ვანო მერაბიშვილი: მე შეწყალება არ მჭირდება
გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილისა და პატიმრობაში მყოფი სხვა მაღალჩინოსნების შესაძლო შეწყალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ვანო მერაბიშვილი ეხმაურება. ყოფილი პრემიერის თქმით, მას არავის შეწყალება არ სჭირდება.
"არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" სრული ისტერიკა დაიწყო. რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ამომრჩევლებს აშინებენ იმით, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყება.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას.
მე შეწყალება არ მჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. დეკემბერში უნდა გაიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც "ქართული ოცნებისა" თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში. მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს" - წერს ვანო მერაბიშვილი.
კომენტარი