საგარეო უწყება: საჩხერის რაიონში მომხდარი ფაქტი გაუმართლებელი სისასტიკეა
ოფიციალური თბილისი საჩხერის რაიონში მომხდარ ფაქტს "გაუმართლებელ სისასტიკეს" უწოდებს.
"ქართული მხარე მომხდარს აფასებს, როგორც საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებას და გაუმართლებელ სისასტიკეს, რომელიც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გრიგოლ ვაშაძის უწყების შეფასებით, რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტული რეჟიმები აგრძელებენ დესტაბილიზაციის აგრესიულ პოლიტიკას, რაც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დატერორებისაკენ.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა 18 მაისის ინციდენტზე და ცხინვალში დაკავებული ადამიანების ბედზე რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს ეკისრება. დროა, რუსეთის ფედერაციამ ისწავლოს აღებული ვალდებულებების შესრულება და პასუხი აგოს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობით ან პატრონაჟით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები დესტაბილიზაციის სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს.
"განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაგეგმილი ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, ახლა საოკუპაციო ძალები ახალი ტიპის პროვოკაციებს მიმართავენ. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევას, ისევე როგორც ზოგადად მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და პრინციპების დარღვევას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ტერორისტული აქტების და მსგავსი ინციდენტების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად. პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება საქართველოსთან მიმართებაში ძალის არგამოყენების საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების აღება და საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აშკარაა, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყოფნის შედეგად იქნება შესაძლებელი მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება და ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარება", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ინციდენტს.
"ქართული მხარე სერიოზულად დააყენებს ტერორისტული აქტების, ამ და მსგავსი ინციდენტების და უკანონოდ დაკავებული პირების საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების მომდევნო შეხვედრებზე და კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომ შეწყვეტილ იქნას პროვოკაციული და მადესტაბილიზებელი ქმედებები", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი (რომელთა ასაკია 17, 21, 22, 26 და 27 წელი) ჯონჯოლის შესაგროვებლად იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩონთოს ხეობაში. ამ დროს ახალგაზრდებს თავს დაესხნენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის შეიარაღებული წარმომადგენლები, რომლებმაც ჯერ მათი დაკავება სცადეს, თუმცა, შეიარაღებული თავდამსხმებელებისგან ამ მოქალაქეების გაქცევის შემდეგ - ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიჭრა ორი მოქალაქე, მათ შორის, ადგილობრივი სკოლის 17 წლის მოსწავლე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
კომენტარი