სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსუდან კერვალიშვილი: „ბურჯანაძისა და ნოღაიდელის გასამართლებას საზოგადოებას მივანდობ“

„ჩემთვის მისაღებია პოლიტიკური ბრძოლის ყველა ის ხერხი და ფორმა, რასაც ნორმალური არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა მოჰყვება. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ რა მოაქვს ქვეყანაში ხელისუფლების ძალით დამხობას“, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა.
კერვალიშვილი ამბობს, რომ, თუკი საკანონმდებლო დონეზე მოხდება ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვური ვოიაჟების სამართლებრივი შეფასება, მათ დაპატიმრებას მხარს არ დაუჭერს. „მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკოსებს განაჩენი ხალხმა უნდა გამოუტანოს“
„დრონი.ჯი“: რა მიზანს ემსახურებოდა მოდელირებული ქრონიკის ეთერში გაშვება?
რუსუდან კერვალიშვილი: არ ვიცი რომელ პოლიტიკურ ფიგურებზეა საუბარი, როდესაც ამბობენ, რომ ვიღაცების წინა პლანზე წამოწევა იყო ჩაფიქრებული...
- თქვენ აცხადებთ, რომ ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც რუსეთში გახშირებულ ვიზიტებს აწარმოებენ, ვერ მიაღწევენ მიზანს, ვინაიდან მათ არა აქვთ დასაყრდენი საზოგადოებაში. მაშინ რა ფორმით შეიძლება მივიდნენ ისინი მიზნამდე, რა გზით აქვთ მათ გეგმებს რეალიზების პერსპექტივა?
- იმ გზით, რაც იყო იმ ავადსახსენებელ ფილმში ასახული. მეტი გზა არ არსებობს. როდესაც შენ დასაყრდენი არა გაქვს საკუთარ საზოგადოებაში, არა გაქვს მათი ნდობა, წარმოუდგენელია ძალადობის გარეშე მიაღწიო მიზანს. მათ ეს კომპონენტი არ გააჩნიათ. ამ გადაცემით ცუდსაც აეხადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას მოვლენების იმ სცენარით განვითარება, რაც ფილმში იყო ასახული, არ სურს. არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
ეს არის მოსახლეობის ერთიანი აზრი. არ უნდა ჩვენს ხალხს არანაირი გარიგება მტერთან, არანაირი ძალადობა. ამ ფილმის მიზანი იყო ერთი - საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახოს, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ სერიოზული საფრთხეა და საჭიროა, რომ მათ დაუყოვნებლივ აღადგინონ სადამკვირვებლო მისიები ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოონ სისტემატიური მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის პროვოკაცია, რომელიც შეიძლება რუსულმა მხარემ განახორციელოს.
- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების იმ სცენარით განვითარება, რაც მოდელირებულ ქრონიკაში იყო ასახული, თუნდაც სახალხო მთავრობის შესახებ, პრეზიდენტის ლიკვიდაცია და ა.შ.
- სამწუხაროდ, ვერაფერს გამოვრიცხავთ, შეიძლება მართლაც მოხდეს ის მოვლენები, რაც იყო იმიტირებულ ქრონიკაში, რამდენიმე შემთხვევის გარდა, რომელსაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ. ის, რაც არ მომხდარა ისტორიაში, რომ ქართული საჯარისო ნაწილები გადავიდნენ მტრის მხარეს. ჩემი თაობა, ჩემი მომავალი თაობა მკერდით გადაეფარა მტერს და ახლა იმის შესახებ საუბარი, რომ თითქოსდა ჯარის ნაწილმა ქვეყნის დაცვაზე უარი განაცხადა, ეს ძალიან დიდი ბრალდება და შეურაცხყოფაა ქართველი ჯარისკაცებისა.
რაც შეეხება სახალხო მთავრობას. ჩემთვის პოლიტიკური ბრძოლის ყველა ის ხერხი და ფორმა არის მისაღები, რასაც ნორმალური არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა მოჰყვება. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ რა მოაქვს ქვეყანაში ხელისუფლების ძალით დამხობას.
- მას შემდეგ, რაც იმიტირებული ქრონიკა გავიდა ეთერში, ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა განაცხადეს, რომ, თუკი ფილმში მოყვანილ ფაქტებს ხელისუფლება დაამტკიცებს, ისინი უნდა დაიჭირონ, თუმცა იქვე განმარტეს, რომ ხელისუფლება ამას ვერ შეძლებს. თქვენი აზრით, რატომ ვერ დაიჭერს ხელისუფლება ბურჯანაძეს და ნოღაიდელს, ეს განცხადებები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მათ გარკვეული გარანტიები აქვთ რუსეთის მხარისგან მიღებული?
- ძალიან მძიმე არის ის გზა, რომელიც ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა აირჩიეს. ისეთი გზა არის, რომელიც ბეწვის ხიდზე გადის. ყველა ჩვენგანი გარკვეულ დროს ვცდებით იმ გაზს, რომელიც არის სწორი. მაგრამ არ შეიძლება დაადგე გზას, რომელიც პუტინისკენ მიდის. მე განვიცდი იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შენების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას და დიდი წვლილი აქვთ ამ საქმეში შეტანილი, პუტინის გზა მიაჩნიათ სწორად.
- რუსეთი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გარეშე აპირებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარებას და ამას, როგორც ვხედავთ, ნოაღიდელისა და რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერის დახმარებით აკეთებს. შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის ურიერთობების დალაგება მმართველი გუნდის ჩარევის გარეშე?
- ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კითხვაა. მე პუტინს როდესაც ვამბობ, ჩემს თვალწინ დგას ის დღეები, როდესაც ყველა ჩვენგანი ვიყავით შოკში 2008 წელს. როდესაც ეს პროცესები მიმდინარეობდა, ტელევიზიით პუტინის გამოჩენა თეთრებში, თავიდან ბოლომდე იყო დაცინვა.
ჩვენს თვალწინ გასცა მან ის ბრძანება, რომელიც გასცა ბესლანის ტრაგედიის დროს და რა მოხდა მაშინ იქ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ. მე პიროვნებაზე არა მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, მე მაქვს მოვლენაზე. ჩვენ უფლება არა გვაქვს ვისაუბროთ რუსეთში რეჟიმის ცვლილებაზე, მაგრამ, როდესაც ქვეყანაში სამშვიდობოს მანდატი იცვლება ოკუპანტით, ამაზე მსჯელობა აღარ არის საჭირო. ჩვენ ვართ ოკუპირებული მათ მიერ. ჩვენგან ოკუპირებული სახელმწიფო ხომ დღეს არ არსებობს? ამიტომ მათი სახელმწიფოს და ხალხის მიმართ დამოკიდებულება ჩვენ არა გვაქვს ცუდი, მაგრამ, როგორც ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, რეაქციები აბსოლუტურად ადეკვატურია. როგორ ველაპარაკოთ ქვეყანას, რომელიც ჩექმით დგას ჩვენს ქვეყანაში? წარმოუდგენელია მათთან დიალოგი საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე.
- თქვენი როგორც უმრავლესობის წევრის რეაქცია როგორია, როდესაც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უჭირს თქმა აღიაროს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი?
- ეს პუტინს არ ათავისუფლებს იმ ცოდვებისგან, რაც მან ჩაიდინა. ეს ბურჯანაძეს უნდა ჰკითხოთ, რატომ ვერ ამბობს იმას, რაც საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია.
- თუკი მოხდება ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მოქმედებების საპარლამენტო დონეზე განხილვა, თუ რამდენად ადეკვატურია მათი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში, დაუჭერდით მხარს ამ ადამიანების დაჭერას?
- არა, დაჭერას ნამდვილად არ დავუჭერდი მხარს. მე ვუჭერ მხარს იმას, რომ ნებისმიერი საკითხი იყოს გამჭვირვალე. ამაში მხარს ვუჭერ საქართველოში ყველაზე დიდ ძალას - ჟურნალისტიკას, რომელიც ჩემთვის მეოთხე კი არა, პირველი ხელისუფლებაა. მთავარია ყველა საკითხზე ღიად ვისაუბროთ, არ ავუბნიოთ თავგზა სხვადასხვა შეფასებებით საზოგადოებას. მე დავუჭერ მხარს საკითხის ღიად განხილვას და მათთვის ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, შემდეგ კი განაჩენის გამოტანას საზოგადოებას მივანდობდი. მე არაფერი მეტ სასჯელად არ მიმაჩნია, ვიდრე საკუთარი ხალხის მიერ პოლიტიკოსის გასამართლება. ბურჯანაძისა და ნოღაიდელის გასამართლებას საზოგადოებას მივანდობ.
- თევნი აზრით, არიან თუ არა ბურჯანაძე და ნოღაიდელი ქვეყნის მოღალატეები?
- ეს ძალიან რთული შეფასებაა, ღალატი არის ყველაზე მძიმე რამ, რაც კი შეიძლება ადამიანს და მითუმეტეს პოლიტიკოსს დააბრალო. მე დავარქმევდი ამას მცდელობას ღალატისა, რომელიც არ ღირს არანაირ ფასად. თუნდაც წოდება, რომ გიწოდონ მოღალატე დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, იმდენად მძიმეა, რომ არაფერი არ ღირს ამად. პუტინთან შეხვედრა არ არის იმ შედეგის მომტანი, რომელიც ქვეყანას დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი. ეს არის შეხვედრა შეხვედრისთვის, იმისთვის, რომ პუტინის კაბინეტში მოხვდნენ.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100