საბერძნეთის ბანკებში დეპოზიტების მასობრივი გადინება დაიწყო
სააგენტო Reuters–ის მონაცემებით, საბერძნეთის „ცენტრალური ბანკის“ ხელმძღვანელმა გეორგ პროვოპოულოსმა პრეზიდენტ კარლოს პაპულიას შეატყობინა, რომ ფინანსური ინსტიტუტები შეშფოთებულნი არიან ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით – ბერძნებმა ბანკებიდან თანხის გატანა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს, რომელიც 6 მაისს ჩატარდა.
უკანასკნელი მონაცემებით, მოქალაქეებმა ბანკებიდან 700 მილიონ ევროზე მეტი უკვე გაიტანეს და სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს თანხა საგრძნობლად გაიზრდება.
საბერძნეთის პირველ პირთან საუბრისას „ცენტრალური ბანკის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კაპიტალის მკვეთრი გადინების მიუხედავად, მოქალაქეებში პანიკა არ შეინიშნება. თუმცა აღიარა, რომ ბერძნების უმეტესობას ეშინია, დანაზოგის გარეშე არ დარჩეს იმ შემთხევვაში, თუ საბერძნეთი ევროკავშირიდან გამოვა.
„პროვოპოულოსმა შემატყობინა, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში პანიკა ჯერ არ არის, მაგრამ არსებობს სერიოზული შიში, რომელიც შესაძლოა, პანიკაში გადაიზარდოს.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
აღნიშნული თანხა ბერძნებმა ზუსტად ერთ დღეში, კერძოდ კვირას, გაიტანეს. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ საბერძნეთის პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდნენ ახალი, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების სესახებ, ამიტომ ახლა ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნები ელოდება.
Reuters–ის მონაცემების მიხედვით, საბერძნეთის ბანკებიდან ფულის გადინება დღემდე გრძელდება.
კომენტარი