სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილთა ცხოვრებიდან: ჯონ მალხაზ შალიკაშვილის პასუხი გვარის გადაკეთების თხოვნაზე

წარმოშობით ქართველი, ამერიკელი გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ცნობილი იყო იმითაც, რომ საქართველოსა და ყოველივე ქართულის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.

ეს არცაა გასაკვირი - იგი დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახში დაიბადა, რომელიც პოდპოლკოვნიკად მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს (1918-21წწ) ჯარში. ბოლშევიკთა მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ პოლონეთში წასული დიმიტრი შალიკაშვილი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ცოტა ხანში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად აშშ-ში მოხვდა. მალხაზ შალიკაშვილმა სწორედ იქ დაამთავრა სკოლა, მოგვიანებით კი აშშ-ის არმიაში საკუთარი ნებით წავიდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი კარიერა.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 1993-1997 წლებში იყო ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი. 1997 წელს, არმიაში 38-წლიანი სამსახურის შემდეგ იგი საკუთარი სურვილით გადადგა თანამდებობიდან.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ცხოვრებიდან ცნობილია ერთი ასეთი ეპიზოდი: როცა იგი მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა, ერთ-ერთ წვეულებაზე კოლეგებმა და ერთმა გავლენიანმა სენატორმა ურჩია, გვარი გადაეკეთებინა. როცა გენერალი იმ მიზეზით დაინტერესდა, რისთვისაც ასე უნდა მოქცეულიყო, მას მოკლედ უპასუხეს: „რა თქმა უნდა, თქვენი გვარი ძალიან კარგია, მაგრამ ამერიკელებს უჭირთ მისი სწორად წარმოთქმა“. ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა ჩაიცინა და უპასუხა: „ეს ამერიკელების პრობლემაა და არა ჩემი...“

მის სამხედრო მუნდირზე, მკერდთან, მარჯვენა მხარეს, სიცოცხლის ბოლომდე (2011 წლის 23 ივლისს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა) მოჩანდა აბრა, სადაც ეწერა: SHALIKASHVILI.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100