რუსი ოკუპანტების მიერ დაცხრილული ქართველი ახალგაზრდების მდგომარეობა საგანგაშოა
საჩხერის რაიონში რამდენიმე ისეთი ზონაა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას უშუალოდ ესაზღვრება, თუმცა, ისევე როგორც სხვა, მიტაცებული ნაწილი – საჩხერის რაიონს ეკუთვნის და წესით, იქ რუს ოკუპანტებს არაფერი უნდა ესაქმებოდეთ.
თუმცა, ოკუპანტები ოკუპირებულ ტერიტორიებსაც აღარ სჯერდებიან და ოკუპირებული ზონის გაფართოებაზე ფიქრში ათენ–აღამებენ. რამდენიმე საგუშაგოდან, რომლებიც საჩხერის რაიონში უკანონოდაა განთავსებული, ისინი პატრულირებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც გადადიან, პატრულირებას კი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება, უმრავლეს შემთხვევაში, ნასვამი სამხედროები ატარებენ.
სწორედ ერთ–ერთი ასეთი პატრულირებას მოხდა მორიგი ინციდენტი რუს სამხედროებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის. ამ ინციდენტის თაობაზე უკვე ოფიციალური განცხადება შსს–მაც გაავრცელა.
დაახლოებით დილის 8 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები 5 ახალგაზრდა ჯონჯოლის მოსაგროვებლად წავიდა და ამ უწყინარი საქმიანობით საოკუპაციო ზოლის გასწვრივ იყო დაკავებული, როცა ნასვამი რუსი ჯარისკაცების საპატრულო ჯგუფს გადააწყდა.
რუსებმა ახალგაზრდების დაკავება სცადეს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ბიჭებისკენ გაემართნენ, მათ კი გაქცევით უშველეს თავს. რუსმა სამხედროებმა ყოველგვარი გამაფრთხილებელი მოწოდების გარეშე გაქცეულებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა დაიჭრა.
ახალგაზრდებს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ, მათი მდგომარეობა მძიმეა. განსაკუთრებით მძიმედაა 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ავტომატის ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი. ახალგაზრდებიდან ყველაზე უმცროსი 17, ხოლო ყველაზე უფროსი 26 წლისაა.
ამ ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საჩხერის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე, რომელსაც „დრონი.ჯი“ ინცინდენტის შესახებ, დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა.
„ მე საქმიანი ვიზიტით თბილისში ვიმყოფები და დღეს, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ვაპირებ დავბრუნდე უკან“ – გნუცხადა „დრონი.ჯი“–ს საჩხერის გამგებელმა.
ჩვენთან საუბარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ზურაბ გვენტაძემ კი განაცხადა, რომ დაჭრილები საჩხერის ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფებიან და ამ დრომდე მათი, დედაქალაქში გადმოყვანის აუცილებლობა არ არსებობს. გვენეტაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ფაქტის გამოძიება და დამატებითი ინფორმაცია დღეს დილით მომხდარი ინცინდენტის დეტალების შესახებ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის რაიონის სოფელ პერევსა და საჩხერე-გომის გზის მონაკვეთზე, ოკუპანტებს განთავსებული აქვთ უკანონო ბლოკ-პოსტები. აგვისტოს ომის შემდეგ, მათ ქვეყნის ეს რაიონი არ დაუტოვებიათ და საჩხერეში ამ დრომდე უკანონოდ იმყოფებიან.
კომენტარი