სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კუდიანებზე ნადირობა“ გრძელდება: კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი ჩინოსნები დააკავეს

განახლებულია: 09.00 სთ.

14 ნოემბერს, დაახლოებით 13 საათისთვის პროკურატურაში დაბარებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარდავა დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულნი არიან კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები. ერთი მათგანია გიორგი ყავლაშვილი, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანია (გიორგი ყავლაშვილი "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის მეუღლეა).

მოწმის სტატუსით პროკურატურაში დაბარებულთა დაკითხვა, არც მეტი, არც ნაკლები, 15 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, ამ ხნის განმავლობაში მათი ბედის შესახებ არაფერი იცოდნენ. ლევან ქარდავას ადვოკატმა და ოჯახმა დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. ოჯახის წევრთა თქმით, დაკითხვაზე ლევანის დაბარების შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს და მას შემდეგ მათთვის ოფიციალურად არავის არაფერი უცნობებია.

ლევან ქარდავა კუდ-ის უფროსად მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრი გახდა. მანამდე იგი ამავე დეპარტამენტში აფხაზეთის მიმართულებას კურირებდა და სწორედ მის საქმიანობას უკავშირდება რუსი ოკუპანტების მხრიდან დაგეგმილი დივერსიული და ტერორისტული აქტების გამოვლენა და აღკვეთა. ლევან ქარდავა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას ძმაა. არც ერთი დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის დაკავებულების სამუშაო კაბინეტების ჩხრეკა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, მოწმის სახით დაბარებული კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსანთა თავდაპირველად გამოცხადებული რიცხვი შეიცვალა და შვიდის ნაცვლად, ათამდე ავიდა. მოწმის სტატუსით დაბარებულთაგან შინ დაბრუნება მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა, თუმცა ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული და რას ედავება მათ გამოძიება, დილის 6 საათისთვის ცნობილი არ არის.

პროკურატურასთან მასალის გამოქვეყნების დროისთვისაც იმყოფებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები, ახლობლები და ჟურნალისტები. ისინი პროკურატურის მხრიდან ოფიციალურ განმარტებას ელოდებიან.

მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე, რომელიც იქ იმ საპყრობილის წინამდებარე ტერიტორიიდან მივიდა, სადაც ბაჩო ახალაიას ახლობლები არიან შეკრებილები, მათ შორის: როლანდ ახალაია, თეა თუთბერიძე, ბაჩო ახალაიას მეუღლე...

გოგა ხაჩიძე მთავარ პროკურატურაში მყოფ ჟურნალისტებს გამოელაპარაკა, დაკითხვაზე დაბარებულების ამბავი იკითხა და ბოლოს, მთავარ პროკურატურაში, შესასვლელში განთავსებულ კომპიუტერზე, შემდეგი შინაარსის სამახსოვრო ფრაზა დატოვა: "ღმერთო! თვალყური გვადევნე..."

კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნების დაკავებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა „ენ-კა-ვე-დე-ს“ მეთოდებით მოქმედებს:

ცნობილია, რომ გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, რეპრესირებულთა უმრავლესობა სახლიდან სწორედ ღამის საათებში და სწორედ მოწმის სტატუსით, „გასაუბრების“ მიზნით წაიყვანეს. სწორედ „ენ-კა-ვე-დე-ს“-თვის დამახასიათებელი სტილია ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის დამალვა დაკავებულთა თუ „გასაუბრებაზე“ დაბარებულთა შემდგომი ბედის შესახებ...

ინტერპრესნიუსი:

ლევან ქარდავა, გიორგი ყავლაშვილი და სოდ-ისა და კუდ-ის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი დაკითხვის შემდეგ დაააკავეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავასა და ყავლაშვილის ადვოკატებმა მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდე განუცხდეს.

როგორც ყავლაშვილის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ აღნიშნა, ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე.

კუდ-ის უფროსის, ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.
ადვოკატების განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა გამოძიებას ყველა კითხვაზე დეტალური პასუხები გასცეს და ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში გუშინ, 13.00 საათიდან მიმდინარეობდა და დღეს გამთენიისას დასრულდა. პროკურატურას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100