სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის აფხაზეთი?

1993 წლიდან მხოლოდ ორი კადრი მახსოვს: ძაღლი, რომელიც გემზე მყოფ პატრონს ზღვაში ცურვით მიჰყვება და მეომარი, რომელიც დამწვარი მთავრობის სახლის წინ ავტომატით ხელში ცეკვავს. აფხაზეთი ჩემთვის ამ ორი კადრით იწყება და მთავრდება.

23 წელი დიდი დროა. მთელი ერთი თაობა, რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს და მხოლოდ გადმოცემით, მშობლების მონაყოლით იცის ახალი ათონი, ბიჭვინთა თუ რიწის ულამაზესი ტბა..

ჩემი თაობის დიდი ნაწილისათვის აფხაზეთი ტკივილია. ობლობის ტკივილი. მიზეზი, რის გამოც დედების, მამებისა თუ ბებია-ბაბუების გარეშე დარჩნენ. უსუსურობის განცდაცაა აფხაზეთი. განცდა, რომელიც დღეს უკვე სრულწლოვან, ზრდასრულ ობლებს თვალებს სულ რამდენიმე წუთით ახუჭვინებს და წარმოადგენინებს, როგორი სრულფასოვანი შეიძლება ყოფილიყო ცხოვრება მამის გვერდზე, კარზე ზარისა თუ ტელეფონის რეკვის გაუთავებელი მოლოდინის გარეშე.

და მაინც: რა არის აფხაზეთი ჩვენთვის, თაობისათვის, რომელსაც მშობლებმა მისი დაბრუნების მორალური ვალდებულება დააკისრეს?. სხვა არაფერი, თუ არა ადგილი, სადაც უნდა დავბრუნდეთ. ტერიტორია, რომელიც ძალადობრივი გზით წაგვართვეს და რაშიც აფხაზები სიამოვნებით მონაწილეობდნენ. ჰო, აფხაზეთი, სამაჩაბლოსთან ერთად, ჩვენთვის ტერიტორიაა. მიწის ნაგლეჯი, რომელიც დროსთან ერთად, ჩვენს ემოციურ მეხსიერებაში უფრო და უფრო ფერმკრთალდება და აბსტრაქტულობაში გადადის.

აფხაზეთი მითია. მითი, რომლის რამდენიმე ფოტოს გამოჩენისასაც ინტერნეტს ვაწყდებით და ჩვენი ქვეყნის აბსტრაქტული კუთხის აბსტრაქტულ ქუჩებს ვათვალიერებთ, ქუჩებს, რომლებზეც გვიყვებოდნენ, სანაპიროს, რომელსაც მისტირიან, სახლებს, რომელსაც 23 წლის წინანდელი კვალი ატყვია.. ვუყურებთ კადრებს უცნობი ქალაქებიდან და სოფლებიდან და გულის სიღრმეში გვიხარია. გვიხარია, რომ იქ ცუდად ცხოვრობენ. რომ ისევ საბჭოთა მანქანებით დადიან, რომ ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ უკიდურესი გაჭირვება აქვთ. გვიხარია, იმიტომ რომ ეს სამართლიანი სასჯელი გვგონია მათთვის. ჩვენივე ტოლი ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც საქართველო ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც ჩვენთვის აფხაზეთი.

ადამიანებს უჭირთ რაღაცების მეორე მხრიდან დანახვა. როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალზე ვფიქრობთ, გონების კუნჭულშიც კი არ ვუშვებთ, რომ იქაურობაც სავსეა ადამიანური ტრაგედიებით. მათაც დაკარგეს ახლობლები, სახლები, ადამიანური ურთიერთობები.. არ ვუშვებთ, რომ შესაძლოა, 2008 წელს, ცხინვალში, ჩრდილო ოსეთში გახიზნულ ადამიანებს საკუთარი სახლების დატოვება გასჭირვებოდათ, უკან დაბრუნებულებს კი ნანგრევებში ეტირათ. ასეა ეს: ჩვენი გონება ბლოკავს გამყოფი ხაზის იქით დარჩენილ ადამიანურ ისტორიებს და გვჯერა, რომ ერთხელაც იქნება, შევალთ სოხუმში. დავიბრუნებთ ცხინვალსა და აფხაზეთს, გავხდებით განმათავისუფლებლები და მერე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.

ვინ არიან ოსები და აფხაზები ჩვენთვის? - რუსების მიერ გონებაარეული ადამიანები. ხალხი, რომლებიც მოატყუეს და დღემდე პროპაგანდით უტენიან თავს. აფხაზები და ოსები ძმები კი არა, ისეთი უცხოები არიან ჩვენთვის, როგორც არავინ სხვა დედამიწის ზურგზე. ძნელია, აბსტრაქტულ ადამიანებთან ძმობასა და მეგობრობაზე ლაპარაკი. ძნელია, მათთან პირიპირ შეხვედრაც, იმიტომ, რომ მათ თვალებში იმ ორად-ორ კადრს ხედავ, რაც აფხაზეთია შენთვის და გული სიბრაზითა და უძლურების განცდით ერთდროულად გეკუმშება. ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. უფრო სწორად, ერთმანეთი გვძულს და ეს რეალობაა.

ვინ არიან ჩვენთვის აფხაზები?. ხალხი, რომლებიც დღევანდელობის ღირსები არიან. ვდგავართ და ჩვენთვის დახურულ ზონად ქცეული ტერიტორიიდან ხარბად ვყლაპავთ ცუდ ამბებს. ნიშნისმოგებით გვიხარია თითოეული საპროტესტო გამოსვლა, რუსეთის მიერ სოჭის ოლიმპიური ქალაქის ასაგებად განადგურებული აფხაზეთის სანაპირო, თევზჭერისა თუ ნავთობმოპოვების უკანონო სამუშაოები, ეკოციდის საფრთხე. გვიხარია რუსეთის საზღვართან სამუშაოს ძიებაში დამდგარი რიგები. ჩვენ ცუდი ამბები გვიხარია აფხაზეთიდან.

დღეს, სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. ვამბობთ, რომ დავბრუნდებით, რომ ისინი ჩვენი ძმები არიან, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ვიტყუებით. ვატყუებთ ერთმანეთსაც და საკუთარ თავებსაც.

გვიფიქრია, რა არის ჩვენთვის აფხაზეთი? - იქნებ, მხოლოდ საგზაო ნიშნები დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე, ამინდის პროგნოზი საინფორმაციო გამოშვებების ბოლოს, ან კიდევ, კედლებზე ოკრობოკროდ დატოვებული გრაფიტი თუ ბანერები მაგისტრალზე წარწერით, „გვახსოვდეს აფხაზეთი?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100