბურთელები, კიევის სხვა გუნდების ფეხბურთელები, პუტისტინი საერთოდ მწვრთნელი იყო.

ამავდროულად, კიევში უკრაინელმა ნაციონალისტებმა ჩამოაყალიბეს გუნდი „რუხი“, რომლის მთავარი მწვრთნელიც შვეცოვი იყო. გერმანელებმა შექმნეს რამოდენიმე გუნდი სხვადასხვა ბატალიონებში და ჩემპიონატიც დაიწყო.

რადგანაც „სტარტში“ყველაზე მეტი ყოფილი ფეხბურთელი იყო, ის იოლად უმკლავდებოდა არაპროფესიონალ გუნდებს, სადაც ბევრგან ბრძოლით დაღლილი ფეხბურთელი თამაშობდა. „სტარტმა“ პირველ მატჩში დაამარცხა „რუხი“7:2, უნგრული გარნიზონის გუნდი 6:2; გერმანიის არტილერისტული ნაწილის გუნდი 7:1; „სპორტი“(სპორტული საზოგადოების გუნდი) 8:2, გერმანელ რკინიგზელთა გუნდი 6:0 და სხვები. ყველა თამაში იმსაჯა გერმანელმა ობერ-ლეიტენანტმა ერვინმა, რომელიც ობიექტურობით გამოირჩეოდა.

ამის შემდეგ „სტარტი“ 6 აგვისტოს შეხვდა გუნდ „ფლაკელფს“-ეს იყო გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის კიევის ნაწილის გუნდი და არანაირ „ლიუფტვაფეს“ მატჩი „სტარტმა“ მოიგო ანგარიშით 5:1 და გადაწყდა სამი დღის შემდეგ გამართულიყო მატჩ-რევანში, რომელსაც შემდგომ „სიკვდილის მატჩი“ ეწოდა.

გერმანელებმა გუნდი რამდენიმე ფეხბურთელით გააძლიერეს. მისალმებაზე „ჰაილ!“ კიეველებმა „ფისკულტ პრივეტით“ უპასუხეს და მატჩიც დაიწყო. პირველი გოლი გერმანელებმა გაიტანეს, ამის შემდეგ პირველ ტაიმში კუზმენკომ და მარჩენკომ (2) გოლები გაიტანეს და 3:1-ზე დასცილდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ დაიღალნენ, პროფესიონალიზმმა თავისი ქნა და მატჩი კიეველთა გამარჯვებით 5:3 დამთავრდა. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მსაჯთან ერთად სურათი გადაიღეს და ერთმანეთს დასცილდნენ.

კიეველები გასახდელში შევიდნენ. მათთან ერთი გულშემატკივარი მივიდა და სამოგონი მიუტანა. ფეხბურთელებმა გამარჯვებისა შესვეს. ამ გულშემატკივარმა გუნდი სახლში დაპატიჟა და მათაც იქ გადაინაცვლეს. დიდხანს ისხდნენ, ბევრი დალიეს, ილაპარაკეს და წამოვიდნენ, გზაში კინოთეატრ „უდარნიკთან“ კლიმენკო პოლიციელს აუხირდა, მანაც პერანგზე მოქაჩა, მაგრამ კლიმენკო გაექცა. გერმანელს არ უსვრია.

ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და „სტარტმა“ „რუხი“ 8:0 გაანადგურა.(როგორც ვხედავთ, მატჩიდან არავინ წაუყვანიათ და მესამე დღეს არავინ დაუხვრეტიათ). რა დღეში იქნებოდა რუხის მწვრთნელი შვეცოვი, ადვილი წარმოსადგენია. 2 დღის შემდეგ პურის ქარხანაში 9 ფეხბურთელი დააპატიმრეს. საჩივარში მითითებული იყო, რომ სტარტის ფეხბურთელები ყოფილი დინამოელები საბჭოთა ოფიცრები იყვნენ და საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ შემოგზავნილები სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ.

„დინამო“ ნკვდ-ს გუნდი იყო და ფეხბურთელებსაც, შესაბამისად, ოფიცრის წოდებები ჰქონდათ. არსებობს სხვადასხვა ვერსია თუ ვინ დააბეზღა ფეხბურთელები. ერთი ვერსიით ეს „რუხის“ განაწყენებულმა მწვრთნელმა შვეცოვმა გააკეთა(იგი საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს), მეორე ვერსიით ისინი დააბეზღა უკრაინის ჩემპიონმა ცურვაში გიურგი ვიაჩკისმა, რომელმაც „რკინის ჯვარი“ მიიღო და შემდგომ გერმანელებთან ერთად გაიქცა.

პირველი დაიღუპა კოროტკიხი, მას ნკვდ-ს მაიორის წოდება ჰქონდა და სურათი აღმოუჩინეს. იგი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო დატოვებული კიევში. ივანოვი, რომელიც პარტიის წევრი იყო დაკითხვის დროს გარდაიცვალა. ბალაკინი საერთოდ გამოუშვეს. 6 ფეხბურთელი გესტაპოს კამერებში ჰყავდათ და შემდეგ გადაიყვანეს კიევთან მდებარე სერეცკის საკონცენტრაციო ბანაკში. იქ პუტისტინი ელექტრომონტიორად მუშაობდა, ტიუტჩევი და კომაროვი მისი თანაშემწეები იყვნენ, ტრუსევიჩი, კლიმენკო და კუზმენკო გამსვლელ ბრიგადებში იყვნენ, შემდეგ მათ ტიუტჩევიც შეუერთდა. გამსვლელი ბრიგადები მუშაობდნენ პურის ქარხანაში, ხორცკომბინატში და სხვადასხვა დაწესებულებებში. როგორც ჩანს, ყველა საკონცენტრაციო ბანაკი ერთნაირი არ იყო. ახლობლებს ჰქონდათ მათი ბანაკში მონახულების უფლება.

პუტისტინის ვაჟი იგონებს, რომ ის და დედა რამოდენიმეჯერ იყვნენ მამის სანახავად. პატიმრებს ჩუმად გამოჰქონდათ ქარხნებიდან პური, ძეხვი და იატაკის ქვეშ ინახავდნენ. ერთხელაც დათვალიერებაზე გესტაპოელი ძაღლით შემოვიდა. ძაღლმა კალბასის სუნი აიღო, მიაგნო, მოიტაცა და გაიქცა. ერთმა ახალგაზრდა პატიმარმა სომეხმა ვერ მოითმინა და ძაღლს გარეთ გაჰყვა. გესტაპოელიც გაეკიდა, მან დაიჭირა სომეხი და ცემა დაუწყო. პატიმრები გარეთ გამოცვივდნენ, გესტაპოელმა გაისროლა. მოცვივდნენ გერმანელები, მათ ჩათვალეს რომ ბუნტი იყო (თანაც ბოლო დროს ისინი აგრესიულები გახდნენ, რადგანაც ომის სასწორი მათ სასარგებლოდ აღარ იხრებოდა), უბრძანეს პატიმრებს, რომ იატაკზე პირქვე დაწოლილიყვნენ და გადაწყვიტეს ორ კაცში ერთი(პირველი) დაეხვრიტათ. ასე დახვრიტეს კუზმენკო და კლიმენკო, ტრუსევიჩს არ ერგო დახვრეტა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და მაღლა წამოსწია. გერმანელებმა ესროლეს. ტიუჩევი გადარჩა. შემდგომში ყველა პატიმარმა ბანაკიდან გაქცევა მოახერხა.

ფეხბურთელებიდან, რომლებიც ე.წ. „სიკვდილის მატჩში“ მონაწილეობდნენ ტიმოფეევი და გუნდარევი პოლიციაში მსახურობდნენ, ისინი შემდგომ გადაასახლეს, კომაროვმა გერმანიაში გაქცევა მოახერხა და კანადაში გარდაიცვალა 70-იან წლებში.

როგორც ვნახეთ არანაირი სიკვდილის მატჩი არ გამართულა, კითხვაზე იყო თუ არა სტადიონი შემორტყმული გესტაპოელებით და ძაღლებით, პუტისტინის ვაჟი, რომელიც ამ მატჩს ესწრებოდა პასუხობს:

„რა სისულელეა?! არაფერი მსგავსი, გერმანელები არ იყვნენ მაშინ წარუმატებლობით გაღიზიანებულები, ისინი ფიქრობდნენ რომ ომს მალე დაამთავრებდნენ. ქალაქში შემოიღეს წესრიგი, ჰქონდათ ძლიერი და მარჯვე ადამიანის კულტი და სპორტსმენებს პატივს სცემდნენ. მამა ყვებოდა, რომ ბანაკშიც კი პატივისცემით ექცეოდნენ მას“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100