სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეხუთე ელემენტი, ანუ ქალი „აჩკებით“

ცოცხალი თავით არ ვეთანხმები მსოფლიო დონის მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს იმის შესახებ, რომ ჩვენს გალაქტიკაში ოთხი ძირითადი ელემენტი (წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი) არსებობს. მე აღმოვაჩინე და სავარაუდოდ, მალე დავაპატენტებ ახალ გამოგონებას მეხუთე ელემენტის არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენს ყოფნა-არყოფნას მნიშვნელოვნად განაპირობებს.

ამ აღმოჩენას არც მეტი, არც ნაკლები - ხორბალი ეწოდება, რომლისგანაც ასეულობით სახეობის პროდუქტს ამზადებენ და რომლის გარეშეც დანარჩენი ოთხი ელემენტის არსებობას აზრი ეკარგება. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მსგავსი იდეები გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში კიდევ ერთ პიროვნებას აწუხებდა. ჩემგან განსხვავებით, მან სწაფად მოახერხა თავისი ჩანაფიქრების რეალიზება და ხორბლის წყალობით „ფულის ტომარად“ იქცა.

ლანგარი ხომ იცით რაც არის? ჰოდა, იმ სათვალეებიან და ერთ დროს გავლენიან ქალბატონს, ვის შესახებაც ახლა ვწერ, სწორედ ლანგრით მიართვა საკუთარმა მამამ, „ხორბალამ“ ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. ფქვილით, ქატოთი და კორმით ნაშოვნი მილიონებით ამ კაცმა ქალიშვილს ყველაფერი უყიდა, რისი ყიდვაც შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა.

მოკლედ, ავადსახსენებელ ოთხმოცდაათიან წლებში, დამშეულ, გაუბედურებულ საქართველოში, შევარდნაძის მიერ „მეფქვილეთუხუცესად“ დასმულმა პარაზიტმა დიდძალი ქონება იშოვა. მკითხველს კარგად ემახსოვრება ის პერიოდი, როცა „აჩკებიანის“ მამიკო ხალხს კორმანარევ, ტალახიან „შავ პურს“ აჭმევდა, თვითონ კი მდიდრდებოდა და მდიდრდებოდააა.

სხვათაშორის, იმ „პურს“ მეზობლის თავმოყვარე ძაღლის მსგავსად არც ჩემი ძაღლი, „კუკური“ ჭამდა. საწყალი ძირითადად კარტოფილისა და ვაშლის ნაფრცქვენს „მიირთმევდა“, თან საცოდავი თვალებით შემომყურებდა, თითქოს მეუბნებოდა, ოღონდ მაგას ნუ შემაჭმევთ და თუ გინდა ბალახსაც მოვძოვო.
ასეთი საყოველთაო გაჭირვებისა და გაჭირვებულების ფონზე, „აჩკებიანი“ ქალის ცხოვრება ნამდვილ ზღაპარს ჰგავდა. ერთ მშვენიერ დღეს, ძლევამოსილმა „მეფქვილეთუხუცესმა“ განებივრებულ ქალიშვილს დიდი ხნის ოცნება აუხდინა და ჯერ გააპარლამენტარა, ხოლო შემდეგ მის თავმჯდომარედაც წამოასკუპა.

ალბათ გემახსოვრებათ, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მისი „უსათვალესობა“ ისე გააამპარტავნდა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში თვით ტეტჩერობაც კი მოინდომა. „ნებიერამ“ ყველას ზემოდან დაუწყო ყურება და დროთა განმავლობაში, „ლედიც“ გახდა.

მას „ფულ-ნტუიცია“ არასოდეს ღალატობდა, სადაც გაუდიოდა მხოლოდ იქ მბრძანებლობდა და არც მონურ მორჩილებაზე ამბობდა უარს. იგი მუდამ და სიამოვნებით ხუჭავდა ფართოდ გახელილ თვალებს, როცა ეს მისი „უსათვალესობის“ ინტერესებს დასჭირდებოდა.

2003 წელს, როცა ქართულ პოლიტიკაში არასასიამოვნო ბიძგები დაიწყო, „სათვალეებიანმა“ ელვისებურად ისკუპა ოპოზიციის ნავში და მამობილი ედიკა ფრიად გაანაწყენა. ამ ნახტომს შედეგად ის მოჰყვა, რომ გაოპოზიციონერებული ქალბატონი მცირე ხნით პრეზიდენტის სავარძელსაც შეერწყა, ხოლო მისი ჭეშმარიტი მფლობელის გამოჩენისთანავე, კვლავ პარლამენტს დაუწყო მწყემსვა.

შესაძლოა ტეტჩერის ლანდის აღმასვლა წარმატებით გაგრძელებულიყო, რომ არა მეტად საინტერესო ფაქტი: „აჩკებიანს“ ხელისუფლებიდან სამუდამოდ „დაახვევინეს“, სრა-სასახლენი ჩამოართვეს და კინაღამ გისოსებს მიღმა გადაამისამართეს. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მარად თავშეკავებული ქალბატონი მაგრად „დაანოკაუტეს“.
„საწყალმა“ ბევრი იწივლ-იკივლა, არიქა მიშველეთო, მაგრამ „ფქვილის პრინცესას“ წკავ-წკავს ყური არავინ ათხოვა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რაც მას წაართვეს ალბათ საერთო ქონების ხუთი პროცენტი თუ იქნებოდა, ანუ მილიონები და გაცილებით უკეთესი უძრავი ქონება ხელუხლებელი დარჩა. მეორეც, როცა მამამისი მეხუთე ელემენტის, ხორბლის წყალობით ფულს შოულობდა, ხალხს შიმშილისგან სული სძვრებოდა. ის კორმანარევ ფქვილს მამასისხლად ჰყიდდა.

როგორც იტყვიან, ჩვენი გმირი პოლიტიკურად დაასამარეს და ზედ დიდი ლოდიც დაადგეს წარწერით: „აღარ ამოვა“. ფქვილის დედოფალმა პოლიტიკურ ამბიციებს მაინც ვერაფერი მოუხერხა და კრემლის მოწყალების მოლოდინში დაიწყო პარტიული ფაფხური. შეიძინა რა მოსკოველი მოკავშირეები, ქალი „აჩკებით“ ერთობ გამოცოცხლდა.

თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ქალბატონის აქტივობა უფრო სხვა ამბავს წააგავს - თავისთვის გიჟდებაო - ასე იტყვიან ხოლმე მსგავსი პროტოტიპების შესახებ. გეკითხებით, რაღა უნდა, რისთვის იბრძვის? შეირგე რაღა ეგ ზღაპრული ცხოვრება და თავი დაგვანებე, ხოლო თუ ვერ ისვენებ და ასე შეგტკივა გული საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, მაშინ „მიეც გლახაკთა საჭურჭლე“...



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100