სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიმედოდ შეყვარებულმა ბიჭმა 18 მეტრის სიმაღლიდან გადააგდო, გაინტერესებთ რითი იტანჯება გვანცა ადამია?

2013 წლის მაისში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზარელი შემთხვევა მოხდა. უიმედოდ შეყვარებულმა სტუდენტმა ბიჭმა, 22 წლის ვანო ღონღაძემ, გოგონა – 23 წლის გვანცა ადამია – მესამე სართულიდან, დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლიდან გადააგდო. მძიმე ტრავმების გამო ექიმები გოგონას გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ.
და მაინც, გვანცა ღმერთმა არ გაწირა და, მედიკოსების მონდომებით, გოგონა გადარჩა, მაგრამ ფიზიკურ ტკივილებსა და მძიმე სულიერ ტრავმებს დღემდე ებრძვის. ამას ემატება შიშიც, რომ სადღაც შეიძლება ჩასაფრებული იყოს ბიჭი, რომელმაც ერთი წლის წინ კიბიდან გადმოაგდო. ვანო ღონღაძე დაკავებული არ არის. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ის შეურაცხადად ცნეს, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ადამიების ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის კლინიკაში არ იმყოფება, ქუჩაში თავისუფლად დადის და საფრთხეც ისევ არსებობს. გვანცას ოჯახმა ერთადერთი შვილის სამკურნალოდ ბინა გაყიდა. ამჟამად ვარკეთილში, ნაქირავებში ცხოვრობენ და მატერიალურად ძალიან უჭირთ.
გვანცა, ერთი წლის წინ მომხდარ ამბავს "სარკე" აშუქებდა, მაგრამ პირადად თქვენგან არ მოგვისმენია, რა მოხდა იმ დღეს და რა წინაისტორია ჰქონდა ამ ამბავს. შეგიძლიათ ახლა გაიხსენოთ?
– ჩვენ კურსელები ვიყავით, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდით. იმ დღეს ჩვეულებრივად მელაპარაკა, მშვიდად იყო, იღიმოდა. მითხრა, შევეგუე, რომ არ გიყვარვარ, ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რომ გხედავ, ღრუბლებიდან დავეშვიო.
უნივერსიტეტის მე–3 სართულზე, კიბის მოაჯირთან ვიდექი. იმ მომენტში არ ვსაუბრობდით, მოშორებით იდგა. უცებ ვიგრძენი, რომ უკნიდან ვიღაც მომვარდა და გულზე მიმიკრა. დაბნეული იყო, ალბათ არ იცოდა, რა გაეკეთებინა, მომენტალურად ამწია და თავით ქვემოთ გადამკიდა, ფეხებით ვეკავე გადასაგდებად. ეს წამიერად მოხდა. ეტყობოდა, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. ხმას არ იღებდა.
იმ მომენტში არავინ იყო, ვინც დაგეხმარებოდათ?
– ეს დეკანის კაბინეტის წინ, ისეთ ადგილას მოხდა, სადაც სულ ხალხი მოძრაობს, მაგრამ მან ისეთი დრო შეარჩია, როცა ახლოს არავინ იყო. დეკანის მოადგილე გამოვიდა ლექციიდან და დაინახა, რომ ფეხებით ვეჭირე, მაგრამ დახმარება ვერ მოასწრო. როგორც კი გადამაგდო, დეკანის მოადგილე მივარდნია, რა ქენი, შე ნაძირალაო. მას მშვიდად უთქვამს, მოვკალიო. თურმე ამბობდა, გადავწყვიტე, ჩემი უიმედო სიყვარულისთვის ბოლო მომეღოო. ჩემი ჩანთაც გადააგდო.
როცა თავდაყირა ეკავეთ, გააცნობიერეთ, თქვენს თავს რა ხდებოდა?
– თურმე მომისწრია თქმა, დამსვი–მეთქი. მიკივლია კიდეც, მაგრამ მე არ მახსოვს. რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რაც ხდებოდა და გადარჩენაზე ვფიქრობდი. როგორც მახსენდება და შემდეგ თვითმხილველებმაც თქვეს, თურმე თავდაყირა როცა ვეკავე, ქვემოდან მოაჯირს ვებღაუჭებოდი, ის კი ფეხით მაშვებინებდა ხელს. ვარდნის პროცესი უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ თურმე, როგორც კი დავვარდი, ადგომას ვცდილობდი. ძალიან გამართულად ვლაპარაკობდი, დედაჩემის ნომერიც კი მითქვამს, დაურეკეთ–მეთქი. 18 მეტრის სიმაღლიდან ჩამომაგდო!
საავადმყოფოში რა დაზიანებებით მიგიყვანეს?
– უამრავი დაზიანება მქონდა. ყველაზე სერიოზულად ღვიძლი დამიშავდა, გახეთქილი იყო და აქტიური სისხლდენა მქონდა. მუცლის ღრუში 3–4 ლიტრი სისხლი იყო ჩაღვრილი, ფილტვები – ჩაფუშული, ნეკნები – მოტეხილი, მენჯის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა... ექიმები ჩემი გადარჩენის 2 პროცენტსაც არ იძლეოდნენ. ჩემი გადარჩენა ყველას უკვირს, ნამდვილი სასწაულიაო, ამბობენ.
რამდენი ხანი დაჰყავით საავადმყოფოში?
– რეანიმაციაში 15 დღე ვიწექი, პალატაში – დაახლოებით 5 დღე. სახლში კი 4 თვე გაუნძრევლად, პირაღმა ვიწექი. კორსეტი მეცვა. ნაწოლები რომ არ გამჩენოდა, სპეციალური ლეიბი მიყიდეს.
რა ურთიერთობა გქონდათ ვანო ღონღაძესთან, როდის გაიცანით?
– ამ შემთხვევამდე 3 თვით ადრე გავიცანი, თვითონ კი 2 წლის წინ დავუნახივარ პირველად და მას შემდეგ ჩუმად დამდევდა. თურმე ჩემს სახლთან ხშირად მოდიოდა. გრძნობებში რომ გამომიტყდა, მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემი სიყვარულის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მე მხოლოდ სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევდა. უხეშად არ მექცეოდა, უბრალოდ სულ თან დამყვებოდა და თავს მაბეზრებდა.
ხომ არ გემუქრებოდათ ან გაშანტაჟებდათ?
– არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთ დღეს მაღლივ კორპუსში გამოცდა მქონდა. დამირეკა და მითხრა, "ფეისბუქზე" რატომ არ მიპასუხეო. ძალიან გაღიზიანებული იყო. მისგან ეს პირველი და უკანასკნელი ზარი იყო. იმ დღეს მითხრა, დებილი არ ვარ და თავს არავის ავაგდებინებო. შეიგინა კიდეც, ამ ცხოვრების დედაც, შენთან თუ არაფერი გამომივიდა, ქვეყნიდან წავალო. ვუთხარი, რა უფლებით მიყვირი, შენთვის პირობა ან იმედი არ მომიცია, სადაც გინდა, იქ წადი–მეთქი. მითხრა, 15 დღეს გაძლევო. მე კი ვუპასუხე, ახლავე გეუბნები, რომ ჩვენ შორის მეგობრობაც აღარ იქნება–მეთქი.

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებდა თქვენზე, რამე უცნაურს ატყობდით?
– არ მომწონდა და თან პირველივე დღიდან უცნაურობასაც ვატყობდი. უაზროდ არ ლაპარაკობდა, მაგრამ თავისებური, უცნაური იყო სიარულით, საუბრის მანერით, გამოხედვით. ყველაფერს იმას ვაბრალებდი, რომ ძალიან ნაკითხი იყო, სულ წიგნებზე საუბრობდა. ჭკვიანი იყო, სწავლით იმდენად არ სწავლობდა, მაგრამ ერთი გადაკითხვით უმაღლეს ქულებს იღებდა. არასდროს დამმუქრებია, პირიქით, მოწიწებით მექცეოდა. ერთადერთი, რის გამოც ხელს არ ვკრავდი, მისგან ასეთი მოპყრობა იყო. მეცოდებოდა კიდეც. ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, მარტო დადიოდა. ბოლოს თავს იმდენად მაბეზრებდა, მისი დანახვის მეშინოდა.
თქვენი ოჯახის წევრებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ?
– დედამ იცოდა. იმ დღეს, როცა მაღლივში გამოცდა მქონდა, დედაც მახლდა. ვიცოდი, რომ ის მოვიდოდა და ამიტომ გავიყოლე. მართლაც მოსულა და დედასთან უსაუბრია. უთქვამს, ჩემგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება და რატომ გამოგიყოლათო. უკითხავს, შეეშინდა, თუ თქვენი სურვილით გამოჰყევითო. ვფიქრობ, იმ დღეს დედა რომ არ გამომყოლოდა, რაღაცას იზამდა. როგორც დედა ამბობს, ხელები უკანკალებდა.
ფიქრობთ, რომ მკვლელობა დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი?
– გამომძიებელთან უთქვამს, გვანცას მოკვლა ადრეც მიფიქრია ფიქსატორიანი დანით, რომელსაც ალბათ ზურგში ჩავარტყამდიო. წინა დღეს "ფეისბუქზე" დაუწერია, ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაცო და რაღაც სიკვდილის მუსიკა დაუდია. მერე გამომძიებლისთვის უთქვამს, პირველივე დღიდან მეუბნებოდა, რომ არ ვუყვარდი, არ მეუხეშებოდა, უბრალოდ, გადავწყვიტე, ჩემი ტანჯვა და უიმედო სიყვარული დამესრულებინაო... მკვლელობის საუკეთესო ვარიანტი აირჩია, რადგან ასი პროცენტით იცოდა, რომ იქიდან თუ გადამაგდებდა, ვერ გადავრჩებოდი. იმ ადგილიდან რომ გადმოიხედოთ, საიდანაც გადმომაგდო, ადამიანები ბავშვებივით ჩანან, თან ქვემოთ მარმარილოა. ჩემი გადარჩენა სასწაულია, მართლა მეორედ დავიბადე! უძლიერესი ქირურგი, ბატონი მერაბ ჯანელიძე შემხვდა, დიდი მადლობა მას, ტრამვატოლოგ კობა სირბილაძეს, ასევე ეკა მალანიას და დანარჩენ ექიმებსაც. სახლში ოთხთვიანი წოლის შემდეგ ერთი თვე რეაბილიტოლოგი, ბაია ბიგვავა დადიოდა ჩემთან. ამდენი წოლის მერე ჩემი პირველი წამოდგომაც საშიში იყო, რომ თრომბი არ განვითარებულიყო... ბავშვივით ყველაფერი თავიდან დავიწყე, ხელმეორედ ავიდგი ფეხი.
სად არის ახლა ის ადამიანი, ვინც თქვენ ასე მოგექცათ?
– საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შეურაცხადია და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ხონის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ახლა სად იმყოფება, არ ვიცით, ამიტომ ძალიან დიდი საფრთხე მემუქრება. ქუჩაში გასვლის მეშინია, ყველგან მშობლები დამყვებიან. როდის რას უნდა ველოდო, არ ვიცი. ჩვენი ვარაუდით, ის თავისუფალია, შეიძლება ისევ უკან დამყვება და მითვალთვალებს. როგორც ექსპერტმა გვითხრა, ფსიქიატრიულში ავადმყოფს რომ უმკურნალებენ, გამოწერენ. ფსიქიატრიული კლინიკის ხელმძღვანელმა ინფორმაციაც არ მოგვცა, ეს ადამიანი ამჟამად იქ იმყოფება თუ არა. მოვითხოვთ, რომ ის ქმედუუნაროდ აღიარონ. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში განცხადება შევიტანეთ, მაგრამ არ დააკმაყოფილეს, რადგან თურმე ამის მოთხოვნის უფლება არ გვქონია. არადა მისი გაკონტროლების ერთადერთი გზა ეს იქნება – მეურვე დაენიშნება და იმედი მექნება, რომ არაფერს დამიშავებს. თუ ფსიქიატრიულიდან თავისუფლად გამოვა, ისწავლის, ხალხში გაერევა და საფრთხე, პირველ რიგში, მე მემუქრება. მისი ქმედუუნარობა მშობელმა ან ფსიქიატრმა უნდა მოითხოვოს. მშობელი კი ამას არასდროს მოითხოვს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას სახელზეც დავწერე განცხადება, მანამდე წინა პრეზიდენტსაც გავუგზავნე წერილი, მან კი ჩემი განცხადება პროკურატურას გადაუგზავნა ხელახალი ძიებისთვის.
როგორც დეკანმა თქვა, უნივერსიტეტში დედამისი ყოფილა მისული, რომ სტუდენტის სტატუსი აღუდგეს.
მის ოჯახთან რაიმე კონტაქტი გქონდათ?
– თბილისელია. მშობლები და ერთი და ჰყავს. როგორც გავიგეთ, ფინანსურად საკმაოდ შეძლებულები არიან. მისი ოჯახის წევრები საავადმყოფოში, ასე ვთქვათ, თავს გვაბეზრებდნენ, უნდოდათ, რომ ფული აგვეღო.
რისთვის უნდა აგეღოთ ფული?
– როგორც ისინი ამბობდნენ, ჩემი მკურნალობისთვის, სინამდვილეში კი სხვა გეგმები ჰქონდათ. უარს რომ ვეუბნებოდით, ღიზიანდებოდნენ.
ახლა როგორ გრძნობთ თავს, ბოლომდე გამოჯანმრთელდით?
– მუდმივად ექიმებთან დავდივარ. თავის, წელის ტკივილები მაქვს, ადვილად ვიღლები. ამის გარდა ჩემი სულიერი მდგომარეობაც რთულია. ფსიქოლოგთან სიარულის საშუალება კი არ მაქვს. მკურნალობა ძალიან ძვირი დაგვიჯდა, ბინა გავყიდეთ, ნაქირავებში ვცხოვრობთ. თითქმის დეპრესიულ მდგომარეობაში ვარ, ზოგჯერ სახლიდან გასვლა არ მინდა. ჩემი ნება რომ იყოს, არც უნივერსიტეტში ვივლიდი, მაგრამ რაღაცნაირად თავს უნდა მოვერიო. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დამასაქმეს.
...
ინტერვიუს გვანცას მშობლები და ბებია ესწრებოდნენ. გვანცას დედამ, შორენა თვალთვაძემ, თავისი ოჯახის გასაჭირი გაგვიზიარა:
– 11 თვეა, ჩემი ქმარი გვანცას გვერდიდან არ მოშორებია, ყველგან დავყვებით. მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვდით, მაგრამ რადგან ის ადამიანი დასჯილი არ არის, სასამართლოც წავაგეთ. მე ისიც კი მეეჭვება, რამდენად სწორია ექსპერტიზის დასკვნა, რომ ის შეურაცხადია. იქნებ ეს იმისთვის გააკეთეს, რომ სასჯელი აერიდებინათ. საავადმყოფოში რატომ დამდევდნენ და რატომ მეუბნებოდნენ, სანამ დროა, ფული აიღეთო? მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში ერთი თეთრიც არ მქონდა, ფული არ ამიღია. ფული რად მინდოდა, შვილი მიკვდებოდა! გვანცას მამა მუშაობდა და ის გვარჩენდა. ახლა არც ერთი ვმუშაობთ, დედაჩემის ბინა გავყიდეთ და აქამდე იმ ფულით გავიტანეთ თავი. იმ ადამიანს ეს ყველაფერი რატომ უნდა შერჩეს?! ჩემს შვილს ფსიქოლოგი სჭირდება, ქუჩაში რომ მიდის, აქეთ–იქით იყურება. მისი ოჯახი კი სასამართლოზეც არ გამოცხადებულა, ადვოკატი დადიოდა. მოვითხოვთ, რომ ქმედუუნაროდ გამოცხადდეს! თურმე მშობლებმა იცოდნენ, რომ ავად იყო. 11 წლის ასაკიდან ნევროპათოლოგ გია ნატრიაშვილთან დაჰყავდათ. ექიმმა შიზოფრენიაზე მიიტანა ეჭვი, დედამ კი ფსიქიატრთან არ მიიყვანა, რადგან ვითომ უკეთესად გახდა. ექსპერტს, თამარ ნიკოლოზიშვილს, რომელმაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ხელი მოაწერა, სასამართლოზე კითხვა დაუსვეს, დედა შეატყობდა თუ არა შვილს, რომ ფსიქიატრთან მისაყვანი იყოო. ასეთი სისულელე გაგიგიათ? თუ მშობელი ამას ვერ ატყობდა, მაშინ ნატრიაშვილთან რატომ მიიყვანა? ან ექსპერტებს რატომ მოუყვა შვილის ავადმყოფობის შესახებ? როცა აწყობთ, შეურაცხადია და როცა აწყობთ, ჯანმრთელია. გვინდა, რომ ხელახალი ექსპერტიზა დაინიშნოს. თუ შეურაცხადია, ხანგრძლივად დარჩეს ფსიქიატრიულში და თუ ჯანმრთელია, სასჯელი მოიხადოს!
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100