სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვ.ვ. პუტინი თვალშისაცემად კოჭლობს: სპორტული ტრავმა თუ მძიმე დაავადება? (ვიდეო)

რუსული ინტერნეტსივრცე სავსეა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაძლო ავადმყოფობის დიაგნოზებით. მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინს, მძიმე დაავადების გამო საოპერაციოდ ამზადებენ, კადრებიც დაერთო, სადაც აშკარად ცანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი კოჭლობს.

კადრების გავრცელების შემდეგ კი გამოქვეყნდა ისეთი აკადემიური სააგენტოს ინფორმაცია, როგორიც „როიტერია“. მსოფლიო სატელევიზიო სააგენტო, კრემლის ინკოგნიტო მაღალჩინოსნებზე დატრდნობით იუწყებოდა, რომ ვლ. პუტინი ბოლო დროს ზურგის არეში აუტანელი ტკივილებით იტანჯება და მას საოპერაციოდ ამზადებენ. სააგენტომ ამის დამადასტურებლად მიიჩნია ფაქტები, რომ რუსეთის პრეზიდენტის წინასწარ დაგეგმილი ვიზიტები საზღვარგარეთ, მათ შორის, ინდოეთსა და ჩინეთში, გადაიდო.

„როიტერის“ ინფორმაციას სასწრაფოდ გამოეხმაურა კრემლი. პრეზიდენტის პრესმდივანმა გამოქვეყნებულ მასალას „მცდარი“ და „სინამდვილესთან შეუსაბამო“ უწოდა, თუმცა, ვერც ის დამალა, რომ პუტინს მართლაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ოფიციალური ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს ერთ-ერთი გამამხნევებელი ვარჯიშის დროს კუნთი დაეჭიმა და ეს მაშინ მოხდა, როცა ძელს სწევდა. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვლ. პუტინის გრაფიკი ცოტათი განტვირთულიყო.

ამ განცხადებამ პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ხმები ვერ ჩააცხრო: ფორუმებზე იუზერები ხან პროსტატის კიბოზე ამახვილებენ ყურადღებას, ხან კი ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც, მათი თქმით, პუტინმა მაშინ „აიკიდა“, როცა წეროებთან ერთად "იფრინა". ზოგიერთები მოახლოებულ ინსულტსა და ინფარქტისწინა მდგომარეობაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა, რასაკვირველია, ყველა ეს მსჯელობა მხოლოდ გარეგნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული და, შეიძლება ითქვას, სუფთა სამედიცინო დატვირთვა და კომპეტენცია არ გააჩნია.

4 ნოემბერს კი პრეზიდენტი პუტინი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვიდეოკადრებში: მან რუსეთის პატრიარქთან ერთად წითელ მოედანზე ყვავილები მიიტანა. ოპერატორები, რომლებიც ღონისძიებას აშუქებდნენ, ადრინდელთან შედარებით, უფრო შორ დისტანციაზე განალაგეს და რუსეთის პრეზიდენტთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

ოფიციალურად გავრცელებულ კადრებში პუტინი სულ რამდენიმე წამით ჩნდება, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ კოჭლობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100