სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოჩიაური: „არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი, წინასაარჩევნოდ, შემთხვევით გამოქვეყნდა“

მმართველი გუნდის წევრი, ხათუნა ოჩიაური დარწმუნებულია, რომ გიორგი ტუღუში, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას, რადიკალურად შეცვლის. ოჩიაურის მტკიცებით, პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ღია და გამჭვირვალე იქნება, თუმცა, იმ ფირების მქონე ადამიანები დაისჯებიან, რომლებიც წლების მანძილზე, ფაქტებს მალავდნენ და წამებაში მონაწილეობდნენ. პატიმრების გარშემო შექმნილ ვითარებაზე, „დრონი. ჯი“ ხათუნა ოჩიაურს ესაუბრა:

– ფიქრობთ, რომ მინისტრების პოსტებიდან გადადგომით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიმუხტება?

– პატიმრების წამების შემზარავი ფაქტები ყველამ ვნახეთ, რაზეც სახელმწიფო ვალდებული იყო ადეკვატური რეაგირება მოეხდინა, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან, გარდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ორმა მინისტრმა გაიზიარა. ძველი დროიდან დარჩენილი სიმახინჯე შეიცვლება, რომელიც ლოკალურად გლდანის ციხეში იყო. ხელისუფლებამ, მსგავსი სიმახინჯეების აღმოფხვრა ქუჩიდან და სხვა მრავალი სისტემიდან შეძლო, შესაბამისად, ამ სისტემაშიც ცვლილებები განხორციელდება. ეფექტური საკადრო ცვლილებები განხორციელდა და გიორგი ტუღუში, რომელმაც უკეთ იცის არსებული მდგომარეობა და რომელიც, საზოგადოებაში სერიოზული ნდობით სარგებლობს, ძალადობას აღმოფხვრის და სისტემას ძირეულად შეცვლის.

– თუმცა, თავის დროზე, სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვისას, ამ „სიმახინჯის“ აღმოფხვრა უმრავლესობას არ უცდია. პასუხისმგებლობა თქვენ არ გეკისრებათ?

– უნდა ვაღიაროთ, რომ გიორგი ტუღუშისა და საზოგადოებრივი სხვადასხვა ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ რატომ მოხდა ეს? – ამ ყველაფერს ასეთ ახსნას ვუძებნი, რომ ეფექტური რეფორმებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, მშვიდად მეგონა, რომ შეფასებები გადამეტებული იყო და ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამებოდა. ამ ყველაფერში კი, საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ, რადგან ძველი ნარჩენები ჩვენს სისტემაშიც აღმოჩნდა.

– სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლების პარალელურად ის ექიმები უნდა დაისაჯონ თუ არა, რომლებიც ამ ყველაფერზე დუმდნენ?

– კანონის მიხედვით, დანაშაულის დაფარვა დასჯადია. გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ღია და გამჭვირვალე იქნება. ასევე გამოძიების პროცესში ჩართული იქნება, საზოგადოება და დაუსჯელი არცერთი დამნაშავე პირი არ დარჩება. მათ შორის, ამ ფირების მქონე ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე, ფაქტებს მალავდნენ და წამებაში მონაწილეობდნენ. ასევე, ისინი ვინც გამდიდრების მიზნით, ამ ფირებს ინახავდნენ. არადა, მათ ამ მასალების გამოქვეყნება ინტერნეტ–გვერდებზე შეეძლოთ, რითაც უამრავ ადამიანს ტანჯვას შეუმსუბუქებდნენ. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ, შემთხვევით გამოქვეყნდა და ვერ ვიტყვით, რომ ეს პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყო გამოყენებული. დრო გავიდა, პირველი შოკი მივიღეთ და ყველას მოვლენების გაანალიზება გვმართებს. რაც ხდებოდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეთი ფაქტები მომხდარა და ამაზე სწრაფი რეაგირება იყო საჭირო.

– ალბათ, თქვენ ამ პირებში ბედუკაძეს გულისხმობთ. მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ მან ამ ფაქტების გამომზეურებისთვის 2 მლნ მიიღო. თქვენ კი, პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობთ. ამ პროცესების დამკვეთი ვინ არის?

– გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი დადგინდება. შესაბამისად, ამ საკითხზე, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა, მთავარია, რომ პასუხი გაეცეს კითხვებს – ამ დანაშაულით ვინ იხეირა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საზოგადოებაში ამხელა მღელვარება ვის აწყობდა?

– საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის შესაძლო რღვევაზე ალაპარაკდა. რა განწყობაა უმრავლესობაში?

– სრულიად გადამეტებული შეფასებებია. იმისთვის კი არ ვართ შეკრებილნი, რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ იმის გვჯერა, რასაც ვაკეთებთ. კერძოდ, ის რომ ქვეყანა სწორად მიდის, ძალადობას დავძლევთ და სახელმწიფო წარმატებული იქნება. სადიზმი და უბედურება ჩვენი ქვეყნიდან ისე უნდა ამოიძირკვოს, როგორც ქუჩებიდან და უწყებებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100