სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარკოზიმ ბარში მყოფები დაპატიჟა, მაგრამ დანახარჯი არ გადაიხადა

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც ბარში იმყოფებოდა, იქ მყოფებს გაუმასპინძლდა, მაგრამ ბარი ისე დატოვა, რომ დანახარჯი არ გადაუხდია.

სამშაბათს სარკოზი ფინჯან ყავაზე ესტუმრა ბარ Libération-ს, რომელიც პატარა სოფელ ვილტელში მდებარეობს. როგორც დაწესებულების მფლობელმა, მადამ დიურანმა განაცხადა, პრეზიდენტი კარგ ხასიათზე იყო, ბარში მყოფთ ესაუბრებოდა და ირწმუნებოდა, რომ ეს დაწესებულება ძალიან მოსწონს.

კეთილგანწყობის დასადასტურებლად სარკოზიმ გადაწყვიტა, ბარის ყველა კლიენტს გამასპინძლებოდა. იმ დროს იქ სულ სამი კაცი იმყოფებოდა. „ყველას გეპატიჟებით!“ - რამდენჯერმე წამოიძახა მან, მაგრამ როგორც მადამ დიურანი ამბობს, ნიკოლა სარკოზის არათუ ბარში მყოფთა დანახარჯი, საკუთარი ერთი ფინჯანი ყავაც კი არ აუნაზღაურებია და ბარი დატოვა. „იმედია, პრეზიდენტს, უბრალოდ, დაავიწყდა“, - ამბობს ბარის მეპატრონე.

სხვათა შორის, მადამ დიურანი სარკოზის სულაც არ საყვედურობს: „წარმომიდგენია, რამდენ ადამიანს ხვდება ის ოფიციალური პროტოკოლის დროს, რამდენ სირთულეს აწყდება ხოლმე, ჰოდა, რა სინდისით უნდა მოვთხოვო მას 6,60 ევრო ოთხი ფინჯანი ყავის საფასურად“, - თქვა დიურანმა. ეს ინფორმაცია 7sur7.be.-მ გაავრცელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100