სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ქარტია 2010”-ის პასუხი ჩვენს თანამემამულეთა შეკითხვებზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით

"დრონი.ჯი" გთავაზობთ 1990-1992 წლების უზენაესი საბჭოს ემიგრაციაში მყოფი დეპუტატებით მედეა თუშმალიშვილითა და ვიქტორ დომუხოვსკით წარმოდგენილი "ქარტია 2010" პასუხებს რამდენიმე აქტუალურ შეკითხვაზე, რომლებსაც ისინი თანამემამულეებისგან ღებულობენ:

“ქარტია 2010”-ის სახელზე მოვიდა მრავალი შეკითხვა და თხოვნა მივცეთ შეფასება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას მიიჩნევს ”სულიერად დაავადებულ ადამიანად, რომელსაც თავისი ცხოვრება ფსიქიატრულ საავადმყოფოში უნდა დაემთავრებინა.”

ძველი გალური ანდაზა ამბობს: “ის რასაც პეტრე პავლეზე გვეუბნება, უფრო პეტრეზე მეტყველებს, ვიდრე პავლეზე.”

ზვიად გამსახურდია ქართველმა ხალხმა ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, რომელსაც ივანიშვილის მზერა, გამომდინარე მისი, რბილად რომ ვთქვათ, მეტად სპეციფიური მსოფლაღქმისა და თავლსაწიერისა, ბუნებრივია, ვერ შეწვდება. ჩვენ არ მიგვაჩნია შესაძლებლად ბატონ ივანიშვილთან რაიმე სერიოზული პოლემიკის გამართვა, მეტადრე ზვიად გამსახურდიას პიროვნებაზე.

ბიზნესმენ ბ. ივანიშვილის დღის სინათლეზე გამოჩენისთანავე ჩვენ, “ქარტია 2010”-ის სახელით, გამოვთქვით ამ პიროვნების მიმართ უკიდურესად უარყოფითი აზრი, რომელიც ეფუძვნებოდა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლებისა და განცხადებების ფორმასა და შინაარს, ასევე მისი ბიოგრაფიის ზოგიერთ ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად გენერალ ლებედის “რასკრუტკა”, ელცინის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და სხვა ამდაგვარი. სამწუხარო ფაქტია, რომ ივანიშვილის მიერ რუსეთის ველური კაპიტალიზმის ეპოქაში მოხვეჭილი კაპიტალი საშუალებას აძლევს მის ირგვლივ შეკრებილ ურეიტინგო პოლიტიკურ პარტიებს გაიხანგრძლივონ თავიანთი არსებობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ამოტივტივებასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს მეტად სახიფათო მოვლენა უკავშირდება ვლ. პუტინის მიერ ევრაზიული კავშირის შექმნის გადაწყვეტილებასა და ნატოს სამიტის მოახლოებას.

იარაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ დასავლეთ საქართველოში იქმნება შეიარაღებული დაჯგუფებები, კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ამ ე.წ. “ქართული ოცნების” მიზანია მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირება დასავლეთის თვალში და ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი ძალა და უნარი შესწევს ამ მეტად სახიფათო პროცესს დროულად დაუპირისპირდეს. აგრეთვე გვჯერა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ნათლად აცნობიერებს, რომ ივანიშვილის კოალიციის მიერ ჩრდილოეთით აღებული კურსი არამც თუ ხელს შეუწყობს დეოკუპაციის საკითხებზე რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, არამედ საბოლოოდ დააკანონებს და გააღრმავებს საქართველოს ტერიტორიული რღვევის პროცესს.

ისტორიული შეცდომა, რომელიც საქართველომ მრავალგზის დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს.

ჩვენი რადიკალური პოზიცია “ქართული ოცნების” მიმართ განპირობებულია იმ მძიმე გამოცდილებით, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში მივიღეთ და რომლის განმეორება სრულიად კატასტროფული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. არადა, ივანიშვილის მხარდამჭერთა შორის უმეტესად 91/92 წლების სახელმწიფო გადატრიალების ავტორებს ვხედავთ!

და ბოლოს, ვპასუხობთ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებული პოლემიკის თაობაზე.

ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა არ იძლევა ორმაგი მოქალაქეობას, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, გამონაკლისის სახით, მიეცათ უფლება შეეტანათ თხოვნა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე და ამ გზით მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა. ამ უფლებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობამ ისარგებლა და მიიღო მოქალაქეობა. მათ შორის უზენაესი საბჭოს არაერთი დეპუტატიც, რომელთაც გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგების აქტზე აქვთ ხელი მოწერილი, რაც, ვფიქრობთ, გარკვეულ მორალურ პრიორიტეტებს გვაძლევდა მიგვეღო საქართველოს მოქალაქეობა, დავემორჩილეთ საყოველთაო პირობას და შევიტანეთ თხოვნა პრეზიდენტის სახელზე.

ჩვენთვის გაუგებარია, რა მიზეზით და რის საფუძველზე უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა თუ კი მას არ სურს იმ პროცედურის შესრულება, რომელიც შეასრულა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ყველა ქართველმა.

დემოკრატიაზე ხშირად მოსაუბრე ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიის მთავარი პოსტულატი სხვა არაფერია, თუ არა კანონის წინაშე საყოველთაო მორჩილება, რაც, როგორც ჩანს, შეუთავსებელი აღმოჩნდა გამორჩეულობის სინდრომით ეგზომ შეპყრობილი ბიზნესმენისათვის.

“ქარტია 2010”-ის სახელით

1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატები:

მედეა თუშმალიშვილი – საფრანგეთი

ვიქტორ დომუხოვსკი - პოლონეთი

23 აპრილი 2012 წელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100