სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მის საქართველო-2011“ რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა

„მის საქართველოს“ კონკურსს თანმდევი სკანდალები არ შორდება. „კურიერის“ ინფორმაციით, ნასამართლევ და განათხოვარ „მის საქართველოსთან“ ერთად, საქართველოს პირველ ლამაზმანად წელს რუსეთის მოქალაქე აირჩიეს. ეს სკანდალი დღეს „კურიერის“ ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

19 წლის ჟანეტ ქერდიყოშვილი საქართველოდან წლების წინ წავიდა და ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. „მის საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობა ის არის, რომ კონკურსის მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და არ უნდა იყოს გათხოვილი ან განათხოვარი. „კურიერის“ კითხვაზე დღეს ქართვულმა შესაბამისმა სტრუქტურებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ 19 წლის საქართველოს მოქალაქეებს შორის ჟანეტა ქერდიყოშვილი არ ირიცხება.

კონკურსის ჟიურის მონაწილეები ხელს „იმიჯ-ცენტრისკენ“ იშვერენ, „კურიერის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში კი „იმიჯ-ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ია კიწმარიშვილმა კითხვას „მის საქართველოს“ მოქალაქეობის შესახებ თავი აარიდა და გაიკვირვა, რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი ამ თემით დღეს, როცა კონკურსის ჩატარების დღეს მსგავსი კითხვა არ დასმულა.

თავად 19 წლის ჟანეტა ქერდოყიშვილი რუსულ ენაზე ამბობს (ქართულად გამართულად ვერ საუბრობს), რომ როცა გაიგო "მის საქართველოს" კონკურსის შესახებ, როგორც ქართველმა, მასში მონაწილეობა გადაწყვიტა.

ამავე დროს, შეუძლებელია, კონკურსის ორგანიზატორებს არ სცოდნოდათ, რომ ჟანეტა რუსეთის მოქალაქეა. „კურიერთან“ საუბარში კონკურსის სხვა მონაწილეებმა მიუთითეს, რომ სპეციალური ქსეროასლი წარადგინეს, რითაც დასტურდება, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათივე თქმით, მონაწილის ანკეტაში ამასთან დაკავშირებით სპეციალური გრაფაც იყო შესავსები.

რა ჩაწერა 19 წლის ჟანეტამ მოქალაქეობის გრაფაში, ჯერ გაურკვეველია. მაგრამ გარკვეულია, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში მან ვიზის მისაღებად („მის საქართველო-2011“ ლონდონში უნდა გამგზავრებულიყო) საქართველოს მოქალაქის ვადაგასული და გაუქმებული პასპორტი წარადგინა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა იგი ვიზას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟანეტა ქერდიყოშვილი რუსეთის მოქალაქეა, მას სტატუსი ჩამოერთმევა და „მის სამყაროს“ კონკურსში ჩვენს ქვეყანას ვიცე-მის საქართველო, მაგრამ ნამდვილად საქართველოს მოქალაქე, სალომე ხომერიკი წარმოადგენს.

რაც შეეხება ჟანეტა ქერდიყოშვილს, მას კიდევ უფრო სკანდალური ინფორმაცია ამოუქექეს: „კურიერმა“ ქერდოყიშვილების ოჯახის თბილისელი მეზობლები ჩაწერა, რომლებმაც თქვეს, რომ ჟანეტა გათხოვილი იყო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100