სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, ასე ჰქვია დღეს ჩვენში „გამეფებულ“ დემოკრატიას

დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ათასნაირი სიურპრიზებით, ძირითადად ნეგატიური მოვლენებითაა სავსე და კარგად დაწერილ, მძაფრ სიუჟეტიან, მრავალსერიიან ფილმს დაემსგავსა.

ვერ დავამტკიცებ, რომ წინათ ასე არ იყო, მაგრამ დღევანდელობა სულ სხვაა – მომრავლებულ სატელევიზიო არხებს, ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებებს, ძირითადად ყვითელი პრესის სახით და განსაკუთრებით ინტერნეტს მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავს მოსახლეობა. რაც მოქმედებს ადამიანის გონებაზე, გუნება–განწყობილებაზე და მისი ცხოვრების ხარისხზე. თუ ამას ემატება მძიმე ეკონომიკური პირობები, მაშინ შემთხვევითი არ არის რომ საქართველოს მოსახლეობა ბედნიერების რეიტინგში სადღაც ასეულს მიღმაა.

დღევანდელი მდგომარეობის ანალიზით თუ ვიმსჯელებთ, ამ ხელისუფლების პირობებში მისი გაუმჯობესების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია და ახალი პრემიერის მიერ დაანონსებული ღონისძიებები ბლეფია თუ სინამდვილე გაურკვეველია. მით უმეტეს, როცა მის შედეგებს 2017–2018 წლებში უნდა ველოდოთ, მაშინ, როცა მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე ხელშესახები არაფერი გაკეთებულა და არ შესრულებულა წინასაარჩევნო პერიოდში ამ მთავრობის მიერ ხალხისადმი მიცემული ძირითადი დაპირებების 90%. რაც შეეხება ჯანმრთელობის პროგრამას, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ხალხის ფულით დაფინანსებული ღონისძიება და არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვაქვს.

ჩვენი საიტის მკითხველებმა იციან, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში მე დავწერე ათამდე სტატია – საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, მივმართე ღია წერილებით პარლამენტის თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერმინისტრს ღარიბაშვილს და რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტ მარგველაშვილს, სადაც ხაზგასმული იყო ის ძირითადი კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხელს უშლიან დღეს ქვეყნის განვითარებას, ხალხის ნორმალურ ცხოვრებას, დემოკრატიის დამკვიდრებას, რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობას.

შეთავაზებული იყო ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. როგორც მოსალოდნელი იყო არავითარი რეაგირება ამ საკითხებზე არ მომხდარა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში პრეზიდენტის მცდელობას და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრის ორგანიზაციას. ჩემი მოთხოვნა იყო ასეთი შეხვედრები მოეწყოთ როგორც ეკონომიკური საკითხების განსახილველად და ანტიკრიზისული გეგმის შესამუშავებლად, ისე სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და საჭირო ღონისძიებების გასატარებლად.

ცალკე იყო მოთხოვნა ღიად დაეგმოთ ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელსაც არავინ არ ფარავს და რომელიც ასამარებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ჩემს მიერ ადრე დაწერილ წერილებში მე ვამტკიცებდი, რომ ქვეყნის აღმშენებლობის შეჩერება და ის ეკონომიკური სტაგნაცია, რომელშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა, უნიათობასა და არაკომპეტენტურობასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის და სახელმწიფო ინსტიტუტების შეგნებული და გამიზნული ნგრევის შედეგია. ეს ის გზაა, რომელიც პუტინის აგენტის – იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით უკრაინამ გაიარა და რომლის გადასარჩენად დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს.

აშკარაა, რომ მსგავსი გარიგების მსხვერპლი გახდა საქართველოც.

საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყარაბახში მოვლენების განვითარების ანალიზით, კრემლის შეკვეთით რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში არჩეული უნდა იქნან მეტი პრორუსული ძალები, ნათელი ხდება,რომ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რუსეთის იმპერიის აღდგენა საბჭოთა კავშირის საზღვრებში.

კარასინის მუქარებით, თითის ქნევით და საქართველოში რუსეთის „რბილი ძალის“ გამაგრებით თუ ვიმსჯელებთ, ამ მოვლენების განვითარება ჩვენში უმოკლეს დროშია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული ის პარლამენტის არჩევნებამდე ან მისი შედეგების გამოცხადებისთანავე მოხდეს. გააჩნია როგორ შეაფასებს მოსკოვი და შესაბამისად ივანიშვილი „რუსული ოცნების“ გამარჯვების პერსპექტივას. ბურჯანაძის „დემოკრატები“, ინაშვილის „პატრიოტები“ და თოფაძის „მრეწველები“ აი ის ავანგარდი, რომლებიც „ოცნებასთან“ ერთად შეეცდებიან აუსრულონ კრემლს ეს სურვილი. დიდი ალბათობით ეს მოხდება ძალისმიერი მეთოდებით, წინასწარი პროვოკაციებით და ავანტიურით, როგორც ეს ჩვევია კგბ-ს „ერთმორწმუნე“ რუსეთს. ხურჩის ტრაგედია, ჩემი აზრით, ამ პროვოკაციების დასაწყისია.

2008 წლის მაისში ამერიკის ყოველკვირეულ, საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა ჩემი სტატია „შეაჩერეთ აგრესორი“, სადაც რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმას უახლოეს თვეებში ფაქტებით და არგუმენტებით ვახმოვანებდი.

მინდა ვთქვა, რომ ამჟამადაც ჩემი ანალიზი ფაქტებიდან და არგუმენტებიდან გამომდინარეობს.

მოსკოვი ვერ ითმენს ივანიშვილის აუჩქარებელ და გაუბედავ ნაბიჯებს კრემლის დავალების შესრულების გზაზე. რამდენადაც მეტი იქნება კრემლის ზეწოლა, იმდენ მეტ შეცდომებს დაუშვებს ივანიშვილი და ლუსტრაციას გაუკეთებს თავის თავს. მაგრამ მოსკოვს ივანიშვილი არ ადარდებს, მისი მთავარი მიზანია საქართველოს სრული ოკუპაცია და შემდეგ უკრაინაზე გადართვა.

ჩემი აზრით, ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა ერთობლივი მოქმედებით, მშვიდად, ხალხის დარწმუნებით, გართულებების გარეშე უნდა მოახერხონ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და საშუალება არ მისცენ რუსეთს, დესტაბილიზაციის ფონზე, მიაღწიოს თავისი მიზნების განხორციელებას. ახლა პრინციპების და იდეური შეუთავსებლობის დრო არ არის. საქმე ეხება საქართველოს მომავალს, მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. მართალია ივანიშვილის „დემოკრატიასთან“ ბრძოლა რთული საქმეა, მაგრამ უნდა მოვახერხოთ არჩევნების ჩატარებაში ჩავრთოთ მეტი საერთაშორისო ძალები და დამკვირვებელი.

გაკვრით კოალიციურ უთანხმოებაზე.

პარიზში, ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტის მიმართ კრემლის გაბრაზებამ, რომელიც ჩვენი საჰაერო თავდაცვითი სისტემის გაძლიერებას ეხებოდა, გამოიწვია მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ბ–ნი ალასანიას გადადგომა, რასაც მოჰყვა ამ პარტიის მინისტრების გადადგომა და პარლამენტის კომიტეტებიდან მათი გაწვევა. ამან ავტომატურად გამოიწვია „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა ივანიშვილის კოალიციიდან. ეს იყო პირველი დიდი დარტყმა კოალიციის ერთიანობაზე, რამაც დასაბამი მისცა კოალიციის გარდაუვალი დაშლის შეუქცევად პროცესს.

მინისტრის გადადგომამდე, ბ–ნმა ივანიშვილმა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა და თავდაცვის სამინისტროს ხუთი უდანაშაულო მოსამსახურე, შეთითხნილი ბრალდებით, მძევლად აიყვანა და ციხეში გამოამწყვდია. ამ გზით ივანიშვილმა აიძულა ალასანია გადამდგარიყო, ხოლო ბრალდების გამართლების მიზნით, საიდუმლო და ჯერ კიდევ გამოუძიებელ საქმეზე, სახალხოდ, ტელევიზიის კამერების წინ დაიწყო ამ საქმის დეტალების გარჩევა და ჯერ კიდევ გაუსამართლებელ ხალხს 4 მილიონის გაფლანგვა დააბრალა და განაჩენიც გამოუტანა. ამ დღეებში ივანიშვილის პროკურატურამ და სასამართლომ მისი ხუშტურები შეასრულა და ხუთივე ბრალდებულს შვიდ–შვიდი წელი მიუსაჯა.

ახლადდანიშნული მინისტრი ქ–ნი ხიდაშელი განაგრძობდა აქტიურ საქმიანობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და სჯეროდა? რომ საქართველოს მთავრობა, მისი არაფორმალური მმართველი ივანიშვილი მხარში ედგნენ, მაგრამ მისმა ამ აქტიურმა მოქმედებებმა და ოდნავ მოუზომავმა რიტორიკამ კვლავ გააბრაზა მოსკოვი და კარასინის უბრალო გაფრთხილებაც კი საკმარისი გახდა ივანიშვილს „ქ–ნი ნატოსთვის“ (ასე ეძახდა მას ბიძინა „მოფერებით“) თავისი გარემოცვიდან სანდო პირები (თოფაძე, მეჭიაური) მიესია და კომპრომატებით არა მარტო ხიდაშელი, არამედ მთელი მისი პარტია დაედანაშაულებინა. ამას მოჰყვა რესპუბლიკელთა გასვლა კოალიციიდან. მალე კოალიცია სხვა პარტიებმაც დატოვეს და დღეს შემორჩენილი გვყავს „სუფთა ქართული ოცნება, რომლის სისუფთავეში თვით მის წევრებსაც ეჭვი ეპარებათ.

აი ასეთი გავლენა აქვს დღეს კრემლს საქართველოს მმართველ ძალაზე – ე.ი. ივანიშვილზე.

არაეფექტური, ფასადური დემოკრატია ანუ შეაყარე კედელს ცერცვი

სიტყვა დემოკრატიის ახსნა, როგორც ვიცით, ძალიან ადვილია, მაგრამ ადამიანების, საზოგადოების აღზრდას და ჩამოყალიბებას დემოკრატიული წესებით და პრინციპებით თაობები და ზოგჯერ საუკუნეები სჭირდება.

როცა ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე განაცხადა, რომ „ორ წელიწადში საქართველოში ისეთ დემოკრატიას დავამყარებ ევროპასაც კი შეშურდებაო“, მე მივმართე მას ღია წერილით და ამ და სხვა არასწორი, გადაჭარბებული დაპირებების და შეფასებების გამო აზრი გამოვთქვი მის პოლიტიკურ უმწიფრობაზე და არაკომპეტენტურობაზე. აქვე მინდა კვლავ გავიმეორო, რომ როცა ასეთი არაკომპეტენტური კაცი არაფორმალურად, ზერელედ, საკითხების ძირეულ შესწავლის გარეშე, მართავს ქვეყანას, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. მითუმეტეს, როცა არსებობს სხვა ეჭვებიც ამ მმართველობის შესახებ.

ან რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი, როცა დარღვეულია მისი ძირითადი მოთხოვნები და პრინციპები – სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლება. როცა მთავრობის წევრები, პარლამენტარები თავიანთ გამოსვლებში და კომენტარებში, საგაზეთო ინტერვიუებში ისეთ უაზრო, ბიძინას საამებელ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეგეცოდებათ, როგორ დააჩლუნგა და დაიმონა (ამბობენ ფულით) ეს არც ისე უჭკუო ხალხი ბატონმა ივანიშვილმა.

კოალიციიდან გამოსვლამ ბევრ პარლამენტარს ნორმალური აზროვნება დაუბრუნა – მაგალითად თავისუფალ დემოკრატებს. ნაწილობრივ განთავისუფლდნენ რესპუბლიკელებიც. ჯერჯერობით თავისუფლებას ვერ ვგრძნობთ უსუფაშვილის გამოსვლებში. თქვენ წარმოიდგინეთ – მეჭიაურიც კი რაღაც სწორად ალაპარაკდა „ოცნებაში“ არსებულ უსამართლობაზე. აი ბესელია კი ძველებურად რჩება ივანიშვილის და მისი ხელისუფლების არასწორ მოქმედებათა დამცველი და მისი ხუშტურების ამსრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მისი და მისი „ინტელექტუალი“ მოადგილის ფოფხაძის მეშვეობით და „ერის მამის“ სურვილით, ამორფული ორგანიზაცია უნდა გახდეს, ცალკე შევა ამ კომიტეტის „დამსახურებათა“ ნუსხაში. ასეთი „დამსახურებები“ კი ძალიან ბევრია.

რაც შეეხება ხალხს, მათ ხელისუფლებამ კი არა „რუსთავი–2“–მა მისცა სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლება, ხალხის გაჭირვებაზე და სიღატაკეზე ლაპარაკის უფლება. ქვეყანაში შექმნილი რეალური მდგომარეობის შეფასების უფლება... ამიტომ ხელისუფლებამ „რუსთავი–2“–ის წინააღმდეგ რაღაც პროცესები კი არ უნდა მოაწყონ და საქმეები თითხნონ, არამედ მადლობა უნდა გადაუხადონ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ჩრდილოეთ კორეად არ მოიხსენებენ და მედიის და სიტყვის თავისუფლების რაღაც რეიტინგში კიდევ ვარსებობთ. მართალია, ხელისუფლება ამას თავის მიღწევად თვლის, მაგრამ „რუსთავი–2“ მაინც არ მოსწონს, რადგან ის მათ უუნარობაზე და არაკომპეტენტურობაზე ღიად ლაპარაკობს.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, ასე ჰქვია დღეს ჩვენში „გამეფებულ“ დემოკრატიას. ხალხის სიტყვას და მოთხოვნას დღევანდელი ხელისუფლებისათვის არავითარი ფასი არ აქვს, არავითარი შედეგი ასეთ მოთხოვნებს არ მოჰყოლია. მთავრობას თავისი სტატისტიკა, რაღაც ციფრები, გაფერადებული ოთხკუთხედები, სვეტები და კუბიკები აქვს, ხალხს კი ლუკმა პური ენატრებათ.

ხალხი ცალკე ცხოვრობს, ხელისუფლება ცალკე – გაზრდილი და გაბერილი შტატები, ხელფასები, პრემიები, დანამატები, ძვირადღირებული ჯიპები – ძვირადღირებული მომსახურეობით, უაზრო, არაფრისმომცემი მივლინებები, ათასნაირი ბონუსები, აქეთ 60 ლარიან სოციალურ დახმარებაზე უარის თქმა – უსამართლოდ გაზრდილი ქულების გამო (რომელსაც თურმე კარგი მათემატიკოსიც ვერ ანგარიშობს) და გაღატაკებული, გასაცოდავებული მოსახლეობა, პენსიები, რომელიც მოხუცებს წამლის ფულადაც არ ჰყოფნით, უმუშევრობა და უიმედობა.

წინა მთავრობას აგინებენ მიტინგებს არბევდა, ხალხის აზრს არ ითვალისწინებდაო. მაგრამ წინა მთავრობა ორთვიან, სამთვიან მიტინგებს იტანდა, რუსთაველზე კარვებს, იქვე ტუალეტებად გადაქცეულ ბაღებს და სკვერებს იტანდა, მთელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ანარქიას უძლებდა, 25 მაისს აქციის ორგანიზატორებს და ბეისბოლის ხელკეტებით შეაიარაღებულ აგრესიულ მომიტინგეებს თხოვდა – ერთი დღით დამითმეთ რუსთაველის პროსპექტი – საქართველოს განთავისუფლების საიუბილეო თარიღი აღვნიშნოთო.... თქვენ ბატონო ივანიშვილო, ბატონო კვირიკაშვილო, შსს, სუსო აიტანთ ხალხის ასეთ საქციელს? მაშინ, როცა ორსაათიან, მშვიდობიან მიტინგსაც ვერ უძლებთ და ყველა ეს მიტინგები ხალხზე ძალადობით, პოლიციაში გადაყვანით და ზოგჯერ მათი თავის გატეხვით მთავრდება.

რომ არ ყოფილიყო გარე ძალების მიერ ინსპირირებული ასეთი შემოტევა, შეიძლება წინა მთავრობას არ დაეშვა ის საბედისწერო შეცდომები, რომელმაც შემდგომში მარტო ისინი კი არა, მთელი საქართველო დააზარალა. რამაც საგრძნობლად შეუშალა ხელი ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების პროცესს. დღევანდელ ხელისუფლებას ხელს არავინ უშლის, ორთვიან მიტინგებს არავინ უწყობს და მოქმედების სრული თავისუფლება აქვს, მაგრამ ძველი ხელისუფლების შეცდომებს იმეორებს და თანდათან შედის მოძალადე ხელისუფლების როლში. განსხვავება კი დიდია – ძველი ხელისუფლება ქვეყანას აშენებდა, ეკონომიკას წინ სწევდა, ქვეყნის პრობლემებს მსოფლიო მასშტაბებით ახმოვანებდა, მაღალი იყო ქვეყნის ცნობადობა და უმაღლესი რეიტინგებით გვიცნობდნენ ბიზნეს–წრეებშიც. ათჯერ გაზარდეს ქვეყნის ბიუჯეტი, გაანადგურეს კრიმინალი და აღმოფხვრეს კორუფცია... რა დასამალია „დემოკრატიის შუქურადაც“ კი გვაღიარებდნენ. რა შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელი ხელისუფლების მიღწევებზე?! შეუძლიათ კი ასეთი მასშტაბის სამუშაოების შესრულება?

შეიძლება ბევრი რამ დაიწეროს საქართველოში დღეს ბიძინას მიერ „დამყარებულ შესაშურ დემოკრატიაზე“, მაგრამ ამ დაწერილსაც არ ექნება ფასი, ისე როგორც ამ ხელისუფლებისათვის არა აქვს ფასი „რუსთავი–2“–ს დამსახურებით ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილ სიტყვის თავისუფლებას. მთავრობა ისმენს და მხოლოდ ბრაზდება.

ასეთ დემოკრატიაზე ამბობენ – არაეფექტური, ფასადური დემოკრატია.

სახელმწიფო ინსტიტუტების საფუძველების მორყევა, მისი ერთი კაცის დაქვემდებარებაში მოქცევის დაუფარავი პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბ–ნი მარგველაშვილი, პირდაპირ ბიძინამ შეარჩია და ხალხს აარჩევინა, მან შეძლო „გმირობა“ ჩაედინა და მისი დიქტატისგან განთავისუფლებულიყო. ამიტომ კონსტიტუციის გარანტი, ფორმალურად სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი, სოლოლაკის მთაზე მობინადრე, ყოვლისშემძლე, არაფორმალურ მმართველთან დაპირისპირებული აღმოჩნდა. ამან შესამჩნევად იმოქმედა ქვეყნის იმიჯზე, მის ავტორიტეტზე და ჩვენი პრობლემების მსოფლიოს დღის წესრიგიდან მოხსნაზე.

ყოფილი პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი, მიუხედავად მისი „მმართველობის“ პერიოდში „მიღწეული დიდი წარმატებებისა“ ბ–ნმა ბიძინამ სამსახურიდან დაითხოვა და მის ადგილზე კვირიკაშვილი დანიშნა. ბ–ნი კვირიკაშვილი ამას არც მალავს, საქვეყნოდ აცხადებს და ამაყობს კიდეც ამით.

პარლამენტის თავმჯდომარე ბ–ნი უსუფაშვილი თავის დროზე ბიძინას შერჩეული და დანიშნულია. ბ–ნი დავითი დღემდე უსიტყვოდ ასრულებს მის ყველა სურვილს. ბიძინას რეკომენდაციითაა შესული პარლამენტში დღეს არსებული „უმრავლესობის“ მთელი შემადგენლობა, რომლებიც ბიძინას მიერ დაბლოკილი აზროვნებით, მხოლოდ მის ქება–დიდებაზე არიან გადართულნი.

პროკურატურის შეფი ბ–ნი შოთაძე ბიძინას დავალებების უნაკლო შესრულებისთვის დაწინაურდა ამ მაღალ თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას დაუმთავრებელი აქვს მთელი რიგი რეზონანსული საქმეების გამოძიება, გამოირჩევა დაბალი პროფესიონალიზმით და არაკომპეტენტურობით, შოთაძე განაგრძობს ამ თანამდებობაზე მუშაობას. ამ დღეებში შოთაძემ შეუსრულა ბ–ნ ბიძინას სურვილი და მოსამართლესთან შეთანხმებით, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, შვიდ–შვიდი წელი მიუსაჯა თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ის მთლიანად პრივატიზებულია ბიძინას „მეგობარი, ახალგაზრდა, პერსპექტიული კაცის“ მურუსიძის მიერ. ტელევიზიების კამერების წინ ბ–ნმა ბიძინამ გვერდში დაიყენა ეს კაცი და ფაქტიურად ქვეყნის მთელი სასამართლო სისტემა ჩააბარა. „მურუსიძის სასამართლო“ ამბობენ ზოგჯერ და ძალიან ეშლებათ, ვთქვათ პირდაპირ – ივანიშვილის სასამართლო. „კაბელების საქმის“ პარალელურად ასეთივე შედეგს ველით „რუსთავი–2“–ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოსგან. „რუსთავი–2“ არის ბიძინას მოუშუშებელი ჭრილობა და ამას კარგად გრძნობენ როგორც მურუსიძე, ისე მის მიერ არჩეული, მოსამართლის მანტიით შემოსილი სამივე მანდილოსანი.

ცალკე განხილვის თემაა სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომელსაც ბიძინას ყოფილი პირადი მცველი ხელმძღვანელობს. ბ–ნი გომელაური აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურის გარდა აქტიურად მუშაობენ სხვა ქვეყნების აგენტებიც. ერთი მათგანი მაინც დაგვანახეთ თქვენი დაჭერილი ბ–ნო გომელაურო, უბრალოდ გაგვიხარდება,რომ არსებობთ. მარტო ჩვენი მოქალაქეების მოსმენებით ნუ შემოიფარგლებით. თქვენს სამსახურს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ეს განმუხურის ტრაგედიამაც დაადასტურა.

ბიძინას მთელი გარემოცვა რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს იმაში, რომ ყველა მინისტრი, მისი მოადგილეები, ყველა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ უმნიშვნელო სამსახურების უფროსები ინიშნება უშუალოდ მის მიერ ან აუცილებლად მასთან შეთანხმებით. მათ შორის ბევრია მისი ახლობელი, ნათესავი, მოყვარე...

ბატონმა ბიძინამ გადადგომისას, ერთი წლით ადრე დაიბარა, რომ თბილისის მერად ბ–ნი ნარმანია „უნდა“ აერჩიათ. თბილისელებმა აუსრულეს მას ეს დანაბარები და ბ–ნი დავითი აირჩიეს თბილისის მერად. აღმოჩნდა, რომ ბატონ ბიძინას შორს გამიზნული საკუთარი გეგმები ჰქონდა და ბ–ნი ნარმანია დღეს უსიტყვოდ ასრულებს მის სურვილებს. მაშინ როცა ქალაქის პირველ სართულზე ტრანსპორტის გამო სრული კოლაფსია და ქალაქში სუნთქვა ჭირს, მერის მთავარი ყურადღება გადატანილია ბიძინას სოლოლაკის ფერდობის ინფრასტრუქტურის გამშვენიერება–გაფართოების სამუშაოებზე. არის ქალაქის ბოტანიკური ბაღის გაუპატიურების მცდელობაც.

კიდევ რა გითხრათ, რით გაგახაროთ.... აი ასეთია ბ–ნი ბიძინას „მორიდებული“ როლი. სახელისუფლებო სამსახურების დაკომპლექტებაში და რაც ასე აისახება ქვეყნის მოსახლეობის დღევანდელ მდგომარეობაზე, მის „ჯიბესა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.

ცივი გაზაფხული დამთავრდა, ცხელი ზაფხულისთვის მოემზადეთ ხალხო!

ხელისუფლებამ თითქმის ხუთი თვე მოგვცა 8 ოქტომბერს სწორი არჩევანის გასაკეთებლად, მაგრამ მივალთ კი იქამდე მშვიდი და ცივი გონებით სწორი არჩევანის გასაკეთებლად?

ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს მუდმივ დაძაბულობაში და დაპირისპირებაში ამყოფოს ხალხი. თითქოს მათ საკუთარი გაჭირვება არ ჰყოფნიდეთ.

„კაბელების საქმემ“, რომელმაც შეკრიბა უამრავი ხალხი პროკურატურასთან დაანონსებულ მიტინგზე, იყო ხალხის პროტესტი ბ–ნი ბიძინას დაკვეთით მსჯავრდებულთა მხარის დასაჭერად და მათ გასანთავისუფლებლად. მეორე ასეთი მიტინგი გამოცხადებულია გაიმართოს მურუსიძის სასამართლოსთან.

თუ „რუსთავი–2“–ის სააპელაციო სასამართლოს ჩატარებული სხდომებიდან ვიმსჯელებთ, სამივე მოსამართლე ქალბატონი მზადაა ძალაში დატოვოს ე.წ. მოსამართლე ურთმელიძის განაჩენი და „რუსთავი–2“ არჩევნების წინ წაართვას ხალხს.

ეს იქნება მეორე დიდი მუხტი ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად. შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოზე და სასწრაფოდ მიღებული შესწორებები საკონსტიტუციო სასამართლოს გასანეიტრალებლად, სწორედ ამ პროცესის ნაწილია. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანა, ურთმელიძის განაჩენის შემდეგ, დიდი დესტაბილიზაციისგან აგრეთვე მთელი სასამართლო სისტემა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკისგან და ჩარევისგან.

ამასთან დაკავშირებით ხალხს რჩება დიდი კითხვები – როგორ მოხდა, რომ სწორედ „რუსთავი–2“–ის სასამართლოს და წილების დადგენის წინ მოკლეს მისი დამაარსებელი ეროსი კიწმარიშვილი. პროკურატურამ კი დღემდე „ვერ გახსნა“ ეს საქმე და თავის დროზე დიდი დარღვევებით წაიყვანა. უნდა მოგაგონოთ, რომ მოწმეთა სასამართლო გარჩევების წინ მკვლელობა რუსეთის ბიზნეს–გარემოს აპრობირებული მეთოდია. თავის ერთ–ერთ გამოსვლაში ქ–ნი წულუკიანი აღშფოთებით ლაპარაკობდა პარლამენტარ კანდელაკზე, ევროპარლამენტში დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს – ქვეყნის იმიჯს არ უფრთხილდებაო. მინდა შევახსენო ქ–ნ წულუკიანს, რომ მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, როცა თავისი პრემიერ–მინისტრობის დროს ბ–ნმა ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს ბიზნეს–წრეების წინ აგინა საქართველოს ბიზნეს–გარემო და საქართველოს რეიტინგებს სიცრუე უწოდა. სწორედ ამის შემდეგ შეწყდა საქართველოში ნორმალური ინვესტიციების შემოსვლა.

მინდა კვლავ დავასმინო ბატონი ივანიშვილი ქ–ნ წულუკიანთან და ვაცნობო, რომ ბატონი ბიძინა თავისი დიდი ფულით, გაურიგდა წინა მთავრობაზე და კერძოდ სააკაშვილზე დაბოღმილ, მარგინალად ქცეულ ოპერატორ ხაინდრავას შეექმნა ფილმი სააკაშვილის 9 წლიან „რეჟიმზე“ და რაც შეიძლება მეტი უარყოფითი სახით წარმოედგინა საქართველო. ამბობენ რომ ხაინდრავას კონსულტაციებს უწევს მისი კოლეგა. ციხის კადრების ოპერატორი ბედუკაძე, რომელიც ალბათ ფილმში თავის თავზე გამოცდის (მეტი დამაჯერებლობისთვის) როგორ შედის მის უკანალში მარნეულელი ქალბატონების მიერ დამზადებული მსხვილი ცოცხი. აი სად ილახება და ითელება საქართველოს იმიჯი ქ–ნო თეა. რა ვუთხრათ ჩვენ მეგობრებს დასავლეთში, რომლებიც „დემოკრატიის შუქურას“ გვიწოდებდნენ, რეიტინგებს არ იშურებდნენ და რუსეთის სრული ოკუპაციისგან გადაგვარჩინეს. გამოიყენეთ ქ–ნო თეა თქვენი მაღალი ავტორიტეტი, სამსახურებრივი მდგომარეობა და აკრძალეთ ეს ფილმი, რომლის ჩვენება ორ მეგობარს – ივანიშვილს და ხაინდრავას არჩევნების წინ აქვთ გადაწყვეტილი.

თუ ეს ფილმი გამოვიდა, ეს იქნება ხალხის დაპირისპირების მორიგი სახელისუფლებო აქცია არჩევნების წინ.

თუ ბ–ნი გომელაურის გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებთ, მან კომპრომატების და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების ახალი ტალღა არ გამორიცხა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თვითონ ხდება ორგანიზატორი ხალხის ქუჩაში გამოყვანის და შემდეგ დესტაბილიზაციის თითქოს თავიდან აცილების მიზეზით, რუსეთის ჯარების შემოყვანის და მათ მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის გავიმეორებ – ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი იგრძნობს, რომ მის მმართველობას ბოლო ეღება.

P.S. სტატია დაწერილი მქონდა, როცა სამეგრელოში, კორცხელში შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფიზიკური დაპირისპირების შემზარავი კადრები ვნახე. მე ვატყობ, რომ ქართულ ლექსიკონში უკვე აღარ გვყოფნის სიტყვები, ჩვენი აღშფოთება და პროტესტი ხელისუფლების უკანასკნელ ქმედებების გამო სრულფასოვნად გამოვხატოთ. მაგალითად მთავრობის წარმომადგენელთა გამოსვლები ჩვეულებრივად სიცრუედ, ცინიზმად და ხალხის დაცინვად შევაფასოთ.

როგორ უნდა შევაფასოთ კალაძის განცხადებები, როცა თვითონ არის ამ ყოფილი თუ მოქმედი სპორტსმენების ზუგდიდში შეკრების და ნაციონალური ლიდერების ცემის ფაქტის ორგანიზატორი და ამ ფაქტს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს აბრალებს.

აღმაშფოთებელია შინაგან საქმეთა ორგანოების დაგვიანებული და არაეფექტური ჩარევა, როგორც ირკვევა, ამ მათთვის ადრევე ცნობილ აქციაში და დღემდე მათ მიერ დამნაშავეთა დაკავებაზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა და როცა დაპირისპირებაში დამნაშავე და მონაწილე პიროვნებები იდენტიფიცირებულია. აშკარაა, რომ მთავრობის მთელმა შემადგენლობამ (კვირიკაშვილმა, კალაძემ, მღებრიშვილმა, გომელააურმა) ივანიშვილის მეთაურობით გადაწყვიტეს გადაუარონ ხალხს და დაიწყონ მისი „მოგუდვის“ პროცესი. საზოგადოების უპირველეს მოთხოვნად მიმაჩნია კალაძის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ივანიშვილის ქვეყნიდან (პარიზში, რუსეთში) დროებითი გამგზავრება, არჩევნების ჩატარებამდე მაინც.

რაც შეეხება ივანიშვილის უკანასკნელ პიარ–აქციას ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის და „ნაწილაკთა აჩქარების შესწავლის“ აუცილებლობაზე, ეს უბრალოდ დაცინვა და ცინიზმია საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე, გაღატაკებულ ხალხზე და გასაცოდავებულ მოსახლეობაზე.

თემურ ავალიანი

23.05.2016.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100