კეიტ მიდლტონის საყვარელ კურორტზე ზვიგენმა მამაკაცი იმსხვერპლა
სეიშელის კუნძულებზე, ბრიტანელი ტურისტი ზვიგენმა იმსხვერპლა. 30 წლის მამაკაცი კურორტზე თაფლობის თვეს ატარებდა. სეიშელის კუნძულზე მიმდინარე თვეს უკვე მეორედ გარდაიცვალა ტურისტი, ამ ტრაგედიაში კი წვლილი ზღვის მტაცებელს მიუძღვის. მსგავსი შემთხვევები მსოფლიო დონის კურორტზე 50 წელიწადია, არ დაფიქსირებულა. ტრაგიკული ინციდენტი კუნძულ პრასლინის სანაპიროზე, „ანს ლაციოზე“ მოხდა. მამაკაცი, რომელიც ახალდაქორწინებული იყო, ნიღბითა და ჟანგბადის მიმწოდებელი მილით ნაპირიდან 20 მეტრის მოშორებით, განწირული ყვიროდა. მას თითქმის ორმეტრიანი ზვიგენი დაესხა თავს, ამ დროს კი მისი მეუღლე ნაპირზე იმყოფებოდა.
მიღებული ტრამვების გამო მამაკაცი გარდაიცვალა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა თავისი მოქალაქის გარდაცვალება. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი იენ მარტინ რედმონდი დასასვენებლად ლანკაშირის საგრაფოდან ჩავიდა.
ორ აგვისტოს კუნძულოვან კურორტზე უკვე მოხდა მსგავსი შემთხვევა. მაშინ ზღვის მტაცებელის მსხვერპლი 36 წლის ფრანგი ტურისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ სანაპირო „ანს ლასიო“ მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო კურორტად არის აღიარებული. ამ რეგიონში მსგავსი შემთხვევა 50 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა.
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სხდომა მოაწყო. საზღვაო უსაფრთხოების სამმართველომ კი დროებით აკრძალა კუნძულ პრასლინის კუთვნილ წყლებში ცურვა. ამასთანავე, გარკვეული სანქციები დააკისრეს მიმდებარე კუნძულების წყლებსაც. ამას გარდა, მმართველობამ გაამკაცრა კანონი წყალში საკვების ნარჩენების ჩაყრასთან დაკავშირებით, რათა ამან ზვიგენების ყურადღება არ მიიპყროს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ სეიშელის კუნძულებზე, რომლებიც უსაფრთხოდ ითვლებოდა, უამრავი წყვილი ატარებდა თაფლობის თვეს. მათ შორის – კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი.
უკანასკნელ პერიოდში ზვიგენების თავდასხმის ფაქტები სხვა ცნობილ კუორტებზეც დაფიქსირდა. მაგალითად, მექსიკის კონკუნში ორ ინციდენტს ჰქონდა აგდილი. მიმდინარე წლის მარტში ტრავმები რუსმა ტურისტმა, თებერვალში კი კანადის მოქალაქემ მიიღეს. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ გასული წლის დეკემბერში, ეგვიპტეში, შარმ–ელ–შეიხში, ტრაგიკული შემთხვევების მთელი სერია მოხდა. მცირე დროის მანძილზე, ზვიგენი ხუთჯერ დაესხა თავს დამსვენებელს. ამის შემდეგ, სანაპიროები ტურისტებისთვის ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო დაკეტილი. ისევე როგორც სეიშელის კურორტები, ადრე შარმ–ელ–შეიხიც ერთ–ერთ უსაფრთხო სანაპიროდ ითვლებოდა.
კომენტარი