სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ახვეული თვალებითა და "სირცხვილიას" წარწერიანი მაისურებით მივიდნენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კამპანია “სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს “გავრილოვის ღამესთან“ და დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა მოსთხოვეს.
სამოქალაქო აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე მაისურებით - წარწერით “სირცხვილია“ და თვალზე აფარებული ლენტებით მივიდნენ. როგორც მათი მხრიდან ითქვა, ჯგუფური ძალადობის მუხლით “ქართულ ოცნებას“ არასდროს დაუკავებია და გაუსამართლებია “ქართული მარშის“ წევრები, როდესაც ისინი პოლიციელებზე ძალადობდნენ.
“72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზიციაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ სოფო კილაძეს.
კომენტარი