სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შემცირებული ეკონომიკური აქტივობის პირობებში, მეწარმეებისთვის ახალი რეგულაციის დაწესება ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთია“

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს არაალკოჰოლური სასმელების

სავალდებულო მარკირების გადადება სთხოვა. როგორც ცნობილია სავალდებულო მარკირება ძალაში 1 სექტემბრიდან უნდა შესულიყო. პრემიერის გადაწყვეტილების მიუხედავად, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები სავალდებულო მარკირებას აპროტესტებენ და უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

„არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია. იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს და პრეცედენტი არ აქვს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში“, - აცხადებენ მეწარმეები.

შემცირებული ეკონომიკური აქტივობის პირობებში, მეწარმეებისთვის ახალი რეგულაციის დაწესებას ბიზნესის ტვირთად აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე. როგორც კალანდაძე აღნიშნავს, ბიზნესს დღეს საქართველოში ბევრი გამოწვევა აქვს, რაც უმეტესად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შემცირებულ ექსპორტს უკავშირდება.

„შემცირებული ეკონომიკური აქტიოვბის პირობებში ეს იქნება მნიშვნელოვანი ტვირთი ბიზნესისთვის. ნებისმიერი მსგავსი ტვირთი, მოსაკრებლი ან რეგულაცია, სახელმწიფომ არ უნდა დაუწესოს ბიზნესს ამ პრობლემურ პერიოდში. აღნიშნული ძალიან ფაქიზად და მხოლოდ ანალიზის, კვლევის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

ჩვენ გვაქვს გამოწვევა მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ექსპორტის შემცირების კუთხით. ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მნიშვნელოვნად აქვთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს შემცირებული პროდუქციის მოხმარება და ეს აისახება მწარმოებლურ სექტორზე“, - აცხადებს კალანდაძე.

ექსპერტის აზრით, საკითხვის განხილვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური დიალოგის გზით უნდა წარიმართოს. მისივე თქმით, პრემიერის განცხადებაც, სავალდებულო მარკირების გადავადებაზე, აღნიშნულს ემსახურება.

„დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის ბიზნესთან აქტიურ დიალოგში უნდა განიხილონ. პრემიერის განცხადებაც გადავადებაზე ასე აღვიქვი, რომ უნდა დაიწყოს დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესსს შორის, პრაგმატული გადაწყვეტილების მისაღებად. ყველა რისკ-ფაქტორი და შესაძლო გართულება წინასწარ უნდა იქნას დატესტილი. არც მთავრობა და არც პრემიერი არაა დაინტერესებული, რომ ბიზნესს პრობლემა შეექმნას წარმოების შემცირების კუთხით, რადგან ამით ბიუჯეტს შეუმცირდება შემოსავალი, დასაქმებულების რაოდენობა კი შემცირდება.

ხელისფლებამ უნდა დაიწყოს ბიზნესთან აქტიური დიალოგი. თუ აქტიურ დიალოგში გადავა პროცესი, დარწმუნებული ვარ რომ ორივე მხარე მიაღწევს შეთანხმებას.

ფინანსური თვალსაზრისით საკითხი გრძელვადიან პერიოდში უნდა იყოს დანახული და არა მხოლოდ 2015–2016 წლებზე გათვლილი.

ჩვენ ხელისუფლებას აქვს გარკვეული შეცდომები დაშვებული, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკაში, მაგრამ კარგია რომ აღიარება შეგვიძლია. თუ ეს გადაწყვეტილება საზიანო იქნება ბიზნესისთვის, დარწმუნებული ვარ რომ მიღებული იქნება რაციონალური გადაწყვეტილება“, - აცხადებს ექსპერტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100