სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, მოლოდინების შესაბამისად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა. მართალია უკრაინასა (წ/წ -93.1%) და რუსეთში (წ/წ -55.8%) ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნების ხარჯზე მაინც მაღალი - აშშ დოლარში 26.3%-იანი მატება დაფიქსირდა. როგორც პროგნოზირებული იყო, საექსპორტო ბაზრების მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გატანამ იკლო, სასაქონლო პროდუქტების შემთხვევაში კი, სადაც მოთხოვნა უფრო საერთაშორისო ფასებით განისაზღვრება, მნიშვნელოვანი მდგრადობა დაფიქსირდა. მარტის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსის შეფასება თიბისი კაპიტალის წინა განახლებაშია ხელმისაწვდომი.

ბუნებრივია, ინფლაცია მწარმოებელთა ფასების ინდექსშიც აისახა, რომელიც წინა წელთან შედარებით, 19.3%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული მაღალი, თუმცა წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების მატების ერთნიშნა პროგნოზი, კვლავ ნავთობის ფასის დღევანდელთან შედარებით უფრო დაბალ დონეს ითვალისწინებს.

წინა კვირაში მარტის დაკრედიტების მაჩვენებლებიც გახდა ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც წლიური ზრდა 18.0%-ით განისაზღვრა, მარტში წინა თვესთან შედარებით, შენელების გარკვეული ნიშნები გამოკვეთა. იმისათვის, რომ 2022 წელს სესხების ზრდამ თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებულ 17.0%-ს მიაღწიოს, მომდევნო თვეებში დაკრედიტების ტემპი უნდა აჩქარდეს. ამავდროულად, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი დინამიკა შედარებით უფრო უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის თიბისი კაპიტალის სცენარი ითვალისწინებს.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 26 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100