სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამ დოჩანაშვილი სტუდენტებს: "ბიბლია იკითხეთ, იქ ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით..."

"იქნება, მართლაც კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, სულ ზღაპარ-ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი... და რომ იცოდეთ, უბედნიერეს დროებაში ხართ გაჩენილი ყველანი, ძმებო, რადგან სიბინძურეში, ამაღლების საშუალება უფრო არსებობს და თქვენ მოგეცათ".

"სამოსელი პირველი".

მენდეს მასიელის ეს სიტყვები გაგახსენდებოდა, თუკი "მისალოცი" არ იყავი და "სამოსელი პირველის" პირველად წაკითხვის ბედნიერება წინ არ გელოდა. იყო მეორე პირობაც, მენდეს მასიელის გასახსენებლად: 9 დეკემბერს, თსუ-ში უნდა ყოფილიყავი, სადაც ენით აუწერელი, დადებითი აურა ტრიალებდა - იქ ქართველი ცოცხალი კლასიკოსი იყო სტუმრად.

"მთქნარებაზე მეტად გადამდები", ალალი ღიმილით, სადად ჩაცმული, კეთილზე კეთილი მზერითა და, როგორც ყოველთვის, ახალგაზრდებთან გულახდილად სასაუბროდ განწყობილი გურამ დოჩანაშვილის მასპინძელი იმ დღეს სრულიად უნივერსიტეტი იყო.

არც ის გაჰკვირვებია არავის, რომ დარბაზში ადგილი არ იყო, არც ის, რომ პირველ კორპუსში შესვლისთანავე, ფოიეში ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით მიმავალ (მოტეხილი ფეხი ისევ აწუხებს და დროდადრო მწარედ ახსენებს თავს) დიდ მწერალს ტაშითა და აღფრთოვანებული მზერით მიაცილებდნენ და უკან მიჰყვებოდნენ...

გურამ დოჩანაშვილი ახალგაზრდებს ძნელ ყოფაზე და ამ ყოფაში ადამიანის დანიშნულებაზე, სულიერების შენარჩუნებაზე ესაუბრა. მისი მთავარი რომანიც ხომ სწორედ ამაზეა და, როგორც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თვითონ "მწერალი კი არა, გადამწერია".

სტუდენტებს ბევრი რამ აინტერესებდათ და ერთმანეთს ასწრებდნენ კითხვების დასმას: ხუმრობა საქმე ხომ არ არის, მათ წინაშე გურამ დოჩანაშვილი იჯდა, რომელმაც მოგვიანებით თქვა, რომ მაქსიმალურად არიდებს თავს პომპეზურ წვეულებებს და სხვადასხვა ღონისძიებებს, მაგრამ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე არასდროს ამბობს უარს.

"დიდი მადლობელი ვარ იმ სითბოსთვის, რაც უნივერსიტეტში შემოსვლისთანავე და მერეც ვიგრძენი. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე არასდროს ვამბობ უარს. აქ დღეს ძალიან ხშირად მთხოვდნენ რჩევას და მე უხერხულ სიტუაციაში ვვარდები, როცა ამას მეკითხებიან, რადგან ისედაც ცხადია: ბიბლია იკითხეთ, იქ ყველა კითხვაზე პასუხს შეხვდებით, ამაზე უკეთეს რჩევას მე ვერ მოგცემთ..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100