გაზეთი ალია: 51-ე სკოლაში გაუგონარი ამბები ხდება
''ალიას'' 51-ე სკოლის მოსწავლის მშობელი დაუკავშირდა, სკოლაში გაუგონარი ამბები ხდება და ინფორმაცია მინდა, მოგაწოდოთ, იქნებ დროულად მიხედონო. გასაგები მიზეზების გამო, მან თავისი ვინაობის ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.
- უფროსკლასელი ბიჭები პატარებს ფულს ართმევენ და აშინებენ, რომ არ გაამხილონ, თორემ ფიზიკურად გაუსწორდებიან. არის შემთხვევები, როდესაც გოგონებს ოქროს სამკაულების დალომბარდებას სთხოვენ. ფულის გამოძალვის პრობლემა არამარტო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აქვთ. გაცილებით რთულადაა საქმე უფროს კლასებში, რომელთაც არა მარტო ფულის მიტანას აიძულებენ, არამედ აიფონებს, აიპოდებსა და აიპედებსაც ართმევენ. გამომძალველებისგან თავის დაცვას მოსწავლეები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, ზოგს დანაც დააქვს სკოლაში თავდაცვის მიზნით. მე უშუალოდ ვარ კონფლიქტში ამ ნაძირალებთან და მათი ვინაობაც, ცხადია, ვიცი. ჩემს შვილებს შეეხნენ, უკვე 2 თვეა ამ პრობლემის წინაშე ვარ. მეტს ვერაფერს გეტყვით, საქმე ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას ეხება. გადაამოწმეთ, თუ არ მენდობით. სკოლაში უფროსკლასელები მუდმივად ჩაგრავდნენ, პატარებს. ალბათ, მალე ''მაყურებლებიც'' გაჩნდებიან სკოლებში. ნორჩი რეკეტიორები მომავალში ნამდვილ პროფესიონალ კრიმინალებად ჩამოყალიბდებიან. თუ დროზე არ მიაქციეს ყურადღება, უმართავი პროცესები დაიწყება. ვერ გავიგე, ''ობშიაკს'' აგროვებენ თუ რა არის. ამ ბავშვებს ეს თუ შერჩათ, კიბოსავით მოედება ყველა სკოლას. ჩემი ვაჟი დაუპირისპირდა ამ ნაძირალებს სექტემბრიდან, სიტუაცია ისე გართულდა, რომ პირადად მომიწია ჩარევა. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთს ფიზიკურადაც გავუსწორდი, დავიწყე მათი დასჯა. პოლიცია არ მოქმედებს და მე იძულებული გავხდი. გოგონებსაც არ ერიდებიან. გაცილებით რადიკალური ნაბიჯისთვის ვარ მზად, ვაჟი ამ სკოლიდან გადავიყვანე, მაგრამ სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინა სკოლასთან ბავშვი დაჭრეს, ტელევიზიითაც გახმაურდა ეს. ვინც არ უთმობს მაგათ, ეგრე ეპყრობიან.
- მანდატურები არ ერევიან საქმეში?
- ვერ გეტყვით, მინდა, რომ ფაქტი გახმაურდეს და ვისაც ევალება, შესაბამისი ზომები მიიღონ.
''ალია'' ინფორმაციის გადასამოწმებლად სკოლის ყოფილ დირექტორს, დავით ლაგვილავას დაუკავშირდა:
- არა, ეს ახალი ამბავია. ჩემი დირექტორობის დროს, ბოლო წლებში მსგავსი არაფერი ხდებოდა, არც მშობლებს მოუმართავთ მსგავსი პრობლემებით. ეს ხდებოდა 2005 წელს, როცა მე დავინიშნე სკოლის დირექტორად და 1-2 წელი ვებრძოდით მსგავს პრობლემებს. ამას, ალბათ, სხვებიც დაადასტურებენ. ვწუხვარ, რომ მსგავსმა პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. ადვილი არ არის 2500-მოსწავლიანი სკოლის მართვა.
- შესაძლებელია, რომ ეს მშობელი ტყუოდეს?
- არა, მეც მაქვს მსგავსი ინფორმაცია. მართლა ვწუხვარ, რომ ძალიან აირია სიტუაცია.
''ალია'' სკოლის ამჟამინდელ დირექტორს, მანანა თურქაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც კითხვა მოისმინა თუ არა, ჩხუბი ატეხა. ვცდილობდით, აგვეხსნა, რომ ბრალს არაფერში ვდებდით, უბრალოდ, ინფორმაციის ვამოწმებდით:
- ვაიმე, ვაიმე, გეხვეწებით ახლა... ეს არის მიზანმიმართული სისულელე. აქ მუშაობს მანდატურის სამსახური. მიზანმიმართულადაა გაკეთებული ეს ამბავი. აღარ გაიმეოროთ მეორედ.
- ქალბატონო მანანა, მე ინფორმაციას ვამოწმებ, ბრალს არ გდებთ.
- ვინ გეუბნებათ ამას, ადამიანო?
- თქვენი მოსწავლის მშობელი და თქვენი წინამორბედი გვიდასტურებს.
- ლაგვილავას თუ ეკითხებით, იმას დაეყრდენით. არ ხდება ასეთი რამე სკოლაში. დაწერეთ მასე, რომ არ ვადასტურებ და სხვა გიდასტურებთ. ასე დავამთავროთ ლაპარაკი მე და თქვენ, აღარ ვაპირებ გაგიგრძელოთ საუბარი.
- რატომ მეჩხუბებით, ქალბატონო მანანა?
- თქვენ მეჩხუბებით, ფაქტები მაქვსო, მეუბნებით. ჰოდა, გქონდეთ ფაქტები და დაუჯერეთ სხვებს.
''ალია'' ინფორმაციის გადასამოწმებლად, განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა, ნატა ასათიანმა განაცხადა: ''ზუსტ ინფორმაციას ფლობენ მანდატურები. თამარ სანიკიძე ახლა არ იმყოფება, რომ დეტალებზე მოგცეთ ინფორმაცია, მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ სამინისტრო საქმის კურსშია სკოლაში არსებულ ვითარებაზე, რადგან იქ გვყავს მანდატურები, რომელთაგანაც ინფორმაცია მოგვეწოდება''.
კომენტარი