სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორ სანიკიძე ქრისტინე იმედაძის ცოლად მოყვანას, ქრისტინე კი ამაზე დაფიქრებას არ გამორიცხავს

ბოლო დროს თბილისის ბომონდურ და არამარტო ბომონდურ წრეებში ისევ ალაპარაკდნენ ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძისა და არანაკლებ ცნობილი ქრისტინე იმედაძის რომანზე. იტალიაში მყოფი ვიკა სანიკიძე, რომელიც უკვე აღმოჩნდა იტალიელი ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში, თბილისში საახალხწლოდ ვერ ჩამოვა, ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. საქართველოს დედაქალაქის მონახულებას ის ზაფხულისთვის აპირებს.

ვიქტორ სანიკიძე უკვე შეეჩვია იმას, რომ ძალიან ხშირად ხან ვისზე წერენ ჯვარს და ხან ვისზე. „დედაც კი მირეკავს და მეუბნება, გავიგე, ცოლი მოგიყვანიაო, ამაზე უკვე მეცინება“, - ამბობს ვიქტორ სანიკიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში. ამავე დროს, კალათბურთელი არ უარყოფს, რომ ქრისტინე იმედაძის მიმართ სიმპათიები გააჩნია და რომ მეგობრულ ურთიერთობას ამ ეტაპზეც ინარჩუნებენ.

„მიმოწერა მოკითხვის დონეზე გვაქვს, რატომ არ უნდა გვქონდეს? ხომ არ დავიმალებით, არიქა, ჩვენზე არაფერი თქვანო? ქრისტინე ისეთი გოგოა, არ შეიძლება არ მოგწონდეს, ვის არ მოსწონს? ჯერ ისე არ ვიცნობ, რომ ხასიათი მქონდეს შესწავლილი, მაგრამ კაფეშიც ვყოფილვართ ერთად და კლუბშიც. მართალია, მარტო არა - სამეგობრო წრეში, მაგრამ მაინც...“ - ამბობს ვიქტორ სანიკიძე, თუმცა, იქვე ამატებს, რომ მასთან ფლირტი არ ჰქონია. „რამე რომ მოხდეს, ხომ ისედაც გაიგებს ყველა“, - წამოსცდა კალათბურთელს და ჟურნალისტის შეკითხვაზე „რა უნდა მოხდეს?“ იქვე უპასუხა: „შეიძლება შემიყვარდეს და ცოლად მოვიყვანო, ხომ არ დავმალავ ცოლად მოყვანას?“

თავის მხრივ, ქრისტინე იმედაძეც არ მალავს, რომ ვიკა სანიკიძის მიმართ სიმპათიები აქვს. არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ოჯახი ხელმეორედ შექმნას. „თუ ღმერთი მარგუნებს ამ ბედნიერებას, შემიძლია, ოჯახის გამო კარიერაზე ვთქვა უარი. ჩემი შვილისთვისაც უკეთესი იქნება - უფრო მეტ დროს დავუთმობ. რაც შეეხება ვიკას, საერთო სამეგობრო წრიდან ვართ და რასაც თქვენ ამბობთ, თავშიც არ გამივლია, მაგრამ უკვე იმდენი ილაპარაკეთ ამაზე, რომ დავფიქრდები, მართლაც დავფიქრდები... ვიკა ჩემს ენაზე მოლაპარაკე ადამიანია, მითქვამს კიდეც მისთვის, რომ ფრთები აქვს და დაფრინავს...“

მომზადებულია „პრაიმტაიმის“ მიხედვით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100