სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გინდა იცხოვრო სამხედრო ნაწილში? - გადაიხადე 7 ათასი რუბლი და пожалуйста ...

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე გამალებული მშენებლობა 2008 წლის სექტემბრიდან დაიწყო. მშენებლობაზე ფიზიკური სამუშაოს შესრულება თვითონ ჯარისკაცებს უწევდათ - ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ინტერნეტში მრავლადაა.

მაგრამ იმის დაჯერება, რაც ახლა ხდება, ყველაზე მდიდარი ფანტაზიის პატრონსაც გაუჭირდება: მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბაზაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა, რუსული ტელეარხებით კი სიუჟეტები მომზადდა იმ კომფორტის შესახებ, რაც ახალგარემონტებულ კორპუსებში რუს ოფიცრებს ელოდათ, ბევრმა ოკუპანტმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ როგორც ჩანს, ნაადრევად: რუსულმა სამხედრო მანქანამ გადაწყვიტა, საცხოვრებელი კორპუსები... გააქირავოს.

მართალია, ეს ოფიციალურად არაა გაფორმებული, მაგრამ გალიდან მიღებული ცნობების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა უდიდესი ნაწილის ხელფასი 15 ათას რუბლს შეადგენს, კომფორტულ ბინებში ცხოვრების სანაცვლოდ 7 ათას რუბლს (დაახლოებით 350 ლარი) სთხოვენ. გალის რაიონის სოფლებში: მეორე ოტობაიაში, ნაბაკევში, თაგილონსა და ფიჩორში სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელებმა ხელქვეითები საგანგებო თათბირზე დაიბარეს და მათთვის არცთუ სასიამოვნო ამბავიც პირადად აცნობეს.

რუსი ოფიცრები ამ ცნობას მაინცდამაინც დიდი ოვაციებით არ შეხვედრიან და არ არის გამორიცხული, ახლადაშენებული საცხოვრებელი კორპუსები ნახევრად ცარიელი დარჩეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100