სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო კანის 69-ე კინოფესტივალზე (11-22 მაისი, 2016)

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეცხრედ იქნება წარმოდგენილი (#105, Village International Riviera).
პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი - თამარ ტატიშვილი. ასევე, დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე და პროექტების მენეჯერი - ნინო შერვაშიძე.
კანის ფესტივალზე წელს საქართველო არაერთ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი.
დიდი წარმატებაა, რომ სექციაში Directors' Fortnight მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა", რომლის მსოფლიო პრემიერაც სწორედ ფრანგულ რივიერაზე გაიმართება.ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კანის კინოფესტივალი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის - დეა კულუმბეგაშვილის ნამუშევრით ინტერესდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ფილმი "უხილავი სივრცეები" მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის კინობაზრობაზე "მსოფლიო პავილიონში” Cinema du Monde თინათინ ყაჯრიშვილის პროექტი "მოქალაქე წმინდანი" მიიღებს მონაწილეობას. Cinema du Monde არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს განავითარონ პროექტები, მოიძიონ ევროპელი კოპროდიუსერები, შეხვდნენ დისტრიბუტორებს. წინა წლებში ამავე პავილიონში მონაწილეობადა არაერთი ქართული პროექტი, რომელიც შემდგომ წარმატებულ ფილმებად იქცა.
სცენარის განვითარების პროგრამისთვის Script Eeast შერჩეულია რუსუდან ჭყონიას პროექტი "ვენეცია". პროექტის პრეზენტაცია კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კანის კინოფესტივალის ფარგლებში მოხდება.
საქართველოს პროდიუსერთა საერთაშორისო პლატფორმაზე PRODUCERS ON THE MOVE ქართველი პროდიუსერი ნინო დევდარიანი წარადგენს. პლატფორმას European Film Promotion (EFP) წარმოადგენს. იგი კანის ფესტივალის პერიოდში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ რეჟისორებს, გაყიდვების აგენტებს, ფონდების და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.
2016 წლის ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მსოფლიო კინოინდუსტრიისთვის წარდგენა სწორედ კანის კინოფესტივალზე მოხდება (15 მაისი, 13 საათი, Harbour of Cannes ). Cash Rebate - ანუ ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემაზე პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახსნის.
პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და მალე საერთაშორისო მასშტაბით დიდ კინომწარმოებლებს უმასპინძლოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100