სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი ჩაატარა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო თათბირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ჩაატარა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე მთავრობის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაიბარა.

„სად იყო ამ დრომდე პროკურატურა? ამხელა ჯგუფი, ამდენი ადამიანი სრულიად თავისუფლად არღვევდნენ პატიმრების უფლებებს და დაუსჯელად მოქმედებდნენ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ამ დამნაშავეების დაჭერა. პირველ რიგში უნდა გადაიხედოს ეს სისტემა და ძირფესვიანად შეიცვალოს. ის რაც ამ დღეებში ვიხილეთ ისეთივე საზიზღარი აღმოჩნდა, როგორც ძველ დროს იყო. მთლიანად, მთელი პენიტენციალური სისტემა არის გადასაწყობი, ისევე, როგორც ეს მოხდა პოლიციაში, სისტემურად პოლიციაში მსგავსი რამ შეუძლებელია, პენიტენციალურ სისტემაში კი როგორც აღმოჩნდა მსგავსი ფაქტების კონტროლი სრულებით არ ხდებოდა. ახლა პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, ეს ყოველივე საზღვრებს სცდება. უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მსგავს საზიზღრობებს ჩადიოდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ ვაშენებთ ცივილიზებულ ქვეყანას. აუცილებელია ძირითად ციხეებში შევუშვათ პატრული, უკანა ფლანგზე დავწიოთ ციხის თანამშრომლები, სანამ არ გამოვიძიებთ ამ ყოველივეს და მათი გადახარისხება არ მოხდება. უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და ყველა ციხეში უნდა შევუშვათ ომბუცმენის წარმომადგენელი და მონიტორინგის ჯგუფები. შექმენით პატიმართა სია და მათთან ახლობლები შეუშვით, რათა ისინი საკუთარი პატიმრების უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ. ფაქტები, რომლებიც გავრცელდა საშინელებაა, იგი ღალატის ტოლფასი და იმ ყოველივეს დისკრიმინაციაა, რაც მრავალი წლის განმავლობაში გვიკეთებია. ამასთანავე, საზოგადოებას მრავალი კითხვა გაუჩნდა, ეს სრულებით ბუნებრივია, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს აქ რა თამაშიც მიდის და რა ვნებათაღელვასაც აქვს ადგილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

მან შესაბამის ორგანოებს მოქმედებისკენ მოუწოდა, ვანო მერაბიშვილმა კი პატიმრებისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100