"მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებამ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და ზოგადად პრობლემა მოხსნა"
ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტები ლევან კალანდაძე და ირაკლი ლექვინაძე RMG-სთვის საყდრისში სამუშაოების განახლების ნებართვის მიცემას დადებითად აფასებენ.
კალანდაძის განცხადებით, კომპანიის საქმიანობა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, RMG ქვეყნის ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი იყო და პრობლემების შექმნის შემდეგ, კომპანიის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 20 მილიონი ლარი შეადგინა და ამით საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის 7-ჯერ შემცირდა
"არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეკონომურის გარდა სოციალურ-ეკონომიკურია, მხედველობაში მაქვს დასაქმებულობის მაღალი მაჩვენებელი. პრაქტიკულად რეგიონში დასაქმებას უზრუნველყოფს RMG და მასთან დაკავშირებული ქვეკონტრაქტორი კომპანიები. აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის საინვესტიციო ბიზნესპროექტისთვის პრობლემის შექმნა ქვეყნის ეკონომიკისთვის პირდაპირი პრობლემაა. როცა პრობლემა ასეთ მსხვლ ბიზნეს ქეისებს ექმნება, ეს პირდაპირი სიგნალია, რომ საქართველოში ფულის დაბანდება, ინვესტიციების განხორციელება სარისკოა. ხელისუფლების მიერ ასეთ ბიზნეს ქეისებზე პასუხისმგებლობის აღება, დროული გადაწყვეტა, გარკვეული ბარიერების მოხსნა და მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, პირდაპირი რეციდივია იმისა, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ხელისუფლების მზაობა და პოლიტიკური ნება მაღალ დონეზეა. მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით ხელისუფლებამ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და ზოგადად ეს პრობლემა მოხსნა", - განაცხადა კალანდაძემ.
თავის მხრივ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ კომპანია RMG საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული საწარმოა, რომელიც აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ის პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში საექპორტო პროდუქტების ათეულში იყო. როგორც ეკონომიკის ექსპერტმა განაცხადა, დმანისისა და ბოლნისის ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საწარმოზე მოდის.
"მთლიანობში ამ საწარმოს მნიშვნელობა ძალიან დიდია და ქვეყნის სტრატეგიული, მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის ინვესტორები და კომპანიები ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გარეშე საქმიანობდნენ ქვეყანაში. კომპანიამ თუ არ დაიწყო ახალი საბადოების ათვისება, რაშიც საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია აქვს ჩადებული, პრაქტიკულად არ ექნება ის რესურსი, რომელიც მის სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ლექვინაძემ.
კომენტარი