შოთა მალაშხია: კომუნიზმიც ისევე უნდა გასამართლდეს, როგორც ფაშიზმი
პროექტ "ოკუპაციის" ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ახალი დოკუმენტური ფილმის – "თავისუფლების საფასურის" პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლას ასახავს.
როგორც ფილმის წარდგენისას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცხადა, "თავისუფლების საფასური" იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ ერევა რუსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში".
"იმას, რაც 1990–იან წლებში ბაქოში მოხდა, გამართლება არ აქვს. საბჭოთა ჯარებმა ქალაქის ქუჩებში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, თუმცა აზერბაიჯანელი ხალხის ნება ვერ გატეხეს და ეს ქვეყანა ბოლოს და ბოლოს თავისუფალი გახდა" – განაცხადა მალაშხიამ.
მისივე თქმით, "საბჭოთა ოკუპაციის შედეგები ფაშისტურ ოკუპაციაზე გაცილებით მძიმეა და კომუნიზმიც ისევე უნდა გასამართლდეს, როგორც ფაშიზმი".
საბჭოთა სისტემის ვანდალიზმს ნათლად ასახავენ ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში, უნგრეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ჩეხოსლოვაკიაში შექმნილი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც პროექტ "ოკუპაციის" ფარგლებშია მომზადებული.
პარლამენტში ფილმ "თავისუფლების საფასურის" პრეზენტაციას დეპუტატებთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საზოგადოებას ფილმის ნახვის საშუალება დღეს, 21:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ექნება.
კომენტარი