სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანეთში გეებს ეპისკოპოსობის უფლება მიეცემათ

ანგლიკანური ეკლესია, ერთსქესიანი ქორწინებების მიმართ, თავისი პოლიტიკის გადახედვას აპირებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გეებს, შესაძლოა, ეპისკოპოსის ტიტულის ტარების ნება დართონ.

როგორც ირკვევა, მცირე ხნის წინ, ბრიტანელმა იურისტებმა ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლებს განცხადებით მიმართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ეპისკოპოსობაზე გეებისათვის უარის თქმა, უკანონობაა. დღეისათვის, ქვეყანაში გეებს მღვდლად კურთხევის უფლება აქვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უბიწოების აღთქმას დადებენ, თუმცა, ეპისკოპოსობა ყველა შემთხვევაში ეკრძალებათ.

„ბი–ბი–სის“ ჟურნალისტი რელიგიის საკითხებში, რობერტ პიგოტი მიიჩნევს, რომ ეკლესიის გადაწყვეტილება, შესაძლოა, ჰომოსექსუალური ურთიერთობების უფრო ფართო აღიარების საფუძველი გახდეს. თუმცა, კონსერვატიულ ინგლისურ საზოგადოებაში, მსგავსი იდეის მხარდამჭერები, ტრადიციონალისტების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას და ცხარე დებატებსაც ელიან.

ზოგადად კი, ინგლისის და უელსის კანონმდებლობის მიხედვით, ერთსქესიანი კავშირების ოფიციალურად დაკანონება, რელიგიურ დაწესებულებებში იკრძალება. ცერემონიის დროსაც კი აკრძალულია რელიგიური ჰიმნების შესრულება და ლოცვების კითხვა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში ამ თემაზეც მსჯელობენ და „ნისლიან ალბიონში“, შესაძლოა, ამგვარი ქორწინებების ლეგალიზებაც მოხდეს, თუ, რა თქმა უნდა, ანგლიკანური ეკლესია თავის მკაცრ პოზიციას შეიცვლის. დღეს ეკლესიის მესვეურები აცხადებენ, რომ საკუთარი ტაძრების გამოყენებას, გეებისა და ლესბოსელების კავშირის ღვთის წინაშე ოფიციალურად გასაფორმებლად, არ აპირებენ.

რელიგიური პირები, ეკლესიის საქმიანობაში, იურისტების და პარლამენტის დეპუტატების ჩარევის წინააღმდეგაც გამოდიან. ანგლიკანურ ეკლესიას ამ საკითხებში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, მათ შორის ყველაზე პრინციპულები კი რომის კათოლიკური ეკლესია და ისლამური გაერთიანებები არიან, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის მიმართ, უკიდურესად შეუწყნარებელ პოზიციას აფიქსირებენ.

ცნობილია, რომ ორი წლის წინ, შვედეთის ლუთერანულმა ეკლესიამ ეპისკოპოსის ტიტული ქალბატონს, ევა ბრიუნს მიანიჭა, რომელიც არასდროს მალავდა, რომ ლესბოსელია. ახლგადგამომცხვარმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი სხვა ქვეყნებისთვისაც მაგალითი უნდა გახდეს, რამაც მაშინ, სრულიად მსოფლიოს კონსერვატიული საზოგადოება უკიდურესად აღაშფოთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100