სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიყვარულს გადაჩვეული ადამიანის აღიარება

მე ის ბევრი ვარ, შენ, რომ გეცოტავება. მე ის ვარ ყველაფრის მოცემა, რომ შეუძლია შენთვის, მაგრამ არა სიყვარულისა.

მე ის რეალისტი ვარ, რომელშიც შენ რომანტიკას ეძებ, მე კი არ შემიძლია მიყვარდეს ის ვინც ჩემგან გამორჩენას ელის. შენ ხომ ყველაფრის მიღება გინდა, ყველაფრის და მათ შორის სიყვარულისაც.

ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს ამ გრძნობისთვის დაღვრილი ცრემლი, მინახავს იგივე ცრემლების მიზეზი თუ არდრესატი ამ ცრემლების გვერდით სხვას, რომ უცინოდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ სულ ახლოს ვიღაც მისთვის ტიროდა.

ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს მის ლოდინში გაჭაღარავებული ადამიანები.

ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს, როგორ აცამტვერებს მას ყოფიერების პრობლემები.

ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს, როგორ აღმოუჩენია შეყვარებულ ადამიანს, რომ თურმე სულაც არ ყვარებია.

ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს ღალატი, მინახავს ორგული ადამიანები, მინახავს ეგოისტები, ცინიკოსები, ნიღბიანები, ბოროტი მატყუარები. დანგრეული ოცნებებიც მინახავს, გატეხილი გულებიც, გაყინული სულებიც. სიყვარულის ტყავში გახვეული ვნებაც მინახავს, ფულის სიყვარულისთვის ადამიანის სიყვარულის სახელის დარქმევაც ვიცი რა არის...

ხოდა ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რომელიც არ არსებობს...

ნურც იმას მთხოვ, რომ მჯეროდეს შენი სიტყვების, რომლებსაც ყოველთვის ტყუილს ვამსგავსებ. არ შემიძლია მიყვარდე, რადგან მე მძულს შენი ტყუილები, მაგრამ მომწონს, რომ ყოველთვის იცი, რომელ სიტუაციას, რომელი ტყუილი უნდა შეუხამო... მომწონს, რომ შენი სიცრუე გაჭრილი ვაშლივით გავს სიმართლეს. შენი სიყვარული არ შემიძლია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შენს მიერ მოტანილი ყველა ილუზია მიყვარს.. აბსურდია, მაგრამ ფაქტია, შენი ტყუილები შენს სიყვარულში ხელს მიშლის, მაგრამ რომ არ მატყუებდე ილუზიებს ვერ მომიტანდი, ილუზიების გარეშე კი მე შენ არაფერში მჭირდები.

მომწონს, ილუზია, თითქოს ყველაფერი კარგად იქნება, თითქოს ყველაფერი კარგად არის და უფრო მეტიც, ილუზია თითქოს ყველაფერი კარგად იყო... მაგრამ მძულს ეს ყველაფერი, რადგან მხოლოდ ილუზიაა და არა სიმართლე.

მე შევძლებდი მყვარებოდი ამ ილუზიებისთვის, შენი ტყუილები ჭირივით, რომ არ მეზიზღებოდეს... მაგრამ ტყუილის გარეშე არ იქნებოდა ილუზია და ტყუილის გარეშე ახლოსაც კი ვერ მოგიშვებდი...

მაპატიე... მაპატიე... მაპატიე... მარტივი იყო, ყველაფრის შენთვის გადმობრალება, მაგრამ მე უფრო მეტად დამნაშავე ვარ... არ ვიცი ჩემამდე ეს ვინმემ აღიარა თუ არა, მაგრამ ჩვენნაირ წვილებში დამნაშავე ყოველთვის ის არის ვინც ჩემნაირია, დამნაშავეა ის ვინც ილუზიებში სამოგზაურო ბილეთს სხვისი ტყულით ყიდულობს.

მაპატიე, მაპატიე, რომ გაიძულებ მომატყუო... გაიძულებ თავი იმაზე უკეთესად მომაჩვენო ვიდრე ხარ, მე უსიტყვოდ გთხოვ ყოველდღე აპრიალო ჩემი ვარდისფერი სათვალე და მერე გაიძულებ ჯოჯოხეთური წამების გადატანას, ყოველთვის, როცა ამ სათვალეს ვიხსნი. მაპატიე, რომ მე ის რეალისტი, ვარ რომელიც რეალობას ხედავს და არ აღიარებს.

თუ გინდა წადი, მაგრამ იცოდე თუ წახვალ შენი შექმნილი ილუზიების გარეშე მოვკვდები... არ გამიბრაზდე, ეს სამყარო, ცხოვრება, გრძნობები, ადამიანები, აზრები, ყველაფერი ილუზიაა და ვინ იცის ეგებ ერთ დღეს ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ ილუზია სახელად „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100