სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუბაზ სანიკიძე: „ბიძინა ივანიშვილის მისამართით არსებულ კითხვის ნიშნებზე პასუხები არ მიმიღია“

სადაო არავისთვის არ არის, რომ პოლიტიკოსის ან იმ პერსონის მომავალში, რომელიც პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოცვა. გარემოცვა არის იმ პირთა ჯგუფი, რომლებზე დაყრდნობასაც აპირებს პოლიტიკოსი ხელისუფლებისკენ სავალ გზაზე და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა. მართალია, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ზუსტად იცის, რა იანტერესებს საზოგადოებას და რა არა, მაგრამ ვფიქრობთ, საინტერესო ნამდვილად იქნება მისი გარემოცვის ამჟამინდელი წევრისა და ერთ–ერთი დასაყრდენის, გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის პერსონისადმი.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ გუბაზ სანიკიძე მათ რიგებში იყო, ვინც ბიზნესმენს იმ პოლიციელებისთვის პრემიების დარიგებაში ადანაშაულებდა, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგი დაარბიეს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გუბაზ სანიკიძის ეს ციტატა შეგიძლიათ ნახოთ როგორც პირველწყაროში, ანუ, 2008 წლის 15–16 ივლისის „ალიაში“, ასევე იმ ბროშურაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე უკლებლივ ყველა ჟურნალისტს დაურიგა. კერძოდ, ბროშურის („ანტიჟურნალისტიკა ანუ ქრონიკული ალიაქოთი“) 29–გვერდზე ნახავთ გუბაზ სანიკიძის ამ ციტატას:

„ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის გამოცანა. ამ კაცზე დადის კარგი ხმები, რომ ის ქველმოქმედია, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და ა.შ. მაგრამ, ივანიშვილზე ძალიან ცუდი ხმებიც დადის... დადის ხმები, რომ ის აფინანსებს სააკაშვილს და მის მიერ მიცემული ფულით 7 ნოემბერს დაირბა მიტინგი. ვინც ამ ხელისუფლებას ხელს უწყობს, ის კარგ საქმეში არ მონაწილეობს... ბიძინა ივანიშვილის მისამართით არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი და მე ამ კითხვებზე პასუხები არ მიმიღია“.

ეს სიტყვები გუბაზ სანიკიძემ 2008 წელს თქვა. როგორც ჩანს, საინტერესო კითხვებზე პასუხები მან უკვე მიიღო. რა შინაარსისაა ან რა სახე აქვს ამ "პასუხს" – საკითხავი მხოლოდ ეს არის...

წყაროები:

გაზეთი „ალია“, 15–16 ივლისი, 2008 წელი.

„ანტიჟურნალისტიკა და ქარონიკული ალიაქოთი“, „ქართუ ჯგუფის“ ბროშურა, თბილისი, 2008, შპს „კოლორპრინტი“, გვ. 29.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100