მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „გია გალსკი“ დააკავეს
მოსკოვში 52ნ წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, აფხაზეთის მკვიდრი კრიმინალი, მეტსახელად „გია გალსკი“ დააკავეს. ქართველი კრიმინალის დაკავება სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის დახმარებით მოხერხდა. „გია გალსკი“ თავის საცხოვრებელ ბინაში აიყვანეს და ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.
როგორც ინტერფაქსი იტყობინება, დაკავების დროს ქართველმა კრიმინალმა რუს სამართალდამცველებს იური კრასნოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი წარუდგინა. პირადი ჩხრეკის დროს ე.წ. კანონიერ ქურდს იარაღთან ერთად 4 გრამი ჰაშიშიც აღმოუჩინეს. გამოძიება ეჭვმიტანილს რამდენიმე ადამიანის ფიზიკურ ლიკვიდაციაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ „გია გალსკი“, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია გიორგი ზარანდია, ადამიანებს შეკვეთით კლავდა. მას რამდენიმე ბანდიტური თავდასხმის ორგანიზატორადაც მიიჩნევენ.
გიორგი ზარანდია, იგივე „გია გალსკი“ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრია. რუსი სამართალდამცველების ცნობით, დიდი ხანი არ არის, რაც ის ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ტიტულის მფლობელია - ეს წოდება მას 2001 წელს კალუგაში მიანიჭეს. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, „გია გალსკი“ რამდენიმე დანაშაულებრივ დაჯგუფებას აკონტროლებდა, რომლებიც ბინების ძარცვითა და ჯიბის ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.
კომენტარი