სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისი დაკვეთით შესრულდა წმინდა ნინოს შარჟი?

მთელი რუსეთის ელექტრონული ინტერნეტ-სივრცე შეძრულია - 200-მდე (!) რუსულენოვანი საიტი თავის „აღშფოთებას“ ვერ მალავს - თბილისის ცენტრში, ქაშვეთის ეკლესიაში გამოჩნდა წმინდა ნინოს კარიკატურული გამოსახულება წარწერით: „Free Pussy Riot" .

რუსული საიტები დაუფარავი აღტყინებით წერენ, რომ „Pussy Riot" ის თავისუფლების მოთხოვნის ტალღას თურმე საქართველომდე მოუღწევია და ერთმანეთს ასწრებენ მკითხველისათვის იმის შეტყობინებას, რომ ქართველების საინიციატივო ჯგუფი 16 სექტემბერს ჩაატარებს აქციას ამ ვანდალური აქტის ჩამდენის დასადგენად და ა.შ.

მართლა ასე ძალიან წუხან რუსები ჩვენი განმანათლებლის სიწმინდის შელახვისათვის? მართლა ასე ადარდებთ ქაშვეთის კედელზე მიხატული შარჟის ამბავი? აგერ, გუშინ არ იყო, რუსმა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ თავისი უწმინდური ხელი რომ შეახო წმიდა ნინოს საფლავს და საფლავის თხრის პროცესში დამბლადაცემული ჭიებმა რომ შეჭამეს? ეხლა გაუსკდათ ჩვენი და ჩვენი ეკლესიის სიყვარულის ბუშტი?

არ მოტყუვდეთ, ქართველებო! 15 სექტემბერს დაგეგემილია მოსკოვში მილიონთა მარში პუტინის „ქურდებისა და თაღლითების“ ხელისუფლებისა და მასზე კუდმიფსკვნილი პატრიარქ კირილის კიდევ ერთხელ სამხილებლად. ამ დღესვე დაგეგმილია პოლიტპატიმრებისა დ, მათ შორის, „Pussy Riot"-ის გათავისუფლების მოთხოვნაც, რომლებიც ერთდროულად ორ პრემიაზე - სახაროვისაზე (ადამიანის უფლებების დაცვის დარგში) და კანდინსკისაზე (ხელოვნების სფეროში წარმატებებისათვის) არიან წარდგენილნი.

ამდენად, დავფიქრდეთ, თუ ვის ინტერესში შეიძლება იყოს ავადმყოფი თავიდან ტკივილის ჯანმრთელზე გადატანა: არცერთი ქართველი, თვით ყველაზე უკანასკნელი ათეისტიც კი არ იკადრებდა თავისი უდიდესი წმინდანის შეურაცხყოფას, ხოლო ვისი დავალებით შეიძლებოდა მომხდარიყო ამგვარი შარჟის შესრულება? პასუხი ერთია - მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, რათა ქართველები ისევე ჩაიზიარონ საკუთარ საეკლესიო უთანხმოებებში, როგორც აქამდე არაერთხელ უცდიათ სამხედრო სფეროში.

უდანაშაულობის პრეზუმპცია მოითხოვს, წინდაწინ არავის დაედოს დანაშაულში ბრალი, მაგრამ რუსული ძველი და განახლებული იმპერიების ისტორია გვკარნახობს, მთლად შორეული აფრიკის მკვიდრიც კი რომ აღმოჩნდეს დამნაშავე, ვეძებოთ მასში კრემლის ხელი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100