სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხუდონჰესის აშენებით ადამიანთა უფლებები რომ არ უნდა დაირღვეს, ამას სრულად ვაცნობიერებთ"

ბოლო თვეების განმავლობაში ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობაზე გამართული დებატებისას ოპონენტები დღეს არსებული პროექტის ალტერნატივებზე საუბრობენ. მათ ეჭვი შეაქვთ ასევე პროექტის ფინანსურ სარგებლიანობაშიც. ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ვარაუდებს კომპანია "ტრანსელექტრიკას" ტექნიკური ხელმძღვანელი, დავით მირცხულავა პასუხობს.

_ ბატონო დავით, არსებობს თუ არა ხუდონჰესის პროექტის ალტერნატივები და იყო თუ არა განხილული ეს ალტერნატივები პროექტზე მუშაობის ფარგლებში?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიუხედავად პროექტის მიმართ ამხელა ინტერესისა, მცირეოდენია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საფუძვლიანადაა გაცნობილი ყველა გამოქვეყნებულ, საჯარო განხილვისთვის განკუთვნილ სამეცნიერო და საპროექტო ანგარიშებს ხუდონჰესის შესახებ. ჩემი აზრით, ეს ძალიან სამწუხაროა. ახლავე მოგახსენებთ რას ვგულისხმობ: ხუდონჰესის კაშხლის განლაგების ალტერნატივები განხილული იყო "გარემოზე ზემოქმედების შეფასების" იმ ვარიანტშიც, რომელიც საყოველთაო განხილვა მიმდინარეობდა 2013 წლის ივლისიდან. გასული წლის აგვისტოს თვეში ჩაბარდა გარემოს დაცვის სამინისტროს, და ამ ანგარიშზე მიღებულია შენიშვნები. სწორედ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ამ ანგარიშშია განხილული კაშხლის განლაგების შემდეგი ალტერნატივები: ალტერნატივა ხუდონი სადაწნევო გვირაბის სიგრძით- 300მ და 280 მ დღეს არსებული ვარიანტი (სამი ქვეალტერნატივით), ალტერნატივა ხაიში C - სადაწნეო გვირაბის სიგრძე 4315 მ (ხუთი- 3A,3B,4A,4B,5 ქვეალტერნატივით), ალტერნატივა ხაიში B - სადაწნეო გვირაბის სიგრძე 6163 მ (ოთხი -6A,6B,6C,6D ქვეალტერნატივით), ალტერნატივა ხაიში A -ზედა ბიეფი - სადაწნეო გვირაბის სიგრძე 8977 მ (ოთხი- 7A,7B,7C,7D ქვეალტერნატივით) და ალტერნატივა ხაიში A -ქვედა ბიეფი სადაწნეო გვირაბის სიგრძე 7570 მ (7E,7F,7G,7H ქვეალტერნატივით) ფაქტიურად განხილული და შეფასებული მრავალკრიტერიალური მეთოდოლოგიით 20 ალტერნატივა. ამ ალტერნატივებიდან ალტერნატივები B, A-ზედა ბიეფი, A-ქვედა ბიეფი სწორედ მდინარე ენგურის ზედა წელშია განლაგებული მდინარე ნენსკრასა და მდინარე ენგურის შესართავიდან მაღლა. კომპლექსურმა შეფასებებმა აჩვენეს, რომ დღეს არჩეული ვარიანტი ერთმნიშვნელოვნად საუკეთესოა. სხვათაშორის, ის ვარიანტიც მეტად საფუძვლიანადაა განხილული, რომელსაც დღეს ალტერნატივად ასახელებენ. მეტსაც მოგახსენებთ, ენგურის ზედა წელში, სოფელ ხაიშის მაღლა ვარიანტები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ასევე საფუძვლიანად, ფუნდამენტურადაა განხილული ხუდონჰესის პირველადი პროექტის ავტორის, ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" შრომებში. სპეციალისტებს ახსოვთ "ტობარი 1" და "ტობარი 2" ვარიანტები. იმ პერიოდშიც ძალიან დეტალურად იქნა შესწავლილი ენგურის ზედა წელში მთელი ტერიტორია 1040 მ ნიშნულამდე ზღვის დონიდან. ასეთი შესწავლები ჩაატარა ასევე კომპანია "შტუკემ" ბოლო 5-6 წლის განმავლობაში.

_ თქვენს ოპონენტებს ეჭვი შეაქვთ ამ პროექტის სარგებლიანობაზე. აცხადებენ, რომ თქვენი კომპანიის, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დასახელებული გადასახადები (მოგების, ქონების, საშემოსავლო), რომელიც სახელმწიფომ უნდა მიიღოს არ შეესაბამება სინამდვილეს და მოჰყავთ განსხვავებული რიცხვები. თქვენი კომენტარი როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით?

_ უკვე მრავალჯერ განვაცხადე, რომ ამ საინვესტიციო პროექტის ეფექტურობა შესწავლილი აქვს მსოფლიოში საუკეთესო და ცნობილ საფინანსო ინსტიტუტებს, ფინანსურ საკონსულტაციო ჯგუფებს, რომელთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ეჭვს არცერთ ქვეყანაში იწვევს. მათ მიერ შექმნილ ფინანსურ გათვლებსა და მოდელებს ეფუძნება როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ასევე ჩვენ. ნამდვილად არ გვაქვს არავითარი საფუძველი არ დავეყრდნოთ მათ მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო გადასახადების ოდენობებსა და მოცულობებს. მითუმეტეს, ასეთი გათვლების შედეგები იდენტურია ამ ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ ყველა ცალკეულ დამოუკიდებელ მოდელში.

_ რიგ პუბლიკაციაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამ პროექტის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. არის თუ არა ასეთი ობიექტის შექმნა აუცილებელი საქართველოსთვის?

_ თუ ჩვენ ქვეყანას განვითარება უწერია, მისი ეკონომიკა სწრაფად უნდა განვითარდეს. ყოველწლიურად, მინიმუმ 5%-იან ზრდაზე მეტით ან უფრო ამბიციურად ორნიშნა რიცხვს მიახლოვებული ზრდით, რაც ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქის ოცნებაა. ამის მისაღწევად ქვეყანამ აუცილებლად უნდა განავითაროს მისი ეკონომიკის ინფრასტრუქტურული საფუძველი _ ენერგეტიკა. საქართველოს მომავალი ენერგეტიკის განვითარების პრიორიტეტი საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსის ათვისებაა და მათ შორის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელება, როგორიც ხუდონია. ენერგეტიკული სისტემის განვითარების დაგეგმისათვის არსებობს დაგეგმვის მოდელები. ასეთი მოდელის გამოყენებამ საქართველოში, ეკონომიკური ყოველწლიური 3%-იან ზრდაზე მეტის შემთხვევაში, ცალსახად აჩვენა ხუდონჰესის აუცილებლობა საქართველოს ენერგოსისტემისათვის. სხვა ასეთ პროფესიონალურ ნაშრომს საქართველოში მე არ ვიცნობ. ამიტომ ვუყურებ ოპონენტების განცხადებებს, სკეპტიკურად და მიმაჩნია, რომ მათი საუბრები ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია.

_ დღეს შენდება თუ არა ასეთი სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული ობიექტები მსოფლიოში?

_ მსოფლიოში ძალიან ბევრი შენდება. იაპონიაში, მომავალი 10 წლის განმავლობაში, 150 კაშხალი აშენდება წყალსაცავით. მათი რიცხვი ამ მცირემიწიან, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ, მაღალ სეისმურ ქვეყანაში 2 500-ს აჭარბებს. მაგრამ მე ევროპას დავუბრუნდები, ჩვენსავით პატარა ქვეყანას შვეიცარიას, უამრავი ჰესი აქვს დიდი კაშხლით და წყალსაცავით ალპებში. ეს პატარა ქვეყანა ჰიდროაკუმულიაციური ელექტროსადგურების ინტენსიურ მშენებლობაშია, მაგალითად, მშენებლობის პროცესშია ლინტჰალი 2015 - 1000 მგვტ, ნანტე დრანცე - 900 მგვტ, იგეგმება ბერნინა (ლაგო ბიანკო) - 1000 მგვტ და ასე შემდეგ. ასეთივე სიტუაციაა ავსტრიაში, ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს პორტუგალიაშიც.

ზემოთ ჰიდროაკუმულიაციური ელექტროსადგურები ვახსენე და ამ მიმართებაშიც მინდა ვთქვა, ხუდონჰესის დღევანდელი პროექტი და მისი ადგილმდებარეობა ნამდვილად იძლევა ენგურჰესის წყალსაცავთან ერთად არსებული ამ ობიექტების ინფრასტრუქტურის ოპტიმალური გამოყენებით ჰიდროაკუმულაციური ელექტროსადგურის შექმნის საშუალებას. პიკურ ენერგიაზე მოთხოვნები მუდმივად გაიზრდება საქართველოშიც, მეზობელ ქვეყნებშიც და ევროპაშიც.

_ გარემოს დამცველები საუბრობენ კლიმატის მოსალოდნელ ცვლილებაზე. აორთქლების ზრდასა და აქედან გამომდინარე, ნალექების ზრდაზე, ასევე ღვარცოფებისა და მეწყრების პროვოცირებასა და ეროზიული პროცესების გააქტიურებაზე...

_ კლიმატის ცვლილების პროგნოზული მოდელებით მიღებულმა შედეგებმა 2020-2050 წლებში და 2100 წლამდე აჩვენეს, რომ ხუდონჰესის მშენებლობით გამოწვეული ცვლილებები მინიმალურია და კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ აქვს. მაგალითად, გათვლებით: ზაფხულის საშუალო სეზონური ტემპერატურა 2020-50 წლებისათვის 0.4 გრადუსით-ით იზრდება, გაზაფხულზე ტემპერატურის მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებად იზრდება _ 0.5-1 გრადუსით 2020-2050 წლებისათვის, ზამთარში, მომავალი 2020-2050 წლების პერიოდისათვის, საშუალოდ ტემპერატურა 2 გრადუსით უფრო თბილი იქნება. 2020-2050 წლებისათვის საშუალო, საშუალო მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა შემოდგომაზე ყველაზე მეტად იმატებს (3.5-5 ).

რაც შეეხება ღვარცოფებს, მეწყრებს, ეროზიულ პროცესებს, მათზე ხუდონჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის მთელ პერიოდში განხორციელდება პერმანენტული ნატურული დაკვირვებები, რაც საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ პრევენციული საინჟინრო ღონისძიებები და მინიმიზაცია მოვახდინოთ ან საერთოდ ავიცილოთ თავიდან ეს მოვლენები.

_ არსებობს თუ არა არსებულ პროექტში გეოლოგიური, მარცხენა ფერდის პრობლემა?

_ ჩემი აზრით, კითხვა არ არის კორექტული, აქ პრობლემაზე არ არის საუბარი. ალბათ კითხვა ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იან წლებში გაჟღერდა, საუბარი იყო ჩატარებულ დამატებით კვლევებზე, გარკვეულ ნიშნულზე, 670 მ-ს მარცხენა ფერდზე კლდის სიმტკიცის მახასიათებლები მცირდებოდა ქვედა ნიშნულებთან შედარებით. ცნობისათვის, მდინარის კალაპოტის ნიშნული არის 530 მ. ეს არც მაშინ იყო აღქმული პრობლემად და არც ახლა ითვლება რაიმე საფრთხედ და ანომალიურ მოვლენად. კაშხლის ფუძის კლდოვანი ქანების მახასიათებლების ასეთი არაერთგვაროვნება იყო და არის მსოფლიოში აშენებული უამრავი თაღოვანი კაშხლის შემთხვევაში. იმ პერიოდშიც იყო შემოთავაზებული საინჟინრო გადაწყვეტა და ახალ პროექტშიცაა შემოთავაზებული უკვე სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს მრავალ ცნობილ ინჟინერ-გეოლოგს აქვს ხუდონჰესის გეოლოგიური კვლევის მასალები დეტალურად შესწავლილი და არც ერთი მათგანი გამოთქვამს შეშფოთებას ამ საკითხთან მიმართებაში და არ მიიჩნევს ხუდონის კაშხლის ფუძის გეოლოგიურ მონაცემებს პრობლემურად.

_ განსახლების პრობლემა არის თუ არა ამ პროექტის "აქილევსის ქუსლი"? რას აპირებს კომპანია ამ მიმართულებით?

_ გეთანხმებით, ეს მეტად მძიმე სენსიტიური თემაა. ხშირად, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხუდონჰესის აშენებით არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებები და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენი კომპანია ამას სრულად აცნობიერებს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისა და მოსახლეობის უფლებების დაცვა და მათი მდგომარეობის გამოსწორება მთელი ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. ჩვენი მიზანი არის ღირსეული, უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნათ ამ ადამიანებს, მათ შვილებს, მომავალ თაობებს. კომპანია ამ პროცესს განიხილავს გრძელვადიან ჭრილში. ასეთი ობიექტის მშენებლობა საშუალებას მისცემს არა მარტო ხაიშელებს და სვანეთის მოსახლეობას, არამედ ათასობით ოჯახს საქართველოში გაცილებით უკეთესად, ეკონომიკურად უზრუნველყოფილად, ღირსეულად იცხოვრონ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100