სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ველომოგზაურის „ვიდეოანგარიში“ იმის შესახებ, როგორ გადაურჩა აფხაზეთში სიკვდილს

ვიდეო „იუთუბზე“ 20 სექტემბერს აიტვირთა და ველომოგზაური 17-18 სექტემბრის ამბებს ჰყვება. ცემისგან თვალებდალურჯებული რუსი ტურისტის „ვიდეოანგარიში“ ჯერჯერობით არ გამხდარა არც ქართული და, მით უმეტეს, არც რუსული მედიის დაინტერესების საგანი.

20 სექტემბერს „იუთუბზე“ ერთი ძალიან უცნაური და საინტერესო ვიდეო დაიდო. კადრში ჩანს დაახლოებით 20-22 წლის რუსი ახალგაზრდა, რომელსაც ეტყობა, რომ თვალები ცემისგან დალურჯებული, ხოლო სახე - შეშუპებული აქვს.

როგორც ირკვევა, ველომოგზაუობის მოყვარული ტურისტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობს და სანამ აფხაზეთამდე მიაღწევდა, ეს მოგზაურობა მშვიდად მიმდინარეობდა. როგორც ტურისტი ჰყვება, კოშმარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი (ანუ, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ფსოუს გამშვებ პუნქტთან, - რედ.) გადაკვეთა და აფხაზეთში გადავიდა.

„ბევრი მირჩევდა, რომ აფხაზეთში გადასვლისგან თავი შემეკავებინა. მეუბნებოდნენ, ცოტა აზრზე მოდი, სად მიდიხარ, გაგრა, სოხუმი და ახალი ათონი საშიშია, იქ მოგკლავენო. მე მათ ყური არ ვათხოვე და ვპასუხობდი, რომ ყველას თავისი ახირება აქვს: ზოგს მზეზე პლაჟზე კოტრიალი მოსწონს, მე კი მთაში ხეტიალი მიზიდავს.“

რუსმა ტურისტმა მთები კი ნახა, მაგრამ ახლა მათ ცემისგან დასიებული თვალებით ათვალიერებს. ამბობს, რომ სასტიკად სცემეს და ყველაფერი წაართვეს, ისეთი ნივთებიც კი, რომლებიც მათთვის უსარგებლო, მისთვის კი საჭირო იყო. იმედსაც გამოთქვამს, რომ სოჭამდე მშვიდობით ჩააღწევს.

რუსი ველომოგზაურის ცემის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ მედიასაშუალებებში არ გასულა. რა თქმა უნდა, დიდად არც რუსულ მედიას შეუწუხებია თავი. ტურისტმა მომხდარი თავდასხმისა და მისი სასტიკად ცემის ფაქტი საკუთარ ბლოგზეც აღწერა და რუსეთში ჩასვლის შემდეგ უფრო დაწვრილებით აპირებს იმაზე საუბარს, როგორ გადაურჩა სიკვდილს აფხაზეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100