დოლარის ეპოქა 15 წელში დასრულდება
აშშ–ს ვალუტის – დოლარის რყევისა და გაუფასურების პროგნოზებს მსოფლიო ექსპერტები კარგა ხანია აკეთებენ. დოლარის ინფლაციის ხარჯზე კი, ახალი, მსოფლიო ვალუტის შემოღება იგეგმება, რასაც ამერიკა სასტიკად ეწინააღმდეგება.
აშშ–ს მკაცრი პოზიციის მიუხედავად, მსოფლიო ბანკი მაინც არადამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.
2025 წლისთვის მსოფლიო ფინანსური სისტემა მულტივალუტური გახდება და შესაბამისად, აშშ დოლარი მონოპოლიას დაკარგავს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მოხსენებაშია ნათქვამი. ბანკის სცენარის მიხედვით, ძირითადი საერთაშორისო ვალუტები დოლარი, ევრო და იუანი გახდება. მსოფლიო ფინანსურ სისტემაში განსაკუთრებით იუანის როლი გაიზრდება და გლობალურ ბაზრებზე ჩინეთის უმსხვილესი ბანკებისა და კორპორაციების დომინირება მოხდება.
ამავდროულად, განვითარებადი ქვეყნების ნაწილი, შიდა ოპერაციების ჩასატარებლად უცხოურ ვალუტასთან ერთად, ეროვნული ვალუტის გამოყენებასაც გააგრძელებს, რომლის კურსიც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის მიხედვით იმერყევებს. აღინიშნა ისიც, რომ 2025 წლისთვის ბრაზილიასთან, რუსეთთან, ინდოეთთან და ჩინეთთან ერთად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გლობალურ ზრდაში მონაწილეობას ინდონეზია და სამხრეთი კორეაც მიიღებენ. მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებადი ქვეყნების როლის ზრდის მიუხედავად, ექსპერტები მათ მშპ-სა და ქვეყნის შიდა მოთხოვნების დონის მომატებისთვის სტრუქტურულ სამთავრობო რეფორმების ჩატარებას ურჩევენ.
მსოფლიო ბანკის ამ ანგარიშს, 25 სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა უძღოდა წინ, სადაც ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა დოლარმა უკან დაიხიოს და მიმოქცევაში შევიდეს ახალი მსოფლიო ვალუტა. ჩინეთის პირველ პირს მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომ მას საკუთარი ვალუტის წინა პოზიციებზე წამოწევა სურდა.
მიუხედავად ამერიკის, დიდი გავლენისა მსოფლიოზე, ექსპერტების თქმით, ის მაინც ვერ მოახერხებს დოლარს წამყვანი პოზიციები შეუნარჩუნოს მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე.
კომენტარი