ანდერს ბრეივიკს "ვ კონტაკტე.რუ"–ში რუსი ფანები გამოუჩნდა
რუსეთში ნაციზმი, ძველებურად, პოპულარობის ზენიტშია. წლები გადის, აქ კი ამ მიმართულებით არაფერი იცვლება. რუსული საზოგადოების დიდი უმრავლესობა სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებისა და მათ ქვეყანაში მცხოვრები არარუსების მიმართ, მკვეთრად არატოლერანტულ დამოკიდებულებებს ამჟღავნებს. ამას სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. პოპულარულ სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე.რუ“-ზე კი ათეულობით ულტრარადიკალური რუსული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც ნაცისტური პროპაგანდის ტირაჟირება ხდება..
ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი სასაკლაოდან სულ რამდენიმე საათში, „ფეისბუქის“ რუსულ ანალოგზე გამოჩნდა გვერდები სახელწოდებით: „ბრევიკი თეთრი რასის გმირია“. თითოეულ მსგავს ჯგუფს ასეულობით წევრი ჰყავს. დასავლური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნორვეგიელი ტერორისტის ერთ-ერთი გამორჩეული თაყვანისმცემელი ალექსანდრე ბელოვია, რომელიც არალეგალური ემიგრაციის მოწინააღმდეგე მემარჯვენე მოძრაობის ლიდერია. სწორედ ეს პიროვნება ირწმუნება, რომ რუსეთში ათასობით უკმაყოფილო ადამიანია, რომელნიც მზად არიან ხელში იარაღი აიღონ და ბრეივიკის ქმედება გაიმეორონ, ანუ გახდნენ „წმინდა ომის მებრძოლები“ - აცხადებს ბელოვი და ნორვეგიელ ტერორისტს „ეფექტურ მენეჯერს“ უწოდებს.
ნორვეგიის ტრაგედიამ მსოფლიოს დაანახა, რომ ფსიქიურად გაუწონასწორებელი რადიკალები, შეიძლება ყველაზე განვითარებული და აყვავებული სახელმწიფოების საზოგადოებაშიც იმალებოდნენ. მაგრამ ულტრანაციონალიზმის სენი, წლების განმავლობაში, რუს ახალგაზრდობაში მაინც ყველაზე რთულ და საშიშ ფორმებს იღებს. ადგილობრივი ახალგაზრდების მეორე, გაცილებით მცირე ნაწილმა, რომელიც ლიბერალური იდეოლოგიის და დემოკრატიის პრინციპებს იზიარებს, რამდენჯერმე, სხვადასხვა საშუალებებით სცადა ულტრარადიკალების წინააღმდეგ გალაშქრებაა, თუმცა სრული წარუმატებლობა განიცადა.
ნაციზმისა და ფაშიზმის გამოვლინებამ რუსეთში, განსაკუთრებით საშიშ ნიშნულს გასული წლის დასასრულს, ცნობილი მოვლენების დროს მიაღწია, როდესაც ათასობით რუსი ახალგაზრდა მოსკოვის ცენტრში შეიკრიბა. ისინი ჰიტლერულად ხელის აწევით და სკანდირებით „ზიგ ჰაილ“ ან „რუსეთი რუსებისთვის“, მუქკანიანი უცხოელების მათ დიად სამშობლოში ცხოვრებას აპროტესტებდნენ. ცნობილია ისიც, რომ კრემლი ნაცვლად იმისა, ამგვარ იდეოლოგიას და მოძრაობებს ებრძოლოს, პირიქით, წაქეზების პოლიტიკას მიმართავს. დასავლელი ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა, რომლის გამოსწორება „ველიკაია დერჟავამ“ წლების განმავლობაში ვერაფრით მოახერხა. სწორედ ამიტომ რუსულ მმართველ „ვერხუშკას“ ურჩევნია საკუთარი მოსახლეობის რისხვა და აგრესია სხვა კალაპოტში წარიმართოს და არა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას გარდა, რუსული იმპერიალისტური მმართველობისათვის, მსგავსი იდეოლოგიის მოძრაობები გაცილებით უფრო საიმედოა საიმისოდ, რომ ისინი კრემლის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, სახიფათოს არაფერს ჩაიდენენ და არც დემოკრატიულ რევოლუციას მოაწყობენ.
ევროპელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ რუსეთის ლიდერები ჯერ კიდევ 2003-04 წლებისს საქართველოს და უკრაინის მოვლენებმა ძალიან შეაშინა. მას შემდეგ, კრემლი, სხვადასხვა ფორმებით, უკვე წლებია, „საკუთარ“, რუსეთის ძლევამოსილების იდეით შეპყრობილ, ახალგაზრდულ მოძრაობებს ქმნის, რომელნიც მზად არიან, ხელისუფლების ყოველ ბრძანებაზე ქუჩაში გამოვიდნენ, ხელისუფლების ინტერესების დასაცავად. მსგავსი პოლიტტექნოლოგიებით ახერხებს მმართველი ელიტა იმას, რომ რუსეთში დემოკრატიულ ფრთას უკიდურესად სუსტი პოზიციები აქვს ფერადოვანი თუ არაბული ტიპის რევოლუციების მოსაწყობად. ასეთი ორგანიზაციების რიცხვში არიან „ნაში“, „ახალგაზრდა გვარდია“ და სხვა მყვირალა სახელწოდებების გაერთიანებები. მათი რიცხვი წლების მანძილზე სულ უფრო მატულობს. საქმე იქამდეც მიდის, რომ როგორც ერთ-ერთი რუსი ბლოგერი წერს, არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც მოძრაობა „რუსეთი მხოლოდ რუსებისთვის“ ლიდერები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც გამოჩნდნენ, მით უმეტეს, რომ ნაციზმი, რუსული საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის, მიუღებელი მოვლენა სულაც არ არის.
კომენტარი