სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომალელი მეკობრეების ტყვე ქართველ მეზღვაურებს ათავისუფლებენ

სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ტანკერი ოლიპ ჯი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფება, რამდენიმე საათში განთავისუფლდება.

მიმდინარეობს მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესი, რომელსაც საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი დელეგაცია ხელმძღვანელობს. განთავისუფლების ოპერაცია უშუალოდ პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ ხორციელდება, კოორდინაციას კი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი უწევს. ამჟამად ქართული სამთავრობო დელეგაცია უკვე სომალიში იმყოფება.

სულ მალე 18 მეზღვაურს მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე, შემდეგ კი უსაფრთხო პორტში გადაიყვანენ, საიდანაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.

ამ დროისთის გავრცელებული ინფორმაციით დატყვევებული მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "ოლიბ ჯი", რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 ოქტომბერს, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეებმა გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემფთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

2011 წლის ოქტომბერში სომალელმა მეკობრეებმა მეზღვაურების ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც მძევლები დახმარებას ითხოვდნენ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ტანკერი "ოლიბ. ჯი" სომალი პორტ ხარარხერდეში იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100