ვიდეო კამერები საძინებელში - სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, აპარატურის აღმოჩენისას ლუკა კურტანიძეც მასთან ერთად იყო
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ყოფილ თანაგუნდელებს უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქუთაისში, მის ნაქირავებ ბინაში ვიდეო კამერები და მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.
ჯაჭვლიანი ამბობს, რომ არ იცის ვისი ბრძანებით დაამონტაჟეს აპარატურა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მაღალი თანამდებობის პირების ნებართვის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა.
ამ თემაზე ყოფილმა დეპუტატმა გუშინ ისაუბრა, დღეს მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.
ჯაჭვლიანმა თქვა, რომ აპარატურის აღმოჩენისას მასთან ერთად იყო ლუკა კურტანიძე.
"არ ვიცი ჯერჯერობით ვერკვევი. ამ თემაზე მერე დავილაპარაკებ, სატელეფონოდ არ მინდა ამაზე ლაპარაკი", - თქვა კურტანიძემ "მთავართან" საუბარში.
კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე კი ამბობს, რომ ინფორმაცია ჰქონდა, რომ კამერები მხოლოდ საძინებელში იყო. მისივე თქმით, კურტანიძე და ჯაჭვლიანი თვითონ ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ ამ საკითხში.
"ორი საძინებელი იყო იქ და იყო საძინებლებში. საუბრისას არ გამოუხატავთ [ვინმეზე ეჭვი]. რატომ მაინც და მაინც საძინებლებში, არ ვიცი, ეს არის თავიდან ბოლომდე სოსოს თემა, იმიტომ, რომ ლუკა შემთხვევით იყო მერე, რომ მოგვიწია ამ ბინაში მისვლა", - ამბობს კურტაინიძის ყოფილი ცოლი.
სოსო ჯაჭვლიანმა თქვა, რომ ფაქტზე მაშინდელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს აცნობა.
უცნობია მიმართა თუ არა გამოძიებას სოსო ჯაჭვლიანმა.
კომენტარი