აჩიკო მეფარიძე: "იმედის" პროექტი არ დამიტოვებია, ჭორებს ნუ მივრცელებენ!"
მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ "ჯეონიუსს" სთხოვა, გაავრცელოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყდეს მის წინააღმდეგ ჭორების გავრცელება.
კერძოდ, მისი თქმით, მოგონილია თითქოს აჩიკო მეფარიძემ ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვა.
"მე პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" არ დამიტოვებია და არც ვაპირებ დატოვებას. ამ წუთებში რუსთაველის თეატრში რეპეტიციაზე ვარ, ვისაც აინტერესებს მობრძანდეს და მნახოს. რაც შეეხება ქორეოგრაფების კრიტიკასთან დაკავშირებულ ჭორს, მინდა გითხრათ, ყველა მათგანი კომპეტენტური ადამიანია თავის საქმეში და მათთან მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თანაც, მათ მე დადებითად შემაფასეს. ასე რომ ჩემი პროექტიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი ჭორია",-განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბრისას მომღერალმა, რომლის ცეკვის მეორე საკონკურსო ნომერი "იმედზე" ამ დროისთვის უკვე გავიდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე გადაცემაში.
ცნობისათვის, ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები"გასულ კვირას, 14 მარტს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. შოუს ძირითადი წამყვანები არიან რუსკა მაყაშვილი და კახა აბუაშვილი (კაბუ), ხოლო მესამე წამყვანი "მწვანე ოთახიდან" – კახა კინწურაშვილი. კონკურსის განმავლობაში ცხრა წყვილი ასრულებს სხვადასხვა სტილის ცეკვას ცოცხალი ბენდის თანხლებით. მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მოცეკვავები, რომლებსაც პარტნიორობას უწევენ შოუ ბიზნესის ცნობილი სახეები.
კომენტარი