დედა პარასკევას სამთავროს მონასტერი "დაატოვებინეს"
For.ge-ს ინფორმაციით, სამთავროს მონასტერის ხელმძღვანელის დედა ქეთევანის გადაწყვეტილებით, დედა პარასკევას მონასტერი "დაატოვებინეს". თუ რა გახდა მონასტრიდან დედა პარასკევას გაშვების მიზეზი, ეს ამ დრომდე უცნობი რჩება, რადგან ფორ.გე დედა პარასკევასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად, დედა პარასკევა თბილისში იმყოფება და მას სამთავროს მონასტერში მისვლა აუკრძალეს.
როგორც სანდო წყარო გვიყვება, სამთავროს მონასტრის დედები დედა პარასკევას მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან და მასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან მიაქვთ.
"დედაოს მამა გაბრიელის კელიის გასაღები ჩამოართვეს, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა ჩაბარებული. ამას გარდა, დედაოს მოსთხოვეს მამა გაბრიელის მოსასხამი და მამა გაბრიელის წმინდა სისხლი დაეთმო, რომელიც სინჯარაშია მოთავსებული. დედაოს მოსასხამი მამა გაბრიელმა პირადად უსახსოვრა და, რა თქმა უნდა, დედაო მას ვერ დათმობდა. როგორც გავიგეთ, პატრიარქს ამბავი მიუტანეს, რომ თითქოს, დედა პარასკევა მამა გაბრიელის ლუსკუმასთან ისე დგას, რომ ხალხს მონასტერში შესვლაში ხელს უშლის, რაც დიდი სიცრუეა", - ამბობს ჩვენთან საუბარში სამთავროს მონასტერში მიმდინარე პროცესების მხილველი ქალბატონი.
დედა პარასკევა წლებია, რაც სამთავროს მონასტერში მსახურობს. წლების განმავლობაში, ის მამა გაბრიელის საფლავს უვლიდა და იქ მისულ ადამიანებს გულთბილად ღებულობდა. თუ რა გახდა სამთავროს მონასტერში დაპირისპირების მიზეზი და თუ რატომ "დაატოვებინეს" დედა პარასკევას სამთავროს მონასტერი, ამის თაობაზე ინფორმაციის მოპოვებას for.ge თავად დედა პარასკევასგან შეეცდება.
კომენტარი