სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია გეგუჩაძე: “ფოფხაძეს წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ არა ხვალ”

საქართველოს დედაქალაქში ავსტრიული გუნდის ორი საათის დაგვინებით ჩამოფრენის გამო, ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენციის გამართვის განრიგი შეიცვალა.

გრაცის “შტურმის” მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა ჟურნალისტებს გუნდის ვარჯიშის შემდეგ გაესაუბრება, მანამდე ავსტრიელი და ქართველი მედიელების წინაშე “ზესტაფონის” თავკაცი გია გეგუჩაძე წარსდგა.

გია გეგუჩაძე: “გუნდი ჩვეულ რიტმში ემზადება. კარგად გვესმის ხვალიმნდელი მატჩის მნიშვნელობა, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს. ვნახეთ “შტურმის” მატჩის ამსახველი ვიდეოფირები და შევთანხმდით, რომ ამ დაპირისპირებაში ამ ეტაპზე გუნდების შანსები თანაბარია. შევეცდებით, წარმატებით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა უცხოურ ასპარეზზე, რაშიც ხვალინდელი მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება”.

- “შტურმის” თამაშების ვიდეოფირებს გაეცანით. რა შთაბეჭდილება დატოვა მეტოქემ?

- საკმაოდ ძალისმიერ სტილში მოთამაშე გუნდია. ძლიერი მხარე ორთაბრძოლებია, თუმცა ჰყავთ კრეატიული, შემქმნელი ფეხბურთელები, ასე რომ, იოლი შეხვედრა არ გველის. ეს ის გუნდია, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში მობილიზებულია და მინდორზე არაფრის დათმობას არ აპირებს.

- “დაჩიასთან” საპასუხო შეხვედრის შემდეგ განაცხადეთ, რომ გუნდში ბევრი ტრავმირებულია, სიტუაცია უკეთესობისკენ ხომ არ შეცვლილა?

- ერთი რამის გადაჭრით თქმა შემიძლია - გიორგი ხიდეშელი გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა, ჯვარედინი მყესი საოპერაციო აქვს, ექიმები კიდევ მსჯელობენ, თუმცა მენისკის ოპერაცია ახლავე აქვს გასაკეთებელი. სხვა ფეხბურთელებს აქვთ მიკროტრავმები, მაგრამ იმედია, ხვალამდე ყველა მომჯობინდება.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ ხვალ საშინაო შეხვედრას ზესტაფონში არ თამაშობთ?

- რა თქმა უნდა, ჩვეული გარემო ჩვეული გარემოა, მაგრამ “ზესტაფონი” ქართული გუნდია და საქართველოში თამაშობს, ამდენად, იმას, თუ სად ჩატარდება ჩვენი საშინაო შეხვედრა, ამ ეტაპზე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

- დიდი ალბათობაა, რომ ხვალ თქვენს წინააღმდეგ ითამაშებს “ზესტაფონის” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე...

- სხვათა შორის, იმ გუნდებს, სადაც ქართველები თამაშობენ, ყოველთვის ვამარცხებდით. იმედია, ხვალაც ასე იქნება. გიორგი ფოფხაძეს წარმატებულ თამაშს ვუსურვებ, მაგრამ არა ხვალინდელ შეხვედრაში.

პრესკონფერენციას ესწრებოდა გუნდის მცველი მამუკა კობახიძე: “მთელი გუნდი სრული მობილიზებით ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. შანსებს თანაბარად, 50/50-ზე შევაფასებ”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100