თბილისის სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს
თბილისის სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, სამი ბაღის შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში შეწდა.
„აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგი დაიწყო და მოითხოვა ყველა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხი შეისწავლა, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.
ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, N125, N19 და N84 საბავშვო ბაგა-ბაღების ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა, როგორც არადამაკმაყოფილებელი. ექსპერტების დასკვნით, საჭიროა შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, არსებული მდგომარეობით კი ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სამივე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. 29 იანვრიდან კი აღნიშნულ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან. პარალელურად დაიწყება აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები“, - ნათქვამია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში
კომენტარი