ვნება VS სიყვარული – როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ეს ორი გრძნობა?
პანსექსუალური თეორიის შემოქმედი, ზიგმუნდ ფროიდი, თავისი მოძღვრების პრაქტიკულ დადასტურებას ჩვენს საუკუნეში პოულობს პრესის, ტელევიზიისა თუ ინტერნეტის საშუალებით, რომლებიც არათუ მხოლოდ არაცნობიერად, არამედ სავსებით გაცნობიერებულადაც ახდენენ ზეგავლენას ადამიანის გრძნობასა და გონებაზე და ქედს იხრიან მისი უდიდებულესობა „ლიბიდოს“ წინაშე.
მაგრამ ერთობ დიდი უსამართლობა იქნებოდა ამ ადამიანისათვის პირველაღმომჩენის ტიტულის მინიჭება, როგორც ეს სჩვევიათ მის ადეპტებს – ჯერ კიდევ შოპენჰაუერი ამტკიცებდა, რომ : „სქესობრივი ვნება მოიცავს არაუმანკო ადამიანებს დიდიან–პატარიანად, ხოლო საკუთარი ნების წინააღმდეგ აღაგზნებს თვით უბიწოთაც“.
ფროიდამდე იყო თქმული ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი პოსტულატიც: „ინსტინქტის კონტროლი შეუძლებელია, ისევე, როგორც ძლიერის შეურაცხყოფა“.
მაშ რა გამოდის, არ ყოფილა ქვეყნად საშველი სიყვარულის გრძნობებს შეპყრობილი ადამიანისათვის, თუკი მხოლოდ ქვენა ზრახვებსა და ინსტინქტებს ემორჩილება მისი სხეული!
ზემოთ ფილოსოფოსების აზრი ხომ გავიგეთ, ახლა, კითხვაზე პასუხის გასაცემად, ცნობილ ღვთისმეტყველთაც მოვუსმინოთ. აი, რას გვამცნობს ვლადიმერ სოლოვიოვი: „როცა ადამიანი ეროსის გავლენის ქვეშ არის, ცა და ჯოჯოხეთი ერთნაირი ყურადღებით აკვირდებიან მას“.
ხოლო შედეგი იქნება ის, რომ ასეთი ადამიანი ან ცად ამაღლდება, ან მიწას დაენარცხება. მაგრამ, რაზე არის დამოკიდებული ეს ამაღლება–დანარცხება? პირველი – ნამდვილ შეყვარებულთა ხვედრია, ხოლო მეორე – ვნებით გატაცებული ადამიანებისა. მერედა, როგორ უნდა გავარჩიოთ ვნება სიყვარულისგან?
ისევ სასულიეროთ დავეკითხოთ. მღვდელმონაზონი ვ. ზენკოვსკი დაწვრილებით განმარტავს ამ განსხვავებას: „თუმცა სიყვარულის გრძნობადი განცდა და სექსუალობა ერთი ფესვებიდან არიან ნასაზრდოები, და მოგვიანებით, წარმოიშობა მათი შერწყმის მოთხოვნილებაც, თავიდან ისინი მოძრაობენ არათუ მხოლოდ ცალ–ცალკე, არამედ, არცთუ იშვიათად, ერთმანეთის უგულებელყოფით“.
თანაც, როგორ გასაკვირადაც არ უნდა გეჩვენოთ, არათუ მხოლოდ ქალიშვილებისათვის არის ასეთი დიფერენციაცია დამახასიათებელი, არამედ თვით ვაჟებისთვისაც – დასაწყისში სიყვარულის გრძნობა ახშობს სექსუალურ ინსტინქტს! შემთხვევითი არ არის, რომ შეყვარებულისათვის გულისსწორის წარმოსახვითი ნაზი ამბორი თვით ჩვენს საუკუნეშიც კი ნეტარებისა და ბედნიერების მწვერვალია!
სწორედ ამ მდგომარეობას იხილავს ვ. ზენკოვსკი: „რამდენადაც ღრმა არის სიყვარული, იმდენად მცირეა სექსუალობა. სიყვარული იფარავს ადამიანს სექსუალობისაგან. სიყვარულს მოაქვს ისეთი კეთილსურნელება, რომელიც ასპეტაკებს ადამიანს და ათავისუფლებს მას სექსუალური ფორიაქისაგან“.
ხოლო, რადგან „სიყვარულის მოძრაობანი უცხოა სექსუალურობისათვის“, ეს უკანასკნელი ლაღობს მაშინ, როცა ადამიანი სიყვარულის გარეშეა ატანილი ვნებებს ; თუ მას საკუთარი გრძნობები სექსუალურ განცდებს კი არ უხშობს, არამედ, პირიქით – უფორიაქებს ტვინის, გულისა და გენიტალიების უჯრედებს – ესე იგი, აქ სიყვარულს ახლოსაც არ გაუვლია და ეს არის ცარიელი ვნება.
სკეპტიკოსები ჩაგვეკითხებიან, საიდან შეიძლება იცოდეს სხვაზე მეტი სასულიერო მოღვაწემ და თანაც იმ საკითხში, რომელიც მიწიერ გრძნობებს ეხება? დავიწყოთ იმით, რომ, ჯერ ერთი, ოდესღაც ისიც სხვებივით ერში ცხოვრობდა და არაფერი ადამიანური უცხო არ იქნებოდა მისთვის; მეორეც – საყოველთაოდ აღიარებული დაუწერელი კანონებით, კანკელს მიღმა მას ისეთი მოკარნახეები ჰყავს, რომლებიც თვალით უხილავნი არიან ჩვეულებრივ მოკვდავთათვის; მესამეც – მას ადამიანურ მიწიერ შეგრძნებებთან აკავშირებს ასეულობით მიღებული აღსარება და მათგან მდიდარი დასკვნების გამოტანის საშუალება! ამიტომ, არც ჩვენ შევცდებით, თუ ესოდენ სარწმუნო ადამიანის მსჯელობის საფუძველზე გავარჩევთ ვნებას სიყვარულისაგან და დავასკვნით, რომ სიყვარული სულიერების პრიმატით მიდის ინტიმურ ურთიერთობამდე, ხოლო ვნება – სექსუალური ჟინის პრიმატით.
სამაგალითოდ, ჩვენთვის, ყველასათვის კარგად ცნობილი გალაკტიონის შედევრები შეგვიძლია მოვიყვანოთ. გალაკტიონს აქვს დაწერილი ლექსი „ცამეტი წლის ხარ“, სადაც ამბობს:
„ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი...“
და აქვს ლექსი „უსიყვარულოდ“, სადაც არის ასეთი სტრიქონები:
„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უზმანო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…“
რა განსხვავებაა ამ ორ ლექსს შორის? პირველი ლექსი ხორციელი ვნებების ჭიდილია, ხოლო მეორეგან პოეტი აღარ უხმობს ველურ ხმებსა და ყმაწვილურ ჟინს – რატომ? თუ ერთი ლექსი ჭაბუკობაშია დაწერილი, მაშ „ჭაღარა გული“ საიდან? ხოლო თუ მეორეში
„უკანასკნელი სიყვარულია“ აღწერილი, მაშ ლექსის თარიღი რატომ უსწრებს პირველი ლექსის თარიღს?
საქმეც ის გახლავთ, რომ ორივე ლექსი ერთმანეთთან ახლო პერიოდებშია დაწერილი – 1914 წელს „უსიყვარულოდ“ და 1916 წელს – „ცამეტი წლის ხარ“, როდესაც პოეტი, შესაბამისად, 21 და 23 წლისა იყო და არც „ჭაღარა გულზე“ შეიძლებოდა ლაპარაკი ერთგან და არც „უკანასკნელ სიყვარულზე“ – მეორეგან; განსხვავება პოეტის ემოციურ მდგომარეობებს შორის განპირობებული იყო მარტივი მიზეზით – ერთ შემთხვევაში მასში ბობოქრობდა ჟინი და ვნება, ხოლო მეორეში – ჭეშმარიტი სიყვარული. ბიოგრაფიული ცნობები კიდეც გვიდასტურებენ ამდაგვარ ვარაუდს, საიდანაც ვგებულობთ, რომ 1914 წელთან დაკავშირებულია გალაკტიონის რომანტიკული პერიოდი – ქუთაისში პოეტს თავისი მასწავლებლის, რაფიელ ჩიხლაძის ქალიშვილი - რაისა შეჰყარებია. სიყვარული ხანმოკლე აღმოჩნდა. რაისა სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და იქვე გათხოვდა. ნამდვილსა და ჭეშმარიტ (და არა უკანასკნელ) სიყვარულს გალაკტიონმა მიუძღვნა ლექსი "უსიყვარულოდ".
რაც შეეხება ლექსს „ცამეტი წლის ხარ“, ნუ მივიღებთ მას დღეისათვის ასე მოდურად ქცეულ „პედოფილიის“ მაგალითად – ამ ასაკში, რიგ შემთხვევებში, ქალიშვილებს, მოწიფულობის პირობაზე, ათხოვებდნენ კიდეც – მაგრამ 23 წლის გალაკტიონს ისე შეშინებია თავისი „ზღვარგადაცილებული“ ხნოვანებით 13 წლის გოგონას მიმართ აღძრული ვნებისა, რომ ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმების მომარჯვებით საკუთარი თავისთვის და გულისთვის „ჭაღარა“ უწოდებია...
კომენტარი