სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ის „მთავარი“ ვირუსი უფრო „სრულყოფილი“ გახდა

ალბათ, ყველამ თუ არა, ფბ–ს მომხმარებელთა უმრავლესობამ მაინც იცის, რა სახის ვირუსები ვრცელდებოდა და ვრცელდება ამ სოციალურ ქსელში. სულ ცოტა ხნის წინ აშშ–ში ფბ–ზე ვირუსების ერთ–ერთი გამვრცელებელი დააკავეს და საკმაოდ დიდი ხნით პატიმრობაც მიუსაჯეს. ალბათ, ფბ აგრძელებს ვირუსებთან ბრძოლასა და დამცავი სისტემების გაძლიერებას, მანამდე კი კიდევ ერთ ძველ, მაგრამ ამ დღეებში უფრო „სრულყოფილი“სახით გამოჩენილ ვირუსს გაგაცნობთ და იქნებ ეს მოკრძალებული „პრეზენტაცია“ ზოგ თქვენგანს გამოადგეს კიდეც.

როგორც ცნობილია, წინა, „ჩატ–ვირუსი“ ჩატის ფანჯარაში გამოჩენილი შეტყობინებით ჩნდებოდა ხოლმე. თქვენთვის ნაცნობი ან უცნობი (ასეთებიც ხომ გვყავს) მეგობარი, ძირითადად, ინგლისურად, მოკლედ გესალმებოდათ: – hi და „გიღიმოდათ“, მერე კი ამ ღიმილს მოსდევდა ბმული, რომელსაც ბევრი ავტომატურად ხსნიდა: ზოგი იმიტომ, რომ აინტერესებდა, რას სთავაზობდა მეგობარი, ზოგი იმიტომ, რომ ცნობისმოყვარეობას ვერ უმკლავდებოდა. მაგრამ ბმულზე გადასვლა ჯერაც არ იყო ტრაგედია: გადასვლის შემდეგ თქვენ ფაილის ჩამოტვირთვას გთავაზობდნენ და სწორედ ამ ფაილის ჩამოტვირთვა და შენახვა, ანუ კომპიუტერის მეხსიერებაში მოხვედრა იწვვდა მის პარალიზებას: ან მაშინვე, ან ოდნავ მოგვიანებით.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ვირუსის გავრცელებისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, იყო თუ არა იმ დროს ქსელში იუზერი: ბმული თქვენგან დამოუკიდებლად ეგზავნებოდა თქვენს მეგობრებს და მათგან დამოუკიდებლად, მათი სახელით მოგდიოდათ თქვენ. მერე და მერე ბევრი მიხვდა, რომ ვირუსთან ჰქონდა საქმე: ზოგი იმით, რომ მანამდე ქართულად მომკითხავი მეგობარი ინგლისურად იკითხავდა და რაღაც საეჭვო ბმულს უგზავნიდა, ზოგი იმით, რომ თვითონ ბმულის დასახელება არ მოეწონა და აღარ გარისკა. ფბ–ზე ახალი ვირუსის ამბავი მალე გავრცელდა. ვირუსი გაიშიფრა. საჭირო იყო მისი სრულყოფა და ვირუსომანიით შეპყრობილებმაც არ დააყოვნეს.

პრინციპი იგივეა: თქვენგან დამოუკიდებლად – მეგობრებთან და მეგობრებისგან დამოუკიდებლად – თქვენთან. მაგრამ ვირუსის „ავტორებმა“ ერთი დეტალი ჩაამატეს, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი წამოეგოს: ბმული თქვენთან დიალოგის გაბმის შემთხვევაში ხვდება. ანუ, პირველ მოკითხვას, რომელიც, როგორც წესი, ისევ hi გახლავთ, თუკი უპასუხებთ (მნიშვნელობა არა აქვს, რას – თუნდაც აგინოთ), მოგივათ მეორე: Wanna laugh ? ) . როცა ისევ უპასუხებთ რამეს, მერე უკვე მოგდით ბმული, ძირითადად, ასეთი: tinyurl.com/1000005555 (შემთხვევითი დაკლიკების თავიდან ასაცილებლად მოცემულია არასრული და არასწორი ვარიანტი), რომელსაც არამც და არამც არ უნდა დააკლიკოთ. დავამატებ, რომ არც ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, იუზერი არის თუ არა ქსელში. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, თქვენი სახელით დიალოგი, თქვენი მეგობრის ჩატის ფანჯარაში, შესაძლოა, ისე გაიმართოს, რომ თქვენ საერთოდ არ იყოთ საქმის კურსში: ეს დიალოგი არც თქვენს ინბოქსში აისახება და არც თქვენი ჩატის ფანჯარაში, თუნდაც იმ დროს ონლაინში იმყოფებოდეთ, ანუ, მეგობარს ესაუბრებით, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ...

ასე რომ, სანამ ფბ–ს ადმინისტრაცია ამ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად ამოქმედდება, ფბ–მომხმარებლებს ისღა დაგვრჩენია, ვირუსის შესახებ ერთმანეთს შევატყობინოთ და მოკლე აღწერა ფბ–ს ადმინისტრაციასაც გავუგზავნოთ. რაც უფრო აქტიურად ვიმოქმედებთ ამ ორი კუთხით, მით უფრო ნაკლებად დავაზარალებთ ფბ–ს ქართული სივრცის მომხმარებლებს და მით უფრო სწრაფად დაუპირისპირებს ზომებს მას ფბ–ს ადმინისტრაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100