სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქმნის თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტი კორუფციული გარიგებების საფრთხეს?

ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ისეთი რეგულაციების დაწესებას აპირებს, რომელთა ობიექტურად განხორციელება პრაქტიკაში, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა კორუფციული გარიგებების საფრთხეს ქმნის.

"გურია ნიუსის" მიერ გაგზავნილ კითხვას: _ მცირე და საშუალო პროექტებში შეფასებების დროს ხომ არ შეიქმნება სუბიექტივიზმის საფრთხე, რამაც შესაძლოა შექმნას კორუფციის გაჩენის საშიშროება? _ გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხობს:

"იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დებულების შედეგად შედგენილ დოკუმენტაციას იხილავს და ეკოლოგიურ ექსპერტიზას უტარებს შესაბამისი კომისია, გადაწყვეტილების მიღება არ ხდება ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალისტის ან ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისად კორუფციის და დამატებითი კითხვების გაჩენის ალბათობას სამინისტრო არ განიხილავს."

რას განიხილავს სამინისტრო და რა საფრთხეებზე ლაპარაკობენ ექსპერტები, რას გვპასუხობს ენერგეტიკის სამინისტრო და გახდება თუ არა მიღების შემთხვევაში აღნიშნული პროექტი შემაფერხებელი ფაქტორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას?

"საფრთხის შემცველი" პროექტისთვის გამოყოფილი ორკვირიანი ვადა...

2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანების პროექტი "გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების სრულყოფისა და საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ". განაცხადში აღნიშნულია, რომ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულმა მხარეებმა სამინისტროს უნდა მიაწოდონ 2014 წლის 6 იანვრამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვა ჩატარდეს სამთავრობო განხილვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც მიწვეულნი იქნებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ განხილვა ქვეყანას ააცილებს გაუაზრებელი ან შეგნებულად დაგეგმილი საეჭვო რეგულაციების მიღების საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა უკიდურესად გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი. ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას პროექტის მე-6 მუხლზე ამახვილებენ, სადაც ვკითხულობთ:

დადგენილების პროექტის მე-6 მუხლის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს: მ) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას მათ შორის საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებლისა და მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასებას; ნ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის საკომპენსაციოდ და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებისათვის განსაზღვრულ ადეკვატურ საკომპენსაციო თანხებს, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში;

ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნები მაღალი საფრთხის შემცველია, რომელსაც შეუძლია გააჩეროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალში დაგეგმილი ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი და ხელს შეუშლის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების მიღებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პასუხი ამ საფრთხეებზე, რომელიც წერილობით მივიღეთ, ასეთია:

"ამ ცვლილებების მიზანი არის იმ შესაძლო ზიანის (რომელიც საქმიანობის განხორციელების შედეგად მიადგება გარემოს) შედარება მისაღებ სარგებელთან (ქვეყნისათვის, ინვესტორისათვის ადგილობრივი ბიუჯეტისათვის) რასაც გამოიწვევს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება. შესაბამისად, ცვლილების მიზანია გამოიკვეთოს რა დანაკარგების (გარემოსდაცვითი) ხარჯზე რა ეკონომიკური სარგებელი მიიღება."

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით

"გურია ნიუსთან" აცხადებს: "სექტორული გზამკვლევების შემუშავების პროცესში არ ყოფილა ჩართული არც ერთი დარგობრივი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, შრომის. სოც. უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, დეველოპერი კომპანიები, როგორც დაინტერესებული მხარე და ასევე არც ერთი ცნობილი ქართული სპეციალიზირებული საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია და კარგად იცნობს როგორც განვითარებადი ქვეყნების რეალობას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას.

ასევე, უცნობია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პოზიცია აღნიშნულ დებულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განვითარების პერსპექტივები."

ლევან კალანდაძის განცხადებით, ორკვირიანი ვადა ამ მნიშვნელობის პროექტის განხილვისა და შენიშვნების მომზადებისთვის ძალიან მცირეა.

"გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა კორუფციული გარიგეების საფრთხეს ქმნის"

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ სამინისტრო ისეთი რეგულაციების დაწესებას აპირებს, რომელთა პრაქტიკაში ობიექტურად განხორციელება, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა კორუფციული გარიგეების საფრთხეს ქმნის

"გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ" დებულებაში ახალი ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო საშუალო და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ითხოვს წინასწარ იქნას წარმოდგენილი დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ეფექტის დეტალური მონეტარიზებული დოკუმენტაცია. ანუ, გარემოზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება იქნას ეროვნულ ვალუტაში გამოხატული. ეს მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ინფორმაციის მისაწოდებლად საჭირო მეთოდოლოგია სამინისტროს არ აქვს შემუშავებული. ზუსტი და ნათელი მეთოდოლოგიის გარეშე კი პროექტისთვის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ეფექტის ობიექტური მონეტარული შეფასება წარმოუდგენელია. შედეგად შეფასებები განხორციელდება არა რომელიმე კონკრეტული მეთოდოლოგიით არამედ, კონკრეტული შემფასებლების მიერ რაც რა თქმა უნდა გაზრდის სუბიექტივიზმს მათ საქმიანობაში. მსგავსი სისტემა კორუფციის გაჩენის დიდ საფთხესაც შეიცავს" _ აცხადებენ აფბაში.

აფბა მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და რესურსების მართვის სამინისტროს, რომ არ მოხდეს ამ ცვლილებების ნაჩქარევად დამტკიცება. პირველ ეტაპზე აუცილებელია, ამ დოკუმენტის საზოგადოების დაინტერესებულ წრეებში განხილვა. ის 20 დღიანი პერიოდი რაც სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული შენიშვნების მისაღებად, მსგავსი ტიპის მნიშვნელობის მქონე ცვლილებებისთვის ძალიან მცირეა.

გარემოს დაცვის სამინისტრო: "კორუფციის და დამატებითი კითხვების გაჩენის ალბათობას არ განვიხილავთ"

რატომ არ იყვნენ განხილვის პროცესში ჩართულები დარგობრივი სამინისტროები. ამ კითხვით "გურია ნიუსმა" ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა. მათი პასუხიდან გაირკვა, სამინისტროში დოკუმენტი ოფიციალურად არ შესულა და ამის შესახებ მათთვის მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი.

"თქვენი ელექტრონული წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნული დოკუმენტის პროექტი ჯერ ოფიციალურად არ შემოსულა. თუმცა იგი ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა მედია საშუალებებით, ამასთან მოწოდებული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული პროექტის შესწავლა-განხილვა და შესაბამისად ჩვენი პოზიცია საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტი სამთავრობო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული განხილვისა და კონსესუსის საფუძველზე მიიღებს ისეთ სახეს რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას" _ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს პასუხში.

რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, მათ რამდენიმე კითხვით მივმართეთ, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

_ რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ზემოთ აღნიშნულ დებულებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადებისათვის საჭირო სექტორულ გზამკვლევებში მითითებული საქმიანობები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, და არა მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეროგატივას, ამ პროცესს უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოს მთავრობაში არსებული დარგობრივი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო კომისია. დებულების მიღებამდე სამუშაო პროცესში იყო თუ არა (და თუ იყო, რომელი) ჩართული რომელიმე დარგობრივი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის)? _ "გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულება“ მოქმედებს 1999 წლიდან, თუმცა აღნიშნულმა დებულებამ სხვადასხვა პერიოდში განიცადა ცვლილება, ვინაიდან მასში არაერთხელ იქნა შეტანილი შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. დღეს მოქმედი "გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ" დებულება დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის #31 ბრძანებით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა აღნიშნულ რედაქციაშიც განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დებულებით ხელმძღვანელობენ საქმიანობის განმახორციელებელები, რომლებიც აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე ამზადებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია დებულებაში შესაბამისი კორექტირების შეტანამდე გაეხადა საჯარო ის პუნქტები რომლებშიც იგეგმება ცვლილებები. შესაბამისად სამინისტრო მზადაა მიიღოს ნებისმიერი სახის შენიშვნა და წინადადება წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. _ აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ თუ არა სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე დაინტერესებული მხარეები? _ აღნიშნული პროექტები შემუშავდა სამინისტროს შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ და მის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

_ აქვს თუ არა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემუშავებული დეტალურ მეთოდოლოგია, რომელიც ამ მუხლების მოთხოვნების შესრულებასა და სუბიექტივიზმის დიდ ალბათობას გამორიცხავს (როცა არ არსებობს ქვეყანაში დადგენილი, დამტკიცებული სათანადო "დანახარჯი-სარგებლიანობის ანალიზის" მეთოდოლოგია).

_ ღნიშნული პუნქტები სწორედ იმიტომ გახდა საჯარო, რომ ყოფილიყო განხილვის საგანი. სამინისტროს მიზანია დაიხვეწოს და უფრო კონკრეტული გახდეს დებულების ის მოთხოვნები რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების საფუძველია და გადაწყვეტილების მიღებისთვისაა აუცილებელი. რათა გამოირიცხოს ყოველგვარი უარყოფითი შედეგი პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში.

_ მცირე და საშუალო პროექტებში შეფასებების დროს ხომ არ შეიქმნება სუბიექტივიზმის საფრთხე, რამაც შესაძლოა შექმნას კორუფციის გაჩენის საშიშროება.?

_ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დებულების შედეგად შედგენილ დოკუმენტაციას იხილავს და ეკოლოგიურ ექსპერტიზას უტარებს შესაბამისი კომისია, გადაწყვეტილების მიღება არ ხდება ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალისტის ან ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისად კორუფციის და დამატებითი კითხვების გაჩენის ალბათობას სამინისტრო არ განიხილავს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100