სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ვაკანსია გამოცხადდა

დღეს, 15 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის შესახებ გააკეთა განცხადება.

აღნიშნული ვაკანსია მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი 2012 წლის პირველი ივნისიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ერთ-ერთ საკვანძო პოზიციაზე გადადის სამუშაოდ. იგი იქნება პირველი ქართველი, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებს წარმართავს. ბექა ჯაყელი ახალ პოზიციაზე ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს გაუძღვება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, კანდიდატურის შერჩევისას, განათლებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილებას. გარდა ამისა, პოტენციური კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და გააჩნდეს მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.

საკონკურსო კომისიაში კანდიდატებმა უნდა წარადგინონ პროექტი სახელწოდებით ”საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია”. პროექტი უნდა შეიცავდეს: საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის შჭჴთ (შტრენგტჰს, ჭეაკნესსეს, ჴპპორტუნიტიეს, თჰრეატს) ანალიზს, ტურისტული პროდუქტების განვითარებას, რეგიონალური განვითარებას, მიზნობრივ ბაზრებსა და სეგმენტაციას, მარკეტინგულ აქტივობებს მიზნობრივ ბაზრებზე, სტატისტიკური ანგარიშების ნაირსახეობას და პერიოდულობას, შიდა ტურიზმის განვითარებასა და სხვა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო კომპონენტებს.

როგორც ვერა ქობალიამ განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღნიშნულ უწყებაში დამკვიდრებულ ტრადიციას არ ღალატობს, უარს ამბობს ნეპოტიზმზე და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს განათლებულ და მოტივირებულ ადამიანებს.

სამინისტროში ვერა ქობალიას მინისტრად მოსვლის შემდეგ, ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე არსებული ვაკანსიები მხოლოდ კონკურსის წესით ივსება. ანალოგიურად შეირჩა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის კანდიდატურაც, რომელმაც ღია კონკურსში მიიღო მონაწილეობა, კომპეტენტურმა კომისიამ კი მისი სამოქმედო პროგრამა საუკეთესოდ შეაფასა.

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 1993 წლიდან არის, თუმცა დღემდე ამ ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი არ მუშაობდა. უკანასკნელ წლებში საქართველოსა და მტო-ს შორის თანამშრომლობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, საქართველო ჩაერთო ყველა საერთაშორისო პროექტში, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ახორციელებს. 2012 წლის 9-10 მაისს კი ქ. ბათუმმა უმასპინძლა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 54-ე შეხვედრას, სადაც ევროპის ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის პირები იყვნენ წარმოდგენილი.

წყარო: http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=1005

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100