Associated Press ინტერვიუ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს დასავლურ კურსს და იძლევა პირობას, რომ შემოდგომაზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
Associated Press-თან ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა) მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია.
„ქართველი ხალხი ერთხმად ადასტურებს თავის პროდასავლურ, პროევროპულ ნებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ინტერვიუს დროს.
ვაშინგტონის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კვირიკაშვილის შეხვედრები ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ასევე საქართველოს (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა), როგორც ბიზნესისა და ინვესტიციების რეგიონალური ცენტრის, ცნობადობის ამაღლებისკენ გამიზნული კამპანიის ჩატარება.
კვირიკაშვილი ახლო მოკავშირეა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის. ივანიშვილმა თავისი ქონება დააგროვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საბანკო, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და ლითონების სექტორებში საქმიანობის დროს. მისმა პარტიამ კი 2012 წელს შეცვალა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა. კვირიკაშვილის თქმით, მომავალი არჩევნები იქნება „ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი“ საქართველოს ისტორიაში.
ახალმა მთავრობამ გააგრძელა რეფორმები დასავლეთში ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გააფორმა მნიშვნელოვანი სავაჭრო და პოლიტიკური ხელშეკრულებები ბრიუსელთან და ცდილობს რეალობად აქციოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებული მისწრაფებები. მეორე მხრივ, მთავრობა ასევე ცდილობს მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და დაძაბულობის შემცირებას, რომელიც წარმოიქმნა 2008 წელს რუსეთთან ხუთდღიანი ომისა და საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ რუსეთთან, როგორც ჩვენს მეზობელთან, ურთიერთობების ნორმალიზაციას, მაგრამ ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული არჩევანის ხარჯზე, - განაცხადა კვირიკაშვილმა, - „ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია პროევროპელობა“.
კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ოქტომბერში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის დროსაც ქართული ოცნების პარტიას მოუწევს, რეიტინგის კლების ფონზე, სააკაშვილის მომხრეებსა და სხვა პარტიებთან ბრძოლა. თავად სააკაშვილმა, რომელსაც წაუყენეს ბრალი კორუფციაში, დატოვა საქართველო და დღეს არის უკრაინის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი.
„ჩვენი მიზანია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“, - აცხადებს კვირიკაშვილი.
კვირიკაშვილი ცდილობს უარყოს ივანიშვილის (ჩრდილში ყოფნის მოყვარული მილიარდერი, რომელიც ერთი წელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წელს გადადგომამდე) წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა, თითქოს ის კულისებიდან მართავს ამ სამხრეთკავკასიურ ქვეყანას.
კვირიკაშვილის თქმით, „ივანიშვილი არის ქართული ოცნების პარტიის დამფუძნებელი. ის მნიშვნელოვანი პიროვნებაა, თუმცა მთავარი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მთავრობა აბსოლუტურად დამოუკიდებელია“.
ივანიშვილის სახელი ფიგურირებს ე.წ. პანამის დოკუმენტების სენსაციურ საქმეში, რომლის ფარგლებშიც ამოტივტივდა მილიონობით დოკუმენტი დეტალური ინფორმაციით ცალკე პირებისა და კომპანიების ოფშორული ანგარიშების შესახებ. გამოძიების მიხედვით, ივანიშვილს ეკუთვნოდა კომპანია ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, თუმცა არ არის ცნობილი, რას აკეთებდა ეს კომპანია.
კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას სჭირდება დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხის გასარკვევად.
„ბატონი ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს თავისი ბიზნესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და გამჭვირვალობის მოთხოვნების დაცვას“, - აცხადებს კვირიკაშვილი.
კომენტარი