ფულის გადაცემა, კოორდინატორთა მობილიზება, საეჭვო პირები – ISFED-ის შეფასება
სამართლიანი არჩევნები (ISFED) ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნები მეორე ტურზე, 11 საათისთვის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები გამოვლინდა.
ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა დამკვირვებლის უფლების უხეში შეზღუდვა, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დამკვირვებლის მიმართ #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #10 უბანზე. მათივე თქმით, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და მათი აღრიცხვის შემთხვევები.
"საყურადღებოა, რომ ბათუმის #45 და #85 საარჩევნო უბნების მიმდებარედ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს". – ვკითხულობთ ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა, რომელიც ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას, მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს. თავმჯდომარის მითითების მიუხედავად პირმა საარჩევნო უბანი არ დატოვა. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ კი აღნიშნული პირი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს;
#67 ზუგდიდის #96 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საარჩევნო უბნის გახსნის და წილისყრის პროცედურების დარღვევა
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი, #20 რუსთავის სარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანი, და #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანი გაიხსნა 07:00 საათამდე. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლის უფლება 07:00 საათამდე არ მიეცათ;
#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #91 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის პროცედურა დაირღვა, კერძოდ კომისიის წევრმა განმეორებით აიღო წილისყრის ფურცელი;
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #100 უბანში დაირღვა კენჭისყრის პროცედურა - საკონტროლო ფურცელი შეივსო და ყუთში მოთავსდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ. საუბნო კომისიის წევრებს შორის საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, ყურადღების გარეშე დარჩა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცესი და ბიულეტენი ყუთში მოთავსდა კონვერტის გარეშე;
#5 ისნის #71 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე. ფუნქციების გადანაწილების შემდეგ იგი დადგა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის გვერდით და ხელს უშლიდა ამომრჩევლის შეუფერხებლად გადაადგილებას, რამაც შექმნა ქაოსი უბანზე. იგი არ ემორჩილება თავმჯდომარის მითითებას, რის გამოც უბანზე დაძაბულობაა.
ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევა
#79 ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ბიულეტენი კომისიის ბეჭდით და ხელმოწერით არ დაამოწმა და ისე გადასცა ამომრჩეველს.
მარკირების სითხის და მარკირების ხელსაწყოსთან დაკავშირებული ხარვეზები
#67 ზუგდიდის #96-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მარკირების სითხის წაშლა შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარით, რაც ქმნის რისკს, რომ ამომრჩეველმა მარკირების პროცედურების დარღვევით მისცეს ხმა;
#79 ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ხელსაწყო გაუმართავი იყო. საუბნო საარჩევნო კომისიამ ახალი ხელსაწყო საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიიღო.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორების სამაგიდო სიებში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველების შესახებ;
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთიან სიაში არასათანადო ადგილას მოაწერა ხელი, რასთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთან წიგნში.
ამომრჩევლის აღრიცხვა
#17 თელავის #18 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ ,,კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, კერძოდ იწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
სხვა ხარვეზები
#67 ზუგდიდის #16 საარჩევნო უბნის ნაკადის მომწესრიგებელი და რეგისტრატორები სათანადოდ არ ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, კერძოდ პირადობის მოწმობის წარდგენის დროს ამომრჩეველს შემოწმების მიზნით არ ახსნევინებენ პირბადეს. ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრამდე)
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #87, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #5, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს;
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეიმჩნევა უცხო პირთა შეკრება, რომლებიც სხედან მანქანაში და პერიოდულად უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს. ერთ-ერთმა პირმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ არ შეშლოდათ, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა;
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება;
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა უცხო პირთა შეკრება, რომლებიც ესაუბრებოდნენ ამომრჩევლებს. ერთ-ერთ მათგანს უბნიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასცა გაურკვეველი ფურცელი. საეჭვო პირები არიან ავტომობილით, რომლებსაც აქვთ, სავარაუდოდ, სიები.
პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)
#17 თელავის #39 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მიღმა შეინიშნება უცხო პირთა შეკრება.
კოორდინატორების მობილიზება უბანთან
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში, მობილიზებულნი არიან პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომელთაც ხელში სახელობითი სიები უჭირავთ და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს, როგორც უბანში შესვლამდე, ისე უბნიდან გამოსვლის შემდეგ;
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანთან შეინიშნება კოორდინატორების ყოფნა, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან. ამ ეტაპზე დაუდგენელია მათი პარტიული მიკუთვნება;
#79 ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, შეინიშნება პარტია ქართული ოცნების კოორდინატორების შეკრება, რომელთაც კომუნიკაცია აქვთ ამომრჩეველთან.
ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა
#67 ზუგდიდის #32 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი, რომელში მყოფი პირებიც, სავარაუდოდ, სიის მიხედვით, აღრიცხავენ ამომრჩევლებს.
სავარაუდო მოსყიდვა
#79 ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ;
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა.
საჩივრები, განცხადებები – ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 5 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 3 საჩივარი. 11 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
კომენტარი